მთავარი გვერდი

3 нояб. 2010 г.

„რესპუბლიკელების“ ლიდერები ზუგდიდელ აქტივისტებს შეხვდნენ


დღეს ზუგდიდში „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერები, „ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან (IRI ) ერთად ადგილობრივ „რესპუბლიკელებს“ და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ზუგდიდში პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, იდეოლოგიური მდივანი დავით ბერძენიშვილი, პარტიის რეგიონალური მდივანი ირინა იმერლიშვილი და IRI–ის პროგრამების დირექტორი ანდრია ქერბსი იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების პრობლემები, არჩევნების შემდეგ წარმოქმნილი გამოწვევების გადალახვა და ზუგდიდის ოფისის სამოქმედო გეგმები – ეს ის ძირითადი საკითხებია რაზეც შეხვედრაზე ისაუბარეს. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ეს „რესპუბლიკელების“ პირველი ფართო შეხვედრაა ზუგდიდში, უსუფაშვილის თქმით მსგავსი შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება: „ჩვენ ვაპირებთ თითოეულ პარტიის წევრს ჩავაბართ ანგარიში, გავცეთ ყველა კითხვაზე პასუხი და დავსახოთ სამოქმედო გეგმა. ჩვენ არ გვყავს ზუგდიდის საკრებულოში წარმომადგენელი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრები აქტიურად ესწრებიან საკრებულოს სხდომებს.“ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
„რესპუბლიკელების“ ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ნონა თოლორაია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: „გვინდა ვისაუბროთ საზოგადოებასთან, მივაწოდოთ ჩვენი გეგმები, პრიორიტეტები, უფრო მომზადებული ვიყოთ მომავალი არჩევნებისთვის. ჩვენ მსგავს შეხვედრებს აქტიურ ფაზაში გადავიყვანთ და ეს შეხვედრები რეგულარულად ჩვენს ოფისში ჩატარდება.“