მთავარი გვერდი

10 нояб. 2009 г.

სოზარ სუბარი _ "ნატო სულაც არ არის პიარტრიუკებისათვის გამოსაყენებელი თამა'"


ყოფილ სახალხო დამცველს სოზარ სუბარის, უფლებამოსილება მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ამოეწურა. სუბარი სახალხო დამცველის პოსტიდან ირაკლი ალასანიას პარტიაში წავიდა და აქტიურ პოლიტიკურმოღვაწეობას

აპირებს. სუბარი სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის დროს ხალხს მკვეთრი განცხადებებით და ხმაურიანი საპარლამენტო მოხსენებებით დაამახსოვრდა. ყოფილი ომბუდსმენი კარგად ფლობს ინფორმაციას თუ რა დარღვევები არსებობდა ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობაში. სოზარ სუბარის პირველი, ვრცელი ინტერვიუ რადიო `თავისუფლების~ ბლოგზე შედგა, პოლიტიკაში გადაბარგებულ უფლებადამცველს შეკითხვებს ბლოგის სტუმრები უსვამდნენ. ჩვენ შევეცადეთ, სოზარ სუბარის, რადიო თავისუფლების~ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუს ყველაზე საინტერესო დეტალები თქვენამდე მოგვეტანა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, თუმცა პრეზიდენტის ნათქვამიდან განსხვავებით ხშირია შემთხვევები, როცა დიდი ზარ-ზეიმით გახსნილი საწარმოები მალევე იხურება, ამ პრობლემას და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს ტერორზე სოზარ სუბარი შემდეგნაირად საუბრობს _ `თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია (ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები ქაღალდები, ნაკლები დროისა და ფულის ხარჯვა), არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებაა ადვილი. საქართველოში პრობლემა ისაა, რომ ბიზნესი პოლიტიზებული და მონოპოლიზებულია და გადანაწილებულია ხელისუფლების წარმომადგენლებს (კლანებს) შორის. ბიზნესს, რომელიც არ არის ხელისუფლების ან, მინიმუმ, არ არის ხელისუფლების მიმართ ლოიალური, არსებობის შანსი პრაქტიკულად არა აქვს. როცა ბიზნესის დაწყება ძალიან ადვილია, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მომხმარებელთა უფლებები არ იქნება დაცული. მაგალითად, საქართველოში არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, ძალიან სუსტია (უმრავლეს სფეროში კი საერთოდ არ არსებობს) სახელმწიფოს კონტროლი ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქციის წარმოებაზე, როგორიცაა ფარმაცევტული სფერო, კვების მრეწველობა, მშენებლობის ხარისხი და უამრავი სხვა. ეს კი სერიოზულად არღვევს მომხმარებელთა უფლებებს. შესაბამისად, საქართველოში ბიზნესი მთლიანად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, მომხმარებელი კი სრულიად დაუცველია ფალსიფიცირებული და მავნე პროდუქციისგან.~ სოზარ სუბარი ამბობს, რომ `ბიზნესის დატერორების და ზეწოლის ფაქტების გამოძიება ვერ მოხერხდება, მანამ სანამ ის ვინც უნდა გამოიძიოს და ის ვინც, ზეწოლას ახორციელებს, ერთი და იგივე ხალხია (მაგ. „შირნჰოფერის“ საქმე, „ბადაგონის“ საქმე, ბადრი პატარკაციშვილის, ქიბარ ხალვაშის, შალვა ობგაიძისა და სხვა ბიზნესმენების დევნის ფაქტები).~

