მთავარი გვერდი

23 дек. 2010 г.

ჩხოროწყუს ბიუჯეტის პროექტში, თანხის მეტი წილი ხელფასებზე და სხვა ხარჯებზე მოდის


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი 2011 წელს 3 688.2 ათას ლარს შეადგენს. ჩხოროწყუს გამგეობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში კი მთლიანი მოცემული თანხის 55% (2 034.5 ათასი ლარი) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელფასებზე და ხარჯებზე მოდის.
მაშინ როცა მთავრობა ქამრების შემოჭერის პრინციპს მერამდენედ აცხადებს, ბიუჯეტის პროექტში დაფინანსება ეზრდება ჩხოროწყუს გამგეობას. თუ ის 2010 წელს 840.0 ლარს შეადგენდა, 2011 წელის ბიუჯეტის პროექტში 1 672.3 ათასი ლარია. აქედან გამგებლის ადმინისტრაციის სამსახურის 15 თანამშრომელს ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 1 190.2 ათასი ლარი შრომის ანაზღაურებისთვის აქვს განკუთვნილი. გამგეობისგან განსხვავებით ხარჯები 49 ათასი ლარით უმცირდება საკრებულოს აპარატს და 262.2 ათას ლარს შეადგენს.
ჩხოროწყუს წლევანდელი ბიუჯეტის პროექტში ხარჯების და ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხის მატების ფონზე 200 ათასი ლარით მცირდება განათლების დაფინანსება. ბიუჯეტის პროექტში დაფინანსება მნიშვნელოვნად უმცირდება: ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სოციალური სფეროს მუხლებს.
ჩხოროწყუს ბიუჯეტის პროექტში სოფლის დახმარების პროგრამის თანხები ჯერ ასახული არ არის, ბიუჯეტში ამ ტრანსფერის გადარიცხვას მოგვიანებით ელოდებიან.
საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი ბიუჯეტი წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
პაატა ლაგვილავა