მთავარი გვერდი

14 сент. 2011 г.

რისთვის მოკლეს ბიზნესმენი თემურ ყორშია (საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიება)

2011 წლის 27 იანვარს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი თემურ ყორშია მოსკოვში დააპატიმრეს, რადგან საქართველოს შსს-ის მიერ იძებნებოდა. მისი საქართველოში ექსტრადიცია 2011 წლის აპრილში უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ... 2011 წლის 25 მარტს ის საკანში „გაურკვეველ გარემოებებში“ გარდაიცვალა. მაშინ ხმა გავრცელდა, რომ ბიზნესმენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან საქართველოში ექსტრადიციის წინააღმდეგი იყო – აქ ნებისმიერ საპყრობილეში ყოფნის დიდ საფრთხეს ხედავდა.

თუმცა განსვენებულ ყორშიასთან დაახლოებულმა პირმა საიდუმლოდ აცნობა საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტს, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა, რომ ბიზნესმენის თითქმის მთელი გარემოცვა დარწმუნებულია – ყორშია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დაკვეთით იქნა მოკლული! ნათესავებმა ბიზნესმენის ცხედრის საქართველოში ჩამოსვენება შეძლეს. როგორც ინკოგნიტო წყარომ ჩვენს ჟურნალისტს პრივატულ საუბარში აუწყა, მას საშინელი წამების კვალი – მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა და, როგორც ჩანს, სწორედ ამის შედეგად გარდაიცვალა. ანუ ბიზნესმენი თემურ ყორშია სასტიკად იქნა მოკლული.


ცნობილმა ბიზნესმენმა თემურ ყორშიამ წლების განმავლობაში (ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“) ზუგდიდში ფართოდ გაშალა საქმიანობა. ის საკმაოდ დაახლოებული იყო როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ სახელისუფლო წრეებთან. ბიზნესმენი სამეგრელოში სხვადასხვა ბიზნესაქტივობებისა და უძრავი ქონების მფლობელი გახლდათ: იყო „კოკა-კოლას“, „ბორჯომის“ და სხვა მსხვილი ბიზნესკომპანიების დისტრიბუტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში; მის საკუთრებაში ირიცხებოდა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ყოფილი შენობა, რომელიც თავის დროზე სახელმწიფოსგან გამოისყიდა და ამ ადგილზე ელიტარული საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავდა, ასევე – ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი საუკეთესო სავაჭრო ცენტრი. იგი ფლობდა საოფისე ფართებს და მუნიციპალური ტრანსპორტის (ყვითელი ავტობუსები) ნაწილს, საკმაოდ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას სოფელ ანაკლიაში და საკუთარი შვილის სახელზე გაფორმებულ საცხოვრებელ ბინას თბილისში; გარდა ამისა, პურის ქარხანას ზუგდიდში და სხვადასხვა მცირე საწარმოს რეგიონის მასშტაბით.

ბიზნესმენს თითქოს ყველაფერი აწყობილი ჰქონდა, მაგრამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თემურ ყორშიასა და ხელისუფლებას შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. ბიზნესმენი მაშინ ღიად ლაპარაკობდა იმაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან უთანხმოება წილების გადანაწილების გამო დაიწყო. საბოლოოდ ყორშია ქვეყნიდან გააქციეს, თუმცა არც ეს აკმარეს. საქინფორმის საკუთარი კორესპონდენტისთვის კარგად ინფორმირებული წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, მოგვიანებით კი მოსკოვში, გადახვეწილი ბიზნესმენი წამებით მოკლეს, თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან თავი მოიკლა. საქინფორმის ჟურნალისტი ბიზნესმენთან დაახლოებულ ერთ-ერთ პირს ესაუბრა, რომელმაც, კონფიდენციალობის სრულად დაცვის პირობის სანაცვლოდ, ყორშიას ცხოვრების ბოლო პერიოდზე და მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.