ამის შემდეგ სოზარ სუბარს კითხვა, საყოველთაოდ ცნობილ მოსმენებზე დაუსვეს და უკანონო მოსმენების აკრძალვის საერთაშორისო მექანიზმებზე კითხეს _ `მთავრობის მხრიდან მოქალაქეთა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ეს არის ხელისუფლების შტოებს შორის რეალური ბალანსის დამყარება: თუ არ იქნება სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც გააკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში, მოაწყობს საპარლამენტო მოსმენებს და შექმნის პარლამენტის საგამოძიებო კომისიებს ქვეყნისთვის მტკივნეულ საკითხებზე; თუ არ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ითამაშებს რეალური არბიტრის როლს; თუ არ იქნება ძლიერი და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია; თუ ინფორმაცია არ იქნება თავისუფალი, მაშინ ვერანაირი საერთაშორისო ბერკეტი ვერ დაგვიცავს უკანონო მოსმენებისგან.~ სოზარ სუბარი თვლის, რომ აშშ-ში უოტერგეიტის გახმაურებული საქმის გამოძიება შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ იქ დემოკრატიაა. ყოფილი სახალხო დამცველი ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის აღიარებაზე საუბრობს, სადაც პრეზიდენტმა სატელეფონო მოსმენების არსებობა ამერიკული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა _ `სააკაშვილმა ფაქტობრივად აღიარა ჟურნალ „ნიუსვიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომ ხელისუფლება უკანონოდ უსმენდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მათ შორის, პარლმენტის წევრებსა და მინისტრებს, მაგრამ ამ აღიარებას არ მოჰყვა არანაირი შედეგი მარტივი მიზეზის გამო - არ არსებობს დემოკრატიული სისტემა, რომელიც ამას დაუპირისპირდება.~

ცნობილი ფაქტია, რომ სოზარ სუბარზე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ძალადობა განხორციელდა, თუმცა სუბარს საჩივარი არ შეუტანია. კახა ლომაიამ კი განაცხადა, რომ სუბარი არავის უცემია, ამ საკითხს კი სოზარ სუბარი ასე პასუხობს: _ `ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ჩვენება მივეცი მეც და მისცა ამ ფაქტის თვითმხილველმაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც ჩავიტარე - შესაბამისად, საჩივრის შეტანის აუცილებლობაც არ არსებობდა. გარდა ამისა, ამ ფაქტს 7 ნოემბრიდან რამდენიმე დღეში მკაცრი შეფასება მისცა და მისი გამოძიება მოითხოვა ევროპარლამენტმა. თანაც, იმ ფონზე, როდესაც სპეცრაზმელებმა სცემეს ათასობით ადამიანი, მათ შორის 700-მდე საავადმყოფოში მოხვდა, ხოლო არაერთმა მოქალაქემ სერიოზული დაზიანებები მიიღო, არ მიმაჩნდა სწორად, ზედმეტი ხმაური ამეტეხა ჩემს ცემაზე. კარგად მესმის, რას ნიშნავს, როცა სპეცრაზმი ომბუდსმენს სცემს, მაგრამ რადგან ეს ომბუდსმენი მე ვიყავი, ამ ფაქტს ვერ დავაყენებდი სხვა ადამიანების ცემაზე მაღლა. თუმცა, გამოძიების დამთავრებას დღემდე ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ.~

სოზარ სუბარს ამის შემდეგ კითხვა საქართველოში დემოკრატიის განვითარების შესაძლებლობებზე და ამ პროცესში საზოგადოების მზაობაზე დაუსვეს. ყოფილი სახალხო დამცველი თვლის, რომ ქართული საზოგადოება მზად არის დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის _ `ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ არ გვინდა შიშში ცხოვრება, არ გვინდა, გვიყალბებდნენ არჩევანს, ვერ ვიტანთ ღირსების შელახვას, გვსურს, იყოს სამართლიანობა და კანონის წინაშე ყველანი ვიყოთ თანასწორი. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო წლებს, ნათლად დავინახავთ, რას ვითხოვდით ხელისუფლებისგან: შევარდნაძის წინააღმდეგ უკმაყოფილება ტოტალურმა კორუფციამ გამოიწვია, ხოლო არჩევნების გაყალბებამ უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოიყვანა; სამი წლის შემდეგ, იგივე ადამიანები უკვე უსამართლობისა და კანონის წინაშე უთანასწორობის განცდამ გამოგვიყვანა ქუჩაში. ძალიან სიმპტომატური იყო ლოზუნგი, რომელიც აერთიანებდა 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს - „არ მეშინია!~ ამ მოკლე ფრაზაში ჩაეტია ჩვენი საზოგადოების მთელი გულისტკივილიც და მოთხოვნაც - ჩვენ გვინდა თავისუფლება და არ გვინდა დაბრუნება საბჭოთა კავშირში.~

