
არჩევნები დე-ფაქტო აფხაზეთში 12 დეკემბრისთვის არის დანიშნული. აფხაზეთში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების სამაგალითოდ ჩასატარდებლად ყველაფერს გააკეთებენ. ვის ელოდებიან აფხზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტად, რამდენად რეალურია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, რატომ არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთნ, რა შეცდომები დაუშვა საქართველოს მთავრობამ ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების საკითხში, როგორ უნდა მოვიქცეთ სიტუაციის ნორმალიზაციისათვის, რა ხდება აფხაზეთში რეალურად და რატომ შეწყდა პასპორტიზაციის პროცესი, ამ თემებზე ჩვენ კონფლიქტოლოგ, პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ:
_ ბატონო პაატა, რაიმე სახის მოლაპარაკების პროცესი თუ მიმდინარეობს ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის და საინტერესოა, თქვენ თუ ხართ ჩართული ამ პროცესში?
_ ერთადერთი მოლაპარაკების პორმატი რაც არსებობს ეს არის ეწ. ჟენევის ფორმატი, რომელიც მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების შესაბამისად შეიქმნა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის ყველანაირი ურთიერთობა შეწყდა, გაუქმდა ყველა ხელშეკრულება, გამომდინარე აქედან საქართველოში არსებულ კონფლიქტებს დღეს არანაირი ნორმატიული აქტი არ არეგულირებს, გარდა ჟენევის ფორმატისა, თუმცა ამ ფორმატში მხარეები ოფიციალურად არ არიან წარმოდგენილნი. აქ ვერც კი დაადგენ რაზეა საუბარი და ყველა მხარე წარმოდგენილია როგორც ექსპერტი.
_ თქვენ ჩართული ხართ სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრებში, არ პოზიცია აქვს აფხაზ საზოგადოებას, იგივე შემრიგებლობის პოლიტიკაზე, ადამიანური ურთიერთობების აღდგენაზე და ასე შემდეგ?
_ აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან სააკაშვილი არის ხელისუფლებაში და ის კმაყოფილა, თვლის, რომ სწორად მოიქცა, არ ნანობს თავის გადაწყვეტილებებს, თან ამ ყველაფერს საქართველოს საზოგადოება ისმენს, ითმენს და თან ხმას არ იღებს ესეიგი ომი სწორი ყოფილა. და თუ ომი სწორი ყოფილა, რა გვინდა საქართველოსთან, რომლის საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეწინააღმდეგება სააკაშვილის პოზიციას?!
_ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ვიცით, რომ ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა, მაგრამ მანმადე აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარების რა პერსპექტივები არსებობდა?
_ 2008 წლის მოვლენები იყო ბოლო ნაბიჯი უფსკრულისაკენ. მაგრამ პროცესი გაჩერდა ჯერ კიდევ 2006 წლის აგვისტოში, როცა კოდორის მოვლენები დაიწყო. ჩვენ გავწყვიტეთ აფხაზებტან ურთიერთობები 2006 წელს და ამ კრიზისამდე ხელისუფლებიდან გაუშვეს იარაკლი ალასანია და გოგა ხაინდრავა. ალასანია ძალიან კარგად მუშაობდა აფხაზეთზე და ხაინდრავა აფხაზეთზეც და ოსეთზეც. ისინი ნელ-ნელა და წარმატებით ახორციელებდნენ დიალოგს. ალასანია-ხაინდრავას ჩამოშორების შემდეგ მეორე უკანგადადგმული ნაბიჯი იყო, როცა ჩატარდა არჩევნები ახალგორში და აღდგა სტალინის მიერ არაკანონიერად შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა და სანაკოევი დაგვისვეს პრეზიდენტად. კოდორის მოვლენებით გაუქმდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და სანაკოევის დანიშვნით გაუქმდა ქართულ-ოსური ურთიერთობები. მე ხელისუფლებას 2006 წლამდე არ ვაკრიტიკებდი. კარგად მუშაობდნენ, შამბა ჩამოვიდა თბილისში, შარდენზე ისადილა. აქ არძიმბაც ჩამოსულა, მაგრამ ის გაეროს თვითმფრინავიდან, გაეროსვე მანქანით გაეროს ოფისში მიდიოდა. სწორედ შამბა გამოვიდა პირველად ქუჩაში. მან ჩამოიტანა ძალიან სერიოზული დოკუმენტი რომელსაც `მომავლის გასაღები~ ერქვა. იქ მიუღებელი პუნქტებიც იყო, მაგრამ ძალიან ბევრი მისაღები ეწერა.