ჩვენ მკითხველს ერთ-ერთ ვერსიას ვთავაზობთ – მოვლენათა ლოგიკურ ჯაჭვს, რომელიც მისი სიკვდილით დასრულდა – და ის სრულიად განსხვავდება აქამდე არსებული ოფიციალური ვერსიისაგან, თუმცა საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ მისი აბსოლუტური სარწმუნოობის შემოწმება და დადასტურება, გასაგები მიზეზების გამო, არ შეუძლია.

ინკოგნიტო (საქინფორმის ერთ-ერთი წყარო) იხსენებს, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყორშიას ყვითელი ავტობუსების შეძენა დაავალა. ბიზნესმენმა 800 ათას ლარად შეიძინა 10-მდე ავტობუსი, რომლებიც არჩევნების წინ ზუგდიდის სოფლებს ემსახურებოდა. ავტობუსების ყიდვა ბიზნესმენისთვის მომგებიანი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, როგორც მოგვიანებით თავადაც აღნიშნა ვიწრო წრეში, ხელისუფლებამ მას უბრძანა და ისიც იძულებული იყო, ბრძანება შეესრულებინა.

პირველი დაპირისპირება ბიზნესმენსა და ზუგდიდის გამგებელ ალექსანდრე ქობალიას შორის სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ამ უკანასკნელმა ყორშიას ფულით შეძენილი და მის საკუთრებაში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის გამგეობისთვის მიზერულ ფასად მიყიდვა მოსთხოვა. ყორშია ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზეწოლას ვერ გაუძლო და ქვეყნიდან გაიქცა, ზუგდიდის გამგეობამ ბიზნესმენის მიერ სესხად აღებულ 800 ათას ლარად ნაყიდი სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ მიითვისა და საკუთარ ბალანსზე გადაიყვანა.

„თემურ ყორშია ღიად ლაპარაკობდა იმაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მას წილებს სთხოვდნენ. ყორშიას უამრავი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და ამბობდა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებდა, რადგან პატიოსნად აკეთებდა თავის საქმეს და სამშობლოს ემსახურებოდა! რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა ადგილობრივი მთავრობა და პოლიცია ზუგდიდიდან გაიძურწა, ის დარჩა ქალაქში და ხმამაღლა აცხადებდა, რომ ეს არ იყო სწორი საქციელი!.. ის შეხვდა რუს სამხედროებს და სთხოვა, ზუგდიდი არ დაენგრიათ. სწორედ მისმა ამ ნაბიჯმა გააღიზიანა ყველაზე მეტად ხელისუფლება. ზუგდიდის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ, სამხარეო პროკურორმა როლანდ ახალაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ მათ სიმხდალეზე საუბარი და ბიზნესწილების დაუთმობლობა არ აპატიეს და როდესაც რუსეთის ჯარი ზუგდიდიდან გავიდა, მის წინააღმდეგ პროკურატურაში მაშინვე აღიძრა საქმე. ბიზნესმენს ბრალი სამშობლოს ღალატში დასდეს! კერძოდ, ედავებოდნენ იმას, თითქოს, ზუგდიდში მყოფ რუს ჯარისკაცებს საკუთარი ქარხნიდან პური მიუტანა. არადა, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა! პირიქით, მან საკუთარი შვილი ომის დროს ცხინვალში გაუშვა... გარდა ამისა, ყორშიამ საკუთარი ავტობუსები საკვებით დატვირთა და ის რეზერვისტები, რომლებიც ხელისუფლებამ გაწირა და ზესტაფონის ტყეში უპატრონოდ დაყარა, რამდენიმე დღის განმავლობაში გამოკვება!“, – აცხადებს ინკოგნიტო.

მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში ყორშიამ საკუთარი თვალით ნახა რეზერვისტები – ათასობით გაუწვრთნელი, ნახევრად მშიერი, შეშინებული ყმაწვილი, რომლებსაც მეთაურებიც არ ჰყავდათ – მან მთავრობის ღია კრიტიკა დაიწყო. ის ჰყვებოდა იმ უსამართლობისა და საცოდაობის შესახებ, რაც იმერეთის ტყეში ნახა და რაც, რა თქმა უნდა, მოქმედი ხელისუფლების „დამსახურება“ იყო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი აქტიური დევნა: თავდაპირველად გამაგრილებელ სასმელებზე რეგიონში დისტრიბუციის უფლება ჩამოართვეს (ცრუ მიზეზით, თითქოს თავად მწარმოებელ კომპანიას აღარ სურდა მასთან თანამშრომლობა!), შემდეგ კი პირდაპირ დაემუქრნენ დაპატიმრებით ან ქვეყნიდან გაძევებით.

ყორშიამ საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა, რადგან იცოდა, რომ დაპატიმრება ელოდა და მოქმედ რეჟიმთან ვერაფერს გახდებოდა. ბიზნესმენი უკრაინაში გაიქცა, საიდანაც მოსკოვში გადავიდა. ამის შემდეგ საქართველოში ხელისუფლებამ მას აბსოლუტურად ყველანაირი ქონება და ბიზნესი წაართვა, მათ შორის – ახალ ანაკლიაში მშენებარე სახლი, რომელიც სასტუმრო „ოქროს საწმისისა“ და „ანაკლიის“ გვერდით შენდებოდა.



(ანაკლიაში ხალხისთვის მიწების წართმევა ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. როგორც ცნობილია, ყველა ადგილობრივს, რომელთაც თავის დროზე შევარდნაძის მთავრობამ მიწები დაურიგა, სააკაშვილის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, წაართვა. ადგილობრივების ქონება უვადოდ არის გაყინული. გარდა ამისა, მათ წაართვეს საძოვრები და ბაღ-ბოსტნები, სადაც ქალაქად გამოცხადებულ სოფელში ბულვარი და ცენტრალური გზა გაიყვანეს).

რაც შეეხება ყორშიას მშენებარე სახლს, ჩამორთმევის შემდეგ მას გალავანი შემოავლეს. ჯერჯერობით უცნობია, რას აშენებენ იქ, თუმცა ანაკლიის განვითარების გეგმაში ეს ტერიტორიაც დევს. ამჟამად ყორშიას შთამომავლობას არანაირი ქონება აღარ გააჩნია. მათ ანაკლიაში მამაპაპისეული მიწებიც კი ჩამოართვეს...

ყორშიას გარემოცვა (ნათესავები, მეგობრები, ახლობლები, მეზობლები, ბიზნესპარტნიორები) დარწმუნებულია, რომ მისი მკვლელობა მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში სასტიკი შურისძიება იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და სწორედ მან დაუკვეთა წარმატებული ბიზნესმენის მკვლელობა. კონკრეტული დამკვეთების დასახელება ყორშიას ახლობლებს უჭირთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას ძირითადი დაპირისპირება ქობალიასთან, ახალაიასა და გოროზიასთან ჰქონდა, ისინი ეჭვობენ, რომ დაკვეთა სწორედ ამ „სამეულიდან“ მოდის.

(გაგრძელება იქნება)

ზუგდიდი-თბილისი, 2011 წლის აგვისტო-სექტემბერი

P.S. მკითხველთა საყურადღებოდ! საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ჟურნალისტურ გამოძიებას მოსკოვში გააგრძელებს, რადგან გვაქვს რიგი კითხვებისა რუსულ სამართალდამცავ სტრუქტურებსა და საპყრობილის დაწესებულების ადმინისტრაციასთან, სადაც დაკავებული თემურ ყორშია იმყოფებოდა. კერძოდ კი:
– საქართველოს შსს-მ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა საქართველოს მრავალ მოქალაქეზე, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც აშკარად და მშვიდად იმყოფება რუსეთის ფედერაციაში. რით, თუ არა პოლიტიკური მოტივებით, შეიძლება აიხსნას რუსი სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი ოპერატიულობა და მათი შეხმატკბილებული თანამშრომლობა ქართველ სამართალდამცველებთან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში? რით, თუ არა პოლიტიკური მოტივებით, გაამართლა საქართველოს შსს-მ მისი დაკავების აუცილებლობა: ეკონომიკური დანაშაულების გამოისობით საქართველოს სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული ზარალის მიყენებით ან, ეგებ, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენი თემურ ყორშია რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდა?