სოზარ სუბარს ერთ-ერთმა ბლოგერმა `ნატოსტან~ დაკავშირებით ასეთი კითხვა დაუსვა _ `გაიხსენეთ მაპის ეგზალტირებული მოლოდინი; მაპის არმიღების შემდეგ პიარისტერიკის გაჩაღება იმის შესახებ, რომ მაპზე უარის თქმა უფრო მაგარი რამეა, ვიდრე მაპის მიღება და შემდეგ საყვედურები მეგობარი სახელმწიფოების მიმართ, მაპი რომ მიგვეღო, ეს ამბავი (ომი და ოკუპაცია) არ დაგვემართებოდაო.~ სოზარ სუბარი საქართველოს მოქალაქეებისათვის მეტად საინტერესო კითხვას შემდეგნაირად პასუხობს _ `სინამდვილეში ნატო სულაც არ არის საყვირალი, მუშტების საქნევი და პიარტრიუკებისთვის გამოსაყენებელი თემა და იგი გლობალურ კონტექსტშია განსახილველი. ჩვენი მეგობარი ის ქვეყნები, რომლებიც თავს იკავებდნენ საქართველოს ნატოსთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე, ამას ჩვენდამი ცუდი განზრახვით კი არ აკეთებდნენ, არამედ ეს იყო იმ რეალობისთვის თვალის გასწორება, რომ ამ ეტაპზე ნატოს არ შეუძლია საქართველოს სამხედრო ძალით დაცვა და ამ თვალსაზრისით ჩვენ ილუზიები არ უნდა შევიქმნათ. დღეს სერიოზული პოლიტიკოსები და ექსპერტები შეთანხმებულნი არიან იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი რომც ყოფილიყო, ნატო მაინც არავითარ შემთხვევაში არ აამოქმედებდა წესდების იმ მუხლს, რომელიც თავისი წევრის სამხედრო ძალით დახმარებას ავალდებულებს და არ დაიწყებდა მესამე მსოფლიო ომს. და მადლობა ღმერთს, რომ ასეა, დიდი მიხვედრა არ უნდა, რა ხეირს დააყრიდა ჩვენს ქვეყანას ამგვარი დახმარება, ანუ მის ტერიტორიაზე დაწყებული კონფლიქტი ორ სამხედრო გიგანტს შორის.~

ყოფილი სახალხო დამცევლი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის მაგალითზე დაყრდნობით ამბობს, რომ მან როცა კანონს გადაუხვია კარიერა დაამთავრა _ `როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ნიქსონის ბიძაშვილი რომ მიდგომოდა ფორდის ქარხანას, დღეიდან 50%-ში თუ არ ჩამსვამ, ფინანსურს შემოგისევო? მოკვდებოდნენ სიცილით. ასე რომ მეგობარ-ნათესავთა უეცარი და, რაც მთავარია, უსამართლო(!) გამდიდრების თემა უსამართლო სახელმწიფოს ერთ-ერთი გამოვლინებაა და მას არ უშველის რომელიმე პრეზიდენტის თუ თანამდებობის პირის პიარპრესკონფერენციები, რომ არ დაუშვებს ნეპოტიზმს და ახლობლების აღზევებას. კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ასეთი ტიპის პრობლემები არ არსებობს. თავისთავად კარგია და იმედის მომცემი, რომ ასეთი უსამართლობები გვაბრაზებს და ნერვებს გვიშლის, ეს ნიშნავს, რომ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ავაშენოთ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო! ნუღარ გადავდებთ, დავიწყოთ... ~

პაატა ლაგვილავა