გაერთიანებული ოპოზიციის პროტესტის ერთ-ერთი ფორმა `თბილისი კარვების ქალაქი,~ დედაქალაქიდან ზუგდიდში გადმოინაცვლა. ხუთი საკანი ბულვარში, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გასწვრივ იდგა და მასში 12 პირობითი პატიმარი `ცხოვრობდა~. პირობითი პატიმრები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტს მომღერალი შადრევნის სიმღერის `მიშა მაგარიას~ ფონზე გამოხატავდნენ. საზოგადოების ერთი ნაწილი `საკნების აქციას~ აფასებდა, როგორც ,, სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის ერთ-ერთ ფორმას.~ მეორე ნაწილის მტკიცებით კი `იქ ყველა უსაქმური იჯდა და ამ ფორმით, რაღაცის შეცვლას ცდილობდა.~ ზოგიერთები ამბობდნენ, რომ `ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ამ ხელისუფლებისთვის დრო კიდევ უნდა მიეცათ.~...
2009 წლის 19 ოქტომბერს მოძრაობა `დაიცავი საქართველოს~ ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე ზუგდიდში ჩამოვიდა და `საკნების~ პორობით პატიმრებს ახალი სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე მოსული ადამიანები, რომლებიც თავიანთ პრობლემებზე საუბრობდნენ გვითხრეს, რომ `არც გაჩეჩილაძის იმედი აქვთ და არც სააკაშვილის. ესენი, ყველანი ერთნაირები არიან. მთავრობაში მოსვლა ყველას უნდა. მაგრამ მერე ხალხი ავიწყდებათ.~
ლევან გაჩეჩილაძის თქმით კი ზუგდიდიში უპრეცედენტო თავდადებას და უდიდეს ვაჟკაცობას ქონდა ადგილი ამ ექვსი თვის განმავლობაში. გაჩეჩილაძემ ხალხთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ზუგდიდიში რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან ზუგდიდელებს ვაჟკაცობა დაუწუნა. `მე მაშინ ვთქვი, რომ ვაჟკაცობა დაიწყო სამეგრელოში, ჩემს ბავშვობაში და ეხლა სად არის-მეთქი ეს ვაჟკაცობა.~ აქვე გაჩეჩილაძემ დაამატა, რომ `მას მერე ყოველდღე კახა მიქაია თავის მეგობრებთან ერთად, აჩვენებდა თითოეულ თქვენთაგანს უდიდეს ვაჟკაცობას. მათ დაამტკიცეს, რომ ზუგდიდი და სამეგრელო არის ადგილი, საიდანაც ნამდვილად დაიწყება ახლანდელი რეჟიმის დემონტაჟი და მე ჩამოვედი იმისთვის, რომ ამ გმირ ხალხს ვუთხრა უდიდესი მადლობა.~ ამიტომ, მისივე განცხადების საფუძველზე ხელოვნური საკნების ლიკვიდირება მოხდა.
ოპოზიციური მოძრაობა `დაიცავი საქართველო~ ახალ ეტაპს იწყებს. მოძრაობის წევრები ივლიან მთელს საქართველოში, დაბასა თუ რაიონში, კარდაკარ, მოძრაობაში აქტივისტების გასაწევრიანებლად. `ეხლა თქვენი ვაჟკაცობა არის გამოსაჩენი მოძრაობაში. იმიტომ, რომ სამეგრელო არის ფეხზე დასაყენებელი. იმიტომ, რომ საქართველო არის საბოლოო ჯამში დასაცავი და გადასარჩენი. მითუმეტეს ტალიავინის დასკვნის შემდეგ.~ განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე, თქმით ყველაზე დიდი ძალა არის სამეგრელოში. `ჩემო ხალხო და ძვირფასო მეგრელებო, ერთ რაღაცაში დავრწმუნდი. თუ არ იქნება აქ ის აქტივობა, რასაც ქვია ხელისუფლების შეცვლა, ხელისუფლება საქართველოში ვერ შეიცვლება. 12 პირობითი პატიმარი უნდა გადაიქცეს 12 000 აქტივისტად.~ ამ სიტყვებით დაასრულა ბრიფინგი ლევან გაჩეჩილაძემ.
მოძრაობის თბილისელი ლიდერის შემდეგ ხალხს კახა მიქაიამ მიმართა. `კარვების აქციამ ზუგდიდში თავისი როლი შეასრულა.~ თქვა მან და დაამატა, რომ თავიდან მასთან მისვლის მეგობარს და ნათესავებსაც კი ეშინოდა. `დღეს ბედნიერი ვარ, რომ მეგრელების გატეხვა არის შეუძლებელი. მე ვფიქრობ, რომ მოძრაობა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ სამეგრელოში, საბოლოოდ დაამთავრებს სააკაშვილის ხელისუფლებას. თქვენ ძალიან კარგად იცით, რაც ხდება ზუგდიდში, როგორ ბობოქრობს ახალაიების და კოდუების კლანი. როგორ მდგომარეობაშია ხალხი, როგორი დათრგუნულია სამეგრელო, მაგრამ საკნების აქციამ კიდევ ერთი მთავარი რამ უჩვენა. მათ ვერ გაბედეს ჩვენი დარბევა და ეს თქვენი დამსახურებაა ზუგდიდელებო.~ აქცია-ბრიფინგის შემდეგ მონაწილეებმა მოძრაობის `დაიცავი საქართველოს~ოფისში გადაინაცვლეს. სადაც გარემოვაჭრეებს დახურულ კარს მიღმა გაესაუბრნენ.
ლევან გაჩეჩილაძის ვიზიტიდან სულ რაღაც 20 დღეში მოძრაობა `დაიცავი საქართველოს” ზუგდიდის ოფისში 150 ადამიანი გაწევრიანდა. კახა მიქაიას თქმით მათ პირველი შეხვედრა ჰქონდათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში. შეხვედრაზე დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო მისული. როგორც მიქაია გვიყვება, `შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ოპოზიცია დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში და აიძულებს ხელისუფლებას მიხედოს სოფელს, რადგან იქ ძალიან ბევრი პრობლემაა.~ როგორც მიქაიამ მითხრა, მათ ტყაიაში წაღებული ჰქონდათ პროექტორი და შეხვედრაზე მისულ სოფლელებს უჩვენეს გაშარჟებული ვიდეო რგოლები `მიშა მაგარია~ და `ნიკოლშოუ~. მოძრაობა გასვლას გეგმავს ასევე სოფელ განმუხურში. `იქ მიშამ ხმების 150% მიიღო. მაგრამ ჩვენ მაინც ჩავალთ და ხალხს მაინც დაველაპარაკებით. ჩვენ მოვედებით პირველრიგში ზუგდიდის რაიონს და მის სოფლებს, ჩვენ ეს მუშაობა დაწყებული გვაქვს. ამბობს მიქაია.
ლორა ქობალია