სოფელი ფახულანი მდინარე ენგურს გაღმა მდებარეობს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სოფლის ერთერთი უბანი წყოუში კი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს ესაზღვრება და მათ ე.წ. სახმელეთო საზღვარი ჰყოფს. ადმინისტრაციული საზღვარი ყველასთვის ჩაკეტილია, გარდა სკოლის მოსწავლეებისა, რომლებიც ყოველდღიურად წყოუშის სკოლაში დადიან. სექტემბერში რუსი მესაზღვრეები ბავშვებს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევდნენ. მათ სკოლის ადმინისტრაციისგან იმ ბავშვების სია მოითხოვეს, რომლებიც ოკუპირებული საბერიოდან დადიან. მათი ეს მოთხოვნა სკოლის დირექტორმა ვახტანგ გოგოხიამ არ დააკმაყოფილა და მიზეზიც განმარტა. `ცხადია ოფიციალური პირი ვარ, მაგრამ მე რატომ უნდა მიმეწოდებინა მათთვის ინფორმაცია, მაშინ როცა არ ვიცოდი ამას რისთვის გამოიყენებდნენ. იქნებ მშობლებზე ზემოქმედების იარაღად გამოეყენებინათ.~
ამის შემდეგ რუსი მესაზღვრეები სკოლის დირექტორს დაემუქრნენ და შემოუთვალეს, რომ აფხაზეთში მის ნათესავებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ,,არავინ ყავსო აფხაზეთში, მათით დავიწყებთო და სანამ არ მოვაო არ გავუშვებთო.” სწორედ ამის შემდეგ მოხდა ყველასათვის კარგად ნაცნობი ფაქტი მოსწავლეების ჩანთებიდან დროშების ამოკაწვრა.
ადმინისტრაციულ საზღვარს ყოველდღე 44 ბავშვი გადმოდის და მათ ე.წ. საზღვრიდან სკოლამდე სასკოლო ავტობუსი ემსახურება. თუმცა მანმადე მოზარდებმა მავთულხლართები, გადათხრილი გზა, დანაღმული საცალფეხო ბილიკები უნდა გაიარონ. სკოლაში მშობელთა კრებას დევნილი ბავშვების მშობლები ხშირად ვერ ესწრებიან, ამბობს დირექტორი, რადგან მათ სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ეკრძალებათ.
სკოლის დირექტორი ვახტანგ გოგოხია გვიყვება, რომ `სკოლა ძირითადად დევნილი ბავშვების ბაზაზეა. ამ სკოლაში სულ 120 ბავშვი სწავლობს და აქედან 79% დევნილია.~ ამიტომ საქართველოს განათლების სამინისტრო წყოუშის სკოლას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
რუსი მესაზღვრეები ე.წ. საზღვარზე ბავშვებს თბილად ხვდებიან. ხშირად ეკითხებიან თუ რა ქულებს ღებულობენ გაკვეთილებზე. ხშირად კანფეტებსაც ჩუქნიან. `მე ყოველ დილით გადმოვდივარ საზღვარზე. რაღაცეებს მეკითხებიან, კარგად მექცევიან და მათი არ მეშინია. გვეკითხებიან რა ნიშნებზე სწავლობთო, როცა ვეტყვით 10 ქულა მივიღეთო, გვეტყვიან ყოჩაღები ხართო, ხუთ ქულას, რომ მიიღებთო საზღვარზე არ გაგატარებთო. ჩვენ თბილად გვექცევიან. ჩვენს მშობლებს კი ჩვენთან ერთად არ უშვებენ. მიყვება მეხუთე კლასელი მონიკა ჭურღულია.
ხარება ჯიქია მერვე კლასის მოსწავლეა ისიც, როგორც სხვები ადმინისტრაციულ საზღვარს მიღმა ცხოვრობს. მას ორი ნატვრა აქვს, იყოს მშვიდობა და სკოლაში სპორტული დარბაზი ქონდეს. `ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ ზამთარში ვერ ვთამაშობთ, რადგან სპორტული დარბაზი არ გვაქვს. ფიზკულტურის გაკვეთილს საკლასო ოთახში გვიტარებენ.~
სკოლას ნორჩი ფეხბურთელების გუნი ჰყავს, რომელმაც ზუგდიდის `ბაიას” ნორჩ ფეხბურთელებს მოუგო.