მთავარი გვერდი

10 апр. 2011 г.

ფიქალის გაზი - გაზპრომის ეკონომიკური გამოწვევა

პირველი კომერციული ჭაბურღილი ფიქალის გაზის მოსაპოვებლად შეერთებულ შტატებში 1821 წელს ფლორიდაში, ნიუ-იორკში გაიჭრა. თუმცა, მისი, როგორც ალტერნატიული ენერგორესურსის განვითარება მხოლოდ 1996 წლიდან დაიწყო. დღეის მდგომარეობით ფიქალის გაზის წყალობით შტატების საერთო მოხმარების 20 პროცენტს სწორედ არატრადიციული ბუნებრივი აირი შეადგენს. ექსპერთა ვარაუდოთ ეს მაჩვენებელი შეიძლება 40 პროცენტამდე გაიზარდოს. ბოლო მონაცემებით კი შტატებში გაზის მარაგები ორჯერ მეტია ვიდრე საუდის არაბეთში ნავთობი.

ბოლო რამდენიმე წელია მოვლენები შემდეგი სცენარით ვითარდება. შეერთებული შტატები, და ზოგადად ამერიკული კომპანიები ფიქალის გაზის საბადოებს უკვე შტატებს გარეთ - ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ეძებენ. გაზის მარაგების შეფასება უკრაინისა და შეერთებული შტატების მთავრობების შეთანხმების საფუძველზე უკვე დაწყებულია. პროცესში მონაწილეობენ ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორებიც არიან "შელი", "შევრონი" და "პროდაქშენი".
უკრაინის მსგავსად შეერთებული შტატები თითქმის ანალოგიური სცენარით მოქმედებს პოლონეთში. ფორმდება ოფიციალური დოკუმენტები სამთავრობო დონეზე და მიმდინარეობს საბადოების დაზვერვითი სამუშაოები. გავრცელებული ინფორმაციით, მოპოვების ტექნოლოგიებზე ექსკლუზივი ამერიკულ კომპანიებს ეკუთვნით და მკაცრად გასაიდუმლოებულია. წინასწარი პროგნოზებით, პოლონეთში აღნიშნული გაზის მარაგები 1.5 დან 3 ტრილიონ კუბურმეტრამდეა რაც ევროპას რამდენიმე, ხოლო მხოლოდ პოლონეთს კი რამდენიმე ათეული წელი ეყოფა. უკრაინისთვის და პოლონეთისთვის ალტერნატიული ენერგორესურსები განსაკუთრეულ მნიშვნელობას იძენს.
მაგალითისთვის, პოლონეთი ბუნებივი აირის მოხმარების 70 პროცენტზე მეტს რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 70 კონცესია გაიცა პოლონეთში ბურღვითი სამუშაოების საწარმოებლად.
აღნიშნული ენერგორესურსის საბადოებისა და მარაგების შესახებ წინასწარი ინფორმაცია უკვე არსებობს ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში. მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში ინგლისმა პირველი ჭაბურღილი გაუშვა. მოპოვების ტექნოლოგიებსა და დაზვერვითი სამუშაოების შედეგებს ინგლისელები სულ ცოტა 4 წელი არავის გაუმხელენ.
რა განაპირობებს შტატებისა და ევროპის აქტიურ ძალისხმევას და, რა არის მათი მოტივაცია? აღნიშნული კითხვებით შესაძლებელია ენერგეტიკის ექსპერტს ლიანა ჯერვალიძეს მივმართოთ.
ლიანა ჯერვალიძე: „ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები არიან იმპორტიორი ქვეყნები და მათ სურთ შეამცირონ თავიანთი ენერგოდამოკიდებულება იმპორირებულ ენერგორესურსებზე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეიძლება მოპოვებული და გამოყენებული იქნას მათ ტერიტორიებზე, თუნდაც ამ რესურსის მოპოვება და განვითარება შესაძლებელი იყოს ძვირადღირებული ტექნოლოგიებით.“
ამ მოტივიციას ალბათ კიდევ ერთი ობიექტური მიზეზი უნდა დაემატოს - ეს არის განვითარებულ ქვეყნებში ენერგომატარებლების მოხმარების სწრაფი ზრდა, თუმცა ექსპერტის განცხადებით ობიექტურობა მოითხოვს მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც თან ახლავს ფიქალის გაზის მოპოვებას. პროცესი, გარდა დიდი ფინანსური დანახარჯებისა დიდ გარემოს დაცვით საკითხებთან არის დაკავშირბული. მოითხოვს ვრცელ დაუსახლებელ ტერიტორიებს და დიდი რაოდენობით წყლის რესურს. ბურღვითი სამუშაოების პარალელურად წყალთან ერთად საჭიროა ქიმიკატები, რომლებიც გრუნტის წყლებში ერევა და სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს.
