
საქართველოს რეგიონებში დასაქმებული ჟურნალისტებისთვის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუდმივად ირღვევა აღნიშნული კანონით დადგენილი ნორმები. ამ მხრივ - საჯარო ინფორმაციის დამალვით - განსაკუთრებით გამოირჩევიან ძალოვანი უწყებები: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო.
პრობლემებთანაა დაკავშირებული რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების სხვა ცენტრალურ უწყებებთან ურთიერთობაც. კერძოდ, აღნიშნული უწყებების პრეს-სამსახურებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებების თანამშრომლები, ძირითადად, ინფორმაციის დამალვით არიან დაკავებულნი და ქმნიან დამატებით ბარიერებს ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას. უფრო მეტიც, ცენტრალური უწყებების პრეს-სამსახურები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) თითქმის არ თანამშრომლობენ რეგიონულ მედიასთან, ან შერჩევითი თანამშრომლობის ფორმებს იყენებენ - ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ მათთვის „სასურველ“ ჟურნალისტებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ხელისუფლებისგან მართვად ან კონტროლირებად მედია-ორგანიზაციებში.
იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო ინფორმაციის დამალვა წახალისებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ამას იგივე მონდომებით იყენებენ თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ადგილობრივ ჟურნალისტებთან ურთიერთობებისას. ინფორმაციის ასეთი შეზღუდვის პირობებში, ვერ ვახერხებთ ჟურნალისტური საქმიანობის სრულად და შეუფერხებლად გახორციელებას. მედიისთვის საჯარო ინფორმაციის დაბლოკვით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას წაართვას უფლება – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, უზრუნველყონ საჯარო დაწესებულებების რეალური და არა - ფასადური გამჭვირვალობა! დაუყოვნებლივ აღკვეთონ საჯარო მოხელეების თვითნებობა ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებისას და იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ კანონით დადგენილი ნორმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ეწევა ქვეყანაში დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის - მედიის თავისუფლების შეზღუდვას.