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს სამართლებრივ საკითხებში სურთ, გაეცნონ იურიდიულ დოკუმენტაციას, რომელთაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს თემურ ყორშიას საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებას მოსკოვის ერთ-ერთი ციხის საკანში: აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით და ჩატარდა თუ არა კვალიფიციური გამოძიება? რა დაადგინა სამედიცინო ექსპერტიზამ – შესაძლებელი იყო თუ არა საკუთარი ხელით იმ მრავალრიცხოვანი ჭრილობების მიყენება, რომლებიც გარდაცვლილის სხეულზე აღმოჩნდა?
– რა პირობებში იმყოფებოდა დაკავებული თემურ ყორშია? ვინ იმყოფებოდა მასთან და ვის ჰქონდა შესვლის უფლება საკანში, სადაც ის თავის ექსტრადიციას ელოდებოდა საქართველოში?

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“

9 июн. 2011 г.

მოცვის გაშენების ჰიპოთეზა საქართველოში





დღეს, ზუგდიდს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა. მან რუხი–ნაწულუკუს, 7,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, მოცვის ბაღში მიმდინარე სამუშაო პროცესები მოინახულა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტი, მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს სამ რეგიონში, აჭარა, გურია და სამეგრელოში ხორციელდება. მოცვის ბაღის გაშენება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, რომელის პირველი სავარაუდო მოსავალი 2013 იქნება.
მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ვკითხულობთ: „ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოცვის სადემონსტრაციო ბაღის გაშენება. ჰიპოთეზის გამართლების შემთხვევაში, რომ ქართული ნიადაგი მართლაც ოპტიმალურია მოცვის წარმოებისთვის, ამ დარგის განვითარება საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის“ ამავე პროგრამაში ვკითხულობთ რომ, მოცვის ნერგები აშშ–დან, კომპანია “Fall Creek Nursery“–გან იქნა შესყიდული. აღნიშნული კომპანია, ასევე მოცვის ბაღს კონსულტაციას და ზედამხედველობას ოთხი წლის განმავლობაში გაუწევს.
მოცვის ბაღის მმართველის, მერაბ კუკავას თქმით – „აღნიშნული ბაღის ტერიტორია სოფლის მეურნეობის სამინტროს მიერ იქნა შესყიდული. აქ იყო გაველურებული ჩაის პლანტაცია. დაქირავებული გვყავს 50 მუშა ხელი. ხოლო ხელფასს გამომუშავების მიხედვით ვუხდით და ერთი ძირი მოცვის დარგვა 10 თეთრი ღირს.“
მოცვის გაშენების ერთ–ერთ ტექნოლოგიას წარომადგენს წაბლის ნახერხში ნერგის გამოყვანა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე დამპალი ნახერხის სუნი იდგა. ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ. – აქ საშინელი მყრალი სუნი დგას, სახლი ვერ გაგვინიავებია. ოჯახში ორი მცირეწლოვანი გვყავს. დღე და ღამე ამ ჰაერით ვსუნთქავთ და ამის გამო ბავშვები სულ ახველებენ. თუ ნახერხს სუნი მალე არ გაუვიდა აქ ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.ქარიან ამინდში ეს ნახერხი ეზოში და სახლში მიმოიფანტება. გვითხრა ნათელა ბერიშვილმა.
აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აკრედიტაციის არ ქონის გამო, უშუალოდ პრეზიდენტის ჩამოსვლის დროს “სამეგრელოს ქრონიკა“–ს ადგილზე მოშაობის საშუალება არ მისცეს.

ლორა ქობალია
სოფო ხუბულავა

21 апр. 2011 г.