ლიანა ჯერვალიძე: „ფიქალური გაზის მოპოვება გულისხმობს დიდი რაოდენობით სასმელი წყლის გამოყენებას. წყლის დიდი ჭავლებით, მაღალი წნევით ხდება წყალში შერეული ქიმიკატების დედაბორცვში შეშხურება, რომელიც შეიცავს არა ნაკლებ 40% კონცენტრაციით ნახშირბადს, რათა მოხდეს ამ დედა ბორცვის დაშლა. ქიმიური რეაგენტების სრულად ამოტუმბვა პროცესის ბოლოს ვერ ხერხდება და არის საშიშროება რომ ეს ნივთიერებები მოხვდეს გრუნტის წყლებში. ამავ დროულად ჩვენ არ ვიცით რა სახის ქიმიური ნივთიერებები ეს ვინაიდან ეს კომპანიების კომერციული საიდუმლოება ჯერ-ჯერობით."
სწორედ ეკოლოგიურ საფრთხეებზე პედალირებს ევრაზიის ყველაზე დიდი ექსპორტიორი რუსეთი, როდესაც ის ფიქალის გაზის პოტენციალის დაკნინებას ცდილობს. ევროკომისიის ოფიციალური მონაცემებით ევროპის მიერ ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რუსული გაზის წილი პროცენტულად ასე გამოიყურება:
1. ესტონეთი 100%
2. ფინეთი 100%
3. ლატვია 100%
4. სლოვაკეთი 98%
5. ბულგარეთი 92 %
6. ჩეხეთი 77.6%
7. უნგრეთი 60%
8. საბერძნეთი 76%
ქვეყანა, რომელიც ევროპის ბუნებივი აირის საერთო მოხმარების 25 % -ზე მეტს უზრუნველყოფს ამოვარდნილია იმ დიდი სცენარიდან, რომელსაც დასავლეთში უკვე დაარქვეს ფიქალის გაზის რევოლუცია.
რაც მთავარია ფიქალის გაზის მოპოვების ტექნოლოგიები გასაიდუმლოებულია და ის ექსკლუზიურად ეკუთვნის მის ყველაზე მთავარ კონკურენტს - შეერთებულ შტატებს. როგორც ჩანს, ერთადერთი, რასაც რუსული მხარე აღნიშნულ პროცესს უპირისპირებს, ესაა ე.წ. შავი პიარი. მიუხედავად ამისა მიმდინარე წელს რუსულმა კომპანია "ლუკოილმა" უკვე გამოხატა მზადყოფნა დაინტერესდეს ფიქალის გაზის მოპოვებით. ექსპერტები საქართველოდან ფიქრობენ, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირი უკვე დიდი ხანია ენერგეტიკულ იარაღად იქცა. შესაბამისად პროცესები შეიძლება რუსეთისთვის არასახარბიელო სცენარით განვითარდეს
თენგიზ ფხალაძე: “უპირველეს ყოვლისა, ეს არის ალტერნატიული წყარო რუსეთისთვის, ვინაიდან ფიქალის გაზი გაცილებით იაფია სხვა ტრადიციული ენერგორესურსებისგან. ფორმულა, რომლითაც რუსეთი ახდენს მის ბაზარზე გატანას და გაყიდვას ძალიან „საინტერესოა“, რადგან ერთი და იგივე დისტანციებით დაშორებული ქვეყნებისთვის არის რადიკალურად განსხვავებული. რაიმე ლოგიკური არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ასეთი ფასები დგინდება, არ არსებობს. ასე, რომ ფიქალის გაზი, და ზოგადად არატრადიციული ენერგორესურსი რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულ ქვეყნებს ბევრ პოზიტიურ სიკეთეს პირდება."
რევაზ გაჩეჩილაძე: „ეს ბუნებრივი გაზი საკმაოდ იაფი საწვავი იყო საბჭოთა კავშირის დროს, თუმცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნების გაზრდის შემდეგ გაზი გადაიქცა გეოპოლიტიკურ იარაღად. ყველა ქვეყანას არ გააჩნია საკუთარი ენერგორესურსი, რათა როგორმე მოახდინოს ენერგომატარებლების დივერსიფიკაცია. მართალია, ევროპაში ნორვეგიიდან, ინგლისიდან არის ბუნებრივი აირის იმპორტის საშუალება თუმცა ეს საკმარისი არ არის შესაბამისად რუსეთი კვლავ ინარჩუნებას ამ სფეროში უპირატესობას."
სავარაუდოდ, ექსპერტთა გათვლებით, უახლოეს 10-15 წელიწადში დაიწყება არატრადიციული ბუნებრივი აირის მოპოვებისა და მისი წარმოებაში დანერგვის მცდელობის ყველაზე აქტიური ფაზა. შესაბამისად სწორედ ამ პერიოდში მოუწევს რუსულ მხარეს გადახედოს მის ტრადიციულ მეთოდებს ენერგომატარებლების გამოყენების კუთხით.

[რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი]

ვიდეო ვერსია ნახეთ ლინკზე: http://www.youtube.com/watch?v=pKxQVW9dA7c&feature=youtu.be