მთავარი გვერდი

4 дек. 2010 г.

დევნილი ნანა ჭანია, დევნილთა სამმართველოს უფროსს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს


დღეს, ზუგდიდში სოფელ ოქტომბერში, აფხაზეთიდან დევნილი 3 ოჯახი, მათთვის კუთვნილი საცხოვრებელი ფართის გადაცემას ითხოვდა. დევნილები ბორჯომის ქუჩაზე, ავარიულ სახლში 17 წელია ცხოვრებენ. მათ ახალი ფართი სოფელ ოქტომბერში, ყოფილი პროფ. სასწავლებლის შენობაში დევნილთა სამმართველომ 4 თვის წინ გამოუყო, თუმცა სარემონტო სამუშაოები მათი ოთახების გარდა ყველა მობინადრის სახლს გაუკეთდა. დევნილები დღეს სამუშაოების დაჩქარებას და საბოლოოდ ფართის საკუთრებაში, გადაცემას ითხოვდნენ.
გალიდან დევნილი ნანა ჭანია ჩვენთან საუბარში, დევნილთა სამმართველოს სამუშაოების გაჭიანურებაში და მათი პრობლემის უგულებელყოფაში ბრალს სდებს: – „ლევან მიქავამ (აჭარისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს უფროსი. ავტ.) ოთხი თვის წინ ეს ფართი გამოგვიყო, საკუთრებაზე ხელი მოგვაწერინა, სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მანდ შეჩერდა ყველაფერი. მაგის მერე არაფერი გაკეთებულა. ვურეკავდით, მივდიოდით მაგრამ არანაირ ყურადღებას არ გვაქცევდა. 2 დეკემბერს დავურეკე და მითხრა წადი ერთი შენი დედა, რა გული გამიწყალეო. ვითხოვ მიქავამ ჩემი შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადოს.“
აუტანელ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს ნანა ჭანიას მეზობელი ლარისა აბშილავა: – „იქ სადაც ვცხოვრობთ, ბორჯომის ქუჩაზე აუტანელი პირობებია, სახლი ავარიულია, გვაწვიმს შარშან „ცელოფნებით“ აჭედილ სახლში გამოვიზამთრეთ. წელს კი იქ დარჩენა შეუძლებელია. რა გახდა ამ ოთახების გარემონტება, ხელი მოგვაწერინეს ჩაბარებაზე და მერე მშრალზე დაგვტოვეს.“
ჩვენ საუბარში სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელი ოთარ გულიავა აცხადებს, რომ დევილებს გარემონტებულ საცხოვრებელ ფართს ზუსტად ერთ კვირაში ჩააბარებს.
დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი ლევან მიქავა დევნილ ნანა ჭანიას სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს და ყოველივეს პროვოკაციად აფასებს. სხვა კითხვების დასმის შემდეგ მიქავამ თბილისში პრეს–სამსახურთან გადაგვამისამართა. თუმცა ცხადია, რომ შაბათს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში არავინ გვიპასუხებდა.

P.S. დევნილებთან ერთად დღეს აქციაზე ადილობრივი "რესპუბლიკელებიც" იდგნენ. "რესპუბლიკური" პარტიის ზუგდიდის ოფისის ლიდერი ნონა თოლორაია ხელისუფლებას დევნილებისთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების და დევნილთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.