დღეს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1970 წელს დაარსდა. ინიციატივა ამერიკელ სენატორ გეოლორდ ნელსონს ეკუთვნის. იგი ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც სანტა-ბარბარას საბადოდან ოკეანეში ნავთობი ჩაიღვარა, რამაც წყლის ბინადრების დახოცვა გამოიწვია.
ამ თარიღს ყოველწლიურად მსოფლიოს 176 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, აღნიშნავენ. მილიონობით მოხალისე გარემოს დაცვის მიზნით ისეთ აქციებში მონაწილეობს, როგორიცაა: ბაღებისა და სკვერების გამწვანება, დასუფთავება, ელექტროენერგიის დაზოგვა და ა.შ.
ამ დღეს, გარემოს დამცველები საზოგადოებას დედამიწის დაცვისაკენ მოუწოდებენ და იმ საფრთხეს შეახსენებენ, რომელიც გარემოსადმი ადამიანის უდიერ დამოკიდებულებას შეიძლება მოჰყვეს.

13 апр. 2011 г.

14 აპრილი დედაენის დღეა
























1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
კრემლის გადაწყვეტილებას მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. მთავრობა იძულებული გახდა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რისი პირობაც მათ ცეკას მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ მისცა.
შესაბამისად, კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

12 апр. 2011 г.

„სახალხო კრების“ აქტივისტები ზუგდუდში

















დღეს ზუგდიდში, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ორგანიზაციული ბიუროდან ავტო კოლონა ჩამოვიდა. „სახალხო კრების“ აქტივისტებმა ქალაქი „სამართალი მოდის“ შეძახილებით შემოიარეს. კოლონის ბოლო გაჩერება ზუგდიდში რუსთაველის #89 არსებულ რეგიონალურ ოფისში იყო. როგორც პარტიის წევრებმა გვითხრეს მათი ეს მსვლელობა არის ქვეყანაში არსებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების წინაპირობა. ასევე მათი თქმით სულ რამდენიმე დღეში იგეგმება სხვა ტიპის აქტივობები, რაშიც საზოგადოება ჩაერთვება. „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მანანა მანაგაძის თქმით – ჩვენი ჩამოსვლა არის ზოგადად იმ დიდი დაუმორჩილებლობის ერთერთი ეტაპი, რომლისკენაც მივდივართ ჩვენ ყველანი. ჩვენი პარტიის კონკრეტული გეგმები გამოცხადდება 2 მაისს და გაიგებს სრულიად საქართველო იმ გეგმების და თარიღის შესახებ, როდესაც სრულიად საქართველო შემოუერთდება ამ პროცესებს.
„სამეგრელოს ქრონიკის“ კითხვაზე, მსვლელობისას იყო თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი. გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით მზგავს ქმედებას ადგილი არ ქონია. –პირიქით მე ძალიან მსიამოვნებს ის განწყობა , რომელიც ჩვენ გზაზე გვხვდება. განცხადება, რასაც აკეთებს ხელისუფლება, რომ ხალხში უნდობლობაა და საზოგადოება არ არის მზად ცვლილებებში მონაწილეობის მისაღებად და დაბალი იქნება აქტივობა, მინდა უთხრა მათ, რომ ნამდვილად გაუცრუვდებათ იმედები. ის განწყობა, რაც ჩვენ ამ გზის გავლაში ვნახეთ არის ძალიან დადებითი და საზოგადოება ნამდვილად არის მზად იმ პროცესებთან მიერთებისთვის, რასაც „სახალხო კრება“ და მთლიანად დაუმორჩილებლობა ქვია.
პარტიის ახალგაზრდულ რიგებში კი თვლიან, რომ მათი გაერთიანება ბოლოს მოუღებს ქვეყანაში არსებულ რეჟიმს. მათი მთავარი ლოზუნგი არის, „ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ და „ ძალადობა ბოროტებაა!“ ახალგაზრდული კომიტეტის წევრი გოჩა მესხიას თქმით – გვინდა, რომ ამ რეჟიმს დაუპირისპირდეთ და ბოლო მოუღოთ ძალადობას. ხალხის განწყობა არის ძალიან დადებითი, რაც საბრძოლო მუხტს გვმატებს. ჩვენ ახალგაზრდები გაერთიანებულები ვართ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.