მთავარი გვერდი

30 окт. 2010 г.

გაზეთის „გურია NEWS" განცხადება


2010 წლის 28 ოქტომბერს, გაზეთის ჩოხატაურის ოფისში მისულ თანამშრომლებს მეტალოპლასტიკატის ორმაგი ფანჯრის მინები მოზრდილი ქვებით ჩამსხვრეული დახვდათ. მიუხედავად იმისა, რომ შენობას დაცვის სამსახური იცავს, ხოლო პოლიციის განყოფილება არც თუ დიდი მანძილითაა დაშორებული, დამნაშავეს არც არაფრის შიში ჰქონია და ხელიც არაფერს შეუშლია თავდასხმა განეხორციელებინა. სხვათა შორის, პოლიციის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ.
ეს ვანდალური ფაქტი წარმოადგენს -ლოგიკურ" გაგრძელებას, რასაც ხშირად აქვს ადგილი გურიაში საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებისადმი მუქარის, შეურაცხყოფის სახით. როგორც ჩანს, მწვავე პუბლიკაციები, ჟურნალისტური მოკვლევები, რომლებიც ამხელენ გურიაში კორუფციის, მიწების დატაცების ფაქტებს, შესყიდვებსა და ტენდერებში არსებულ განუკითხავ მდგომარეობას, მწვავე რეაქციებს იწვევენ თანამდებობის პირების მხრიდან. ჩვენ ვაცხადებთ - გაზეთის არც ერთი თანამშრომლის ფიზიკური ხელშეუხებლობა და სიცოცხლე, ამგვარ გარემოში დაცული არ არის!
გაზეთს, ჟურნალისტებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს საჯარო ინფორმაციის მასიური დაბლოკვა, მისი გამოთხოვისთვის დღითიდღე გაზრდილი გადასახადი - ერთი ჟურნალისტური მოკვლევის, სრულფასოვანი სტატიის მომზადება უკვე იმდენად ძვირი ჯდება, რომ ვერც ერთი მედიაორგანიზაცია, რაც არ უნდა გამართული მენეჯმენტი ჰქონდეს, ამ ტვირთს ვერ შეეჭიდება. უზარმაზარ ტვირთად გვაწევს სასამართლო პროცესებისთვის არსებული გადასასახადიც. ამას ემატება საჯარო მოხელეების ცინიკური დამოკიდებულება მოსახლეობისადმი, ამომრჩევლისადმი, როცა ისინი უარს აცხადებენ ჟურნალისტს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხზე მისცენ კომენტარი.
აქამდე მომხდარ არც ერთ ფაქტზე (ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის განყოფილებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების პირველი პირების მუქარები, რომლის შესახებაც მთელმა საქართველომ სიუჟეტი ტელეეთერშიც იხილა, არჩევნების დროს ჟურნალისტების შეურაცხყოფა...) გამოძიება არ ჩატარებულა, ხოლო პროკურატურიდან დღემდე სტანდარტულ პასუხებს ვიღებთ - უწყების ადგილობრივი წარმომადგენლები საჯარო მოხელეთა ამ ქმედებებში -დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ".
ამჯერად, სიტყვიერი მუქარა, რომელსაც, სხვათაშორის, წინა დღითაც ჰქონდა ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლის მხრიდან, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
გაზეთის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების სიცოცხლე, რომლებიც უმძიმეს პირობებში ახერხებენ მრავალრიცხოვანი მკითხველისთვის არგუმენტებითა და ფაქტებით გამყარებული მასალების მიწოდებას, საფრთხეშია, საფრთხეშია მათი შვილების, ოჯახების წევრების სიცოცხლეც, რადგან დაუსჯელობისა და უფლებამოსილებების განუსაზღვრელი, უკონტროლო გადამეტების გამო, გურიაში საჯარო მოხელეები დღემდე კანონებს მიღმა დგანან! ამიტომ, მთელ პასუხისმგებლობას უკვე მომხდარი ამაზრზენი ფაქტის ან მოსალოდნელი საფრთხის გამო, მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას და სამართალდამცავებს.
მივმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია სიტყვისა და გამოხატვის გაიშვიათებული ჰაერის თითოეული ნამცეცი: ამოგვიდექით მხარში, რადგან ჩვენი მოთხოვნები მარტივია - მოვითხოვთ არსებობისთვის, ჩვენი პროფესიული მოვალეობის განხორციელებისთვის ელემენტარულ უსაფრთხოებას! მოვითხოვთ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯას! მოვითხოვთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას! მოვითხოვთ საჯარო მოხელეთა კანონმორჩილებას და ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე!

გაზეთის -"გურია NEWS" რედაქცია;
გაზეთის გამომცემელი ია მამალაძე

გაზეთი ,,სამეგრელოს ქრონიკა“ და ა/ო „მედიისა და საზოგადოების სახლი“ გმობს „გურია news“-ზე განხორციელებულ ზეწოლას და მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს დროულად იქნას გამოძიებული ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტი.