ქართული ტელეარხებით თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები გალის რაინში, ქართულ მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკეთა უკვე შეუძლებელი ხდება. `სამეგრელო ქრონიკის~ რესპოდენტები კი იტყობინებიან, რომ ბოლო დროს ადმინისტრაციულ საზღვარს მხოლოდ რუსი სამხედროები აკონტროლებენ. როგორც აფხაზეთში მცხოვრები ქართული მოსახლეობა ამბობს, რუსი სამხედროები მათთან არ კონტაქტობენ და შესაბაამისად არ ყოფილა ფაქტი, რომ მათ თხილი ან ფული მოითხოვეს.
ოქტომბრის ბოლოს ტელეარხებით გავრცელდა ცნობა, რომ თითქოს ნაბაკევში მცხოვრები ნუგზარ ხასაიას ოჯახი რუსმა სამხედროებმა გადაწვეს. ოჯახის წევრებმა კი იქიდან გამოსვლა შეძლეს. ხასაიას ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლ ინგირში ერთერთ კომპაქტურ დასახლებაში ნამდვილად ცხოვრობს. მაგრამ მათი ოკუპირებული აფხაზეთიდან წამოსვლა სულ სხვა ფაქტს უკავშირდება. ხუთი თვის წინ უცნობმა პირებმა, რომლებიც მეგრულად საუბრობდნენ და რუსული სამხედრო ფორმა ეცვათ ხასაიებს თავს დაესხნენ, გაძარცვეს და ოჯახის წევრები სატიკად აწამეს. რის შემდეგაც მათ ნაბაკევი დატივეს. ეს მოხდა 2009 წლის 13 ივლისს. მაშინ ნუგზარ ხასაიას მეუღლემ, ნესტან კვიკვიამ ქართულ ტელეარხებს ინტერვიუს ჩაწერისას უთხრა, რომ ისინი რუსმა სამხედროებმა გაძარცვეს. თუმცა ამაში დარწმუნებული არ იყო. `ჟურნალისტებს მაშინ ვუთხარი, რომ რუსულ ფორმაში გამოწყობილმა პირებმა დაგვაყაჩაღეს, მაგრამ ისიც ვუთხარი, რომ მეგრულად საუბრობდნენ.~
რა მოხდა სინამდვილეში, ვინ და რატომ დაწვა ხასაიების სახლი ოკუპირებულ ნაბაკევში? ამაზე პასუხი ნესტან კვიკვინია - ხასაიას არა აქვს და ამბობს, რომ ამის შესახებ მან ტელეფონით მეზობლისგან შეიტყო. `მეზობელმა დამირეკა და მითხრა, 8 საათი ინებოდა, როდესაც სახლიდან გამოსული კვამლი ვნახეთ და ხანძარი იყო გაჩენილიო.~ ეს ფაქტიც ტელეკომპანიებისთვის კიდევ ერთი სატელევიზიო მასალის საბაბი გახდა და როგორც ნესტან კვიკვია ამბობს ახლაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახლი რუსებმა დაუწვეს. „არ ვიცი სახლი ვინ დაგვიწვა. დღეს ჟურნალისტებმა მითხრეს – საქმეს სჭირდება და თქვი, რომ სახლი აფხაზებმა და რუსებმა დაგიწვესო. მეც ასე მოვიქეცი. თუ გინდათ, თქვენც ასე გეტყვით, თუ გაწყობთ.~ დაამატა ნესტან კვიკვია-ხასაიამ.
რაც შეეხება ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას, ბარღებში მცხოვრები მოსახლეობის თქმით ისინი ე.წ. საზღვარს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე კვეთენ. ადგილობრივები შემოვლითი გზებით ისე გადაადგილდებიან, რომ რუსი მესაზღვრეების საგუშაგოს გავლა არ უწევთ. თუმცა _ `როგორც კი `საზღვარს~ გადავკვეთთ, აფხაზები გვხვდებიან იქ, აკრეფენ ფულს და გვაცილებენ. ეს რუსებმა, რომ ნახონ არ ვიცი რა მოყვება, შეიძლება ერთმანეთი დახოცონ. აფხაზები და რუსები ერთად არასდროს მინახავს, ცალცალკე დადიან. თუ აფხაზები რუსებს შეამჩნევენ წამში გარბიან, ერთმანეთის დანახვაც არ უნდათ. თორმეტი წელია იქ ვცხოვრობ, მაგრამ მათთან პრობლემები არასოდეს მქონია. არიან ისეთებიც, რომლებსაც პრობლემები შეუქმნეს. მაგრამ სიმშვიდეა მას შემდეგ, რაც იქიდან ისეთები გამოვიდნენ, ვგულისხმობ იმ ხალხს, რომელსაც იქ არ ედგომებოდა.~ _ გვიყვება ბარღებში მცხოვრები შუა ხნის მამაკაცი.
როგორც ზემოთ გითხარით, ოკუპირებული სოფლების მაცხოვრებლები ე.წ. საზღვარს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე კვეთენ. თუმცა მათ აფხაზეთიდან სამეგრელოში ტვირთის გადმოტანა და პირიქით - ეკრძალებათ და როგორც იქაურები ამბობენ ასეთ შემთხვევაში აფხაზ სამხედროებთან და ქართველ მესაზღვრეებთანაც კი პრობლემები აქვთ. `საზღვარზე გადასვლის დროს აფხაზებს ხუთ ლარს ვაძლებთ. მაგრამ თუ თხილი მოგვაქვს რამდენი ტომარაც არის იმდენ ხუთ ლარს ვიხდით. გუშინ თხილი რომ გადმოვიტანე 50 ლარი გამომართვეს. ჩვენების მხრიდანაც გვექმნება პრობლემები, საწვავის გადატანაზე უარს გვეუბნებიან, აფხაზებთან მიგაქვთო. ყურძნის გადატანაზეც შემიქმნეს პრობლემა, არ შეიძლება გადატანა, წადი და გამგებლის საბუთი მოიტანე, რომ სახლისთვის მიგაქვსო. ჩვენი იქ ყოფნა ისედაც გაუსაძლისია და კიდევ გვიმატებს ეს ხალხი. რაც შეეხება რუსებს ისინი არც ფულს ითხოვენ და არც თხილს. სოფელშიც იშვიათად შემოდიან. აფხაზები კი ყოველდღე დადიან, გვეუბნებიან დაგიცავთ და ოჯახიდან ათ-ათი კილო თხილი მოგვეცითო.”_ ამბობს ბარღებში მცხოვრები შუახნის ქალი.
`გალში წასვლა არ არის პრობლემა. სოხუმშიც ვიყავი, იცით რა ხდება სოხუმში? ყოველ ნაბიჯზე მშენებლობები მიმდინარეობს, გზები უკვე დააგეს. სოფელ ბარღების მოსახლეობის უმეტესობა სოხუმშია წასული, მშებლობაზე სამუშაოდ. თუ გინდა წაგიყვანთ და სოხუმშიც ჩაგიყვანთ. გზაზე არავინ გაგაჩერებს და არც არავინ გკითხავთ სად მიდიხართო. თუ გინდათ მიშასაც წავიყვან სოხუმში... ამ ბოლო დროს იმდენი სამშენებლო ტექნიკა შემოიყვანეს, მგონი მთელი აფხაზეთს ეყოფა. ფიჩორში უკვე დაწყებულია მაღალ სართულიანი სახლების მშენებლობა, როგორც ჩანს რუსები ზურგს იმაგრებენ. საზღვრებს ყველგან რუსები აკონტროლებენ. რაც შეეხება პასპორტიზაციას, გაყინულია და არავინ არაფერს ამბობს. გავიგე რუსები ამბობენო ეს აფხაზური პასპორტი არაფერია და მალე რუსულ პასპორტებს შემოვიღებთო. აი, მაშინ კი ზუსტად ვიცი იქიდან წამოსასვლელი იქნება.~ – გვიყვება ოკუპირებულ სოფელ ქვემო ბარღებში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, რომელიც დე ფაქტო მთავრობამ 12 დეკემბრისთვის დანიშნა, გალელებმა არფერი იციან, რადგან საარჩევნო კამპანია გალის რაიონში ჯერ არცერთ პარტიას თუ საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაუწყია. თუმცა, როგორც გალელები ამბობენ ეს დიდად არ ანაღვლებთ, რადგან ფიქრობენ, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, იქ მდგომარეობა მაინც არ შეიცვლება. `არჩევნებისთვის მზადება ჯერ არა დაწყებული. მაგრამ მოსალოდნელია იმ დროს დაიძაბოს სიტუაცია. გავიგე ბაღაბშსაც ეშინიაო. მე ხმის მისაცემად არასოდეს წავსულვარ. არც ახლა წავალ, რადგან ვინც არ უნდა მოვიდეს ჩვენ სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება. ისე არც არასოდეს უთქვამს ვინმეს გინდა თუ არა არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობაო.~
ცნობისთვის, თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია 2 ნოემბერს დასრულდა. მათი დოკუმენტების კანონთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ გადაწყდება, ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში 12 დეკემბერს.
თვითაღიარებული აფხაზეთის ექსპრეზიდენტთან, სერგეი ბაღაბშთან ტანდემში იბრძოლებს ალექსანდრე ანქვაბი - ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. მათ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ ოპოზიციონერი კანდიდატები: ბიზნესმენი და ოპოზიციური პარტიის ”ეკონომიკური განვითარება” კანდიდატი ბესლან ბუტბა, აფხაზეთის საზღვაო ფლოტის დირექტორი ზაურ არძინბა, ფილოსოფიისა და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ვიტალი ბგანბა. ყველა ამ კანდიდატს ოპოზიციური ძალები უჭერენ მხარს.
ვისი მხარდაჭერით და ვისთან ერთად იბრძოლებს ექს ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა? თავად რაულ ხაჯინბა საინიციატივო ჯგუფმა წამოაყენა და არა ოპოზიციამ. კანონის თანახმდა, ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს. კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო დღემდე ხაჯინბას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ცნობილი არ იყო. იგი არის ოპოზიციონერი ვასილ ავიცბა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, აფხაზეთის ექსპრეზიდენტ სერგეი ბაღაბშის ოპოზიციონერი და თვითგამოცხადებული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას მომხრე.
აფხაზეთის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეები, თავისუფლად ფლობეს სახელმწიფო ენას - აფხაზურს, იყოს 35-დან 65 წლამდე ასაკის, ბოლო 5 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთში. პრეზიდენტს ირჩევენ 5 წლით და ერთ კანდიდატს შეუძლია მიმდევრობით, ორჯერ იყოს არჩეული.
სოფო ხუბულავა