_ თუმცა მანმადე რა შანსები გვქონდა, რას ითვალისწინებდა იგივე სერგეი შამბას `მომავლის გასაღები~?
_ის ითვალისწინებდა თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს, შეცდომების აღიარბას, შავი ზღვის ევროკავშირთან ინტეგრაციას და აშ. ასევე ითვალისწინებდა რკინიგზის გახსნას, ენგურჰესის უფრო ეფექტურ ექსპლუატაციას და იყო კიდევ უამრავი სხვა საკითხი, სადაც ჩვენ შეგვეძლო საერთო ენის გამოტანა. ჩემი პოზიციაა, რომ ოსები და აფხაზები ჩავითრიოთ რაც შეიძლება მეტ საერთო საქმეში. მე ყოველთვის მომხრე ვიყავი რკინიგზის გახსნის, რადგან აფხაზები უფრო მეტად მიებმებოდნენ ქართულ ეკონომიკას. მე მგონი, რომ საჭირო იყო ამ საკითხების განხილვა, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ ჯერ დევნილების დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა _ ნუ ეს არასერიოზული მიდგომა იყო. ჩვენ თავიდანვე არასწორად მოვექეცით აფხაზებს. თუ დავსაჯეთ მხედრიონელები, რომლებმაც ააწიოკეს სამეგრელო, რატომ არ დავსაჯეთ ის ხალხი ვინც იგივე გააკეთა აფხაზეთში. ამით ხომ გავმიჯნეთ აფხაზეთი დანარჩენი საქართველოსთვის და პრიორიტეტად ავიღეთ მაგალითად სამეგრელო და არა აფხახაზეთი.
_ იარაკლი ალასანიაზე საუბრობენ, რომ აფხაზებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაში გამოიხატებოდა ეს?
_ ალასანიას გაშვება არ შეიძლებოდა, მან აფხაზეთის საკითხში სერიოზულ წარმატებას მიაღწია. მუშაობის დაწყებისთანავე ჩავიდა აფხაზეთში და აღადგინა 2001 წელს გაჩერებული სამი სამუშაო ჯგუფი (დევნილების დაბრუნების, სოციალური და ეკონომიური საკითხების მოგვარების ჯგუფები. ავტ.). ალასანია ძალიან ეფექტური იყო და სწორედ ამ ეფექტურობას შეეწირა და ამიტომაც გაუშვა ის სააკაშვილმა პოლიტიკიდან. სააკაშვილს არ სურდა ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია. ამით რუსეთის როლი ეცემოდა, სააკაშვილის მთავარი ამოცანა კი იყო რუსეთის როგორც მტრის ხატის წარმოჩენა. ამ პერიოდში ახლოვდებოდა ადგილობრივი არჩევნები და სააკაშვილს უნდოდა წარმატება. ამიტომაც შეიჭრა კოდორში და ხალხს აჩვენა, რომ ეს არის აფხაზეთის დაბრუნების პირველი ნაბიჯი, არადა კოდორი ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო. მან კოდორის მოვლენით დაანგრია სამშვიდობო ოპერაცია. სააკაშვილს არჩევნებში წარმატება ურჩევნია აფხაზეთის გრძელვადიან პერსპექტივას.
_ ამ სიტუაციაში როდესაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთი, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, თქვენი როგორც ექსპერტის აზრი ვფიქრობ საინტერესოა.
_ ყვალაზე კარგი გამოსავალია აღიაროს შეცდომები და გადასდგეს. მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები, კარგად ვიცით რომ სააკაშვილი ამას არ გააკეთებს. რეალურად ის მაინც უნდა გააკეთონ, რომ შეინარჩუნონ გალის რაიონში ქართული მოსახლეობა და თავი დაანებონ მათ `დარევბოვკებას.~ მისცენ მათ საშუალება აფხაზური პასპორტები აიღონ და ჩაერთონ აფხაზეთის პოლიტიკის წარმართვაში. ხელისუფლება კი პირიქით მათ მოღალატეებს უწოდებს არადა ეს ადამიანები გმირები არიან. ჩვენ ხელისუფლების შეცდომებზე ვსაუბრობდით და ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშა მთავრობამ როცა გალის რაიონში არჩევნების ჩაშლას ცდილობდა. ანუ რა გამოდიოდა, თუ არჩევნებს ჩაშლიდა გალში და ვერ ჩაშლიდა გუდაუთაში, გაგრაში, სოხუმსა და ოჩამჩირეში რა იქ, ესეიგი არჩევნები ჩატარდა?! პირველ რიგში, აი ასეთი პოლიტიკა უნდა შეწყდეს.
_ ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, რატომ არის შეწყვეტილი აფხაზეთში პასპორტიზაციის პროცესი?
_ რა თქმა უნდა არჩევნების წინა პერიოდის გამო. ვინც ბლანკები შეავსო ახლა მხოლოდ ისინი იღებენ პასპორტს. პასპორტების გაცემა კი არა ბლანკების გაცემაა დროების შეწყვეტილი. გალის რაიონის 60 ათასი მოსახლიდან აფხაზური პასპორტი მხოლოდ 5 ათასს მოქალაქეს აქვს აღებული. ახალი დადგენილებით კი არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ აფხაზური პასპორტის მქონე პირს შეუძლია. გალელები თუ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას ისინი მაინც ბაღაფშს მისცემენ ხმას. ქართული მოსახლეობის გამოთიშვით კი დააკმაყოფილეს ოპოზიციის შიშები, რადგან ბაღაფში არჩევნებს ისედაც იგებს. ის აფხაზებში გმირია, რომელმაც მათ კოდორის ხეობა შემოუერთა, ამის წარმოდგენას აფხაზები ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ შეძლებდნენ, ბაღაფშის პრეზიდენტობას დაემთხვა ასევე აფხაზეთის აღიარება რუსეთის მიერ... ალბათ, აფხაზეთში არჩევნების დასრულების შემდეგ ისევ განახლდება პასპორტიზაციის პროცესი, რაც თავისთავად სწორი ნაბიჯი იქნება, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში ქართველების და აფხაზების დაახლოებას.
_ რუსეთისათვის რომელი კანდიდატია მისაღები ბაღაფში, ხაჯიმბა თუ ბუთბა?
_ ბესლან ბუთბა (ვალმერ ბუთბას ბიძაშვილი ავტ.) რუსეთისათვის არ არის მისაღები კანდიდატი ის უბრალო ბიზნესმენია. მაგრამ რუსებისთვის მისაღებია ხაჯიმბაც და ბაღაფშიც. ბაღაფშის მხარეს არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მედვედევის გუნდი, ხაჯიმბას მხარეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროება და პუტინის გუნდი. ამიტომაც აფხაზეთის ტერიტორია დღეს იქცა რუსეთის ტერიტორიად და იქ რუსეთის სახვადასხვა პოლიტკური ძალები ეჯახებიან ერთმანეთს პოლიტიკურ ბრძოლაში.
რუსეთი ყველანაირად ეცდება აფხაზეთში სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. აფხაზებსაც სურთ, რომ მსოფლიოს აჩვენონ დემოკრატიული სახელმწიფო და აფხაზები იტყვიან ნახეთ ჩვენ, ჩვენ როგორ განვსხვავდებით ქართველებისგან?
- რამდენად რეალურია გალის სამხედრო ქალაქად ქცევის პერსპექტივა?
- აბსოლუტურად რეალურია და ესეც მოხდება. სამწუხაროა, მაგრამ გალი გახდება რუსული სამხედრო ქალაქი.
- ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ ახალ რუსულ-ქართულ ომზე, რამდენად რეალურია ახალი ომი?
- ამას რუსები არ დაუშვებენ, რუსებმა თავისი მიიღეს. საქარველოს ხელისუფლებას აწყობს, რომ საზოგადოებაში შექმნას განწყობა თითქოს ომია მოსალოდნელი. რისთვის აწყობს რუსეთს ახლა ომი, მან მიიღო ყველაფერი და საქართველო აქცია ინვალიდ სახელმწიფოდ. მას ყველაზე მეტად ეშინოდა, რომ საქართველო არ გამხდარიყო ნატოს წევრი, მორჩა ამაზე საუბარი აღარაა. ყველამ დაიბანა ჩვენზე ხელი და თქვა, რომ ნატოში შესვლის უფლება გაქვთ, მაგრამ გახდით ნატოს შესაბამისი ქვეყანა. ნატოს შესაბამისი ჩვენ ვერ გავხდებით სანამ კონფლიქტს ვერ მოვაგვარებთ და ნატო ვერ მიგვიღებს ჩვენ, რუსული ბაზებით და ა.შ. ან ჩვენ უნდა დავთმოთ ტერიტორიები, ან არ მიგვიღებენ ნატოში. მე არ მინდა ისეთ ნატოში შესვლა, სადაც ტერიტორიები უნდა დავთმო.
პაატა ლაგვილავა