გასული წლის ოქტომბერში, ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შედეგად, გადაწყდა ზუგდიდის წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 7 მილიონი დოლარის გამოყოფა. კონფერენციის შედეგად მიღებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს საკითხი გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ზუგდიდში ამ კუთხით რაიმე სამუშაოების განხორციელება არ დაწყებულა.
`ზუგდიდში ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ წელს. წელს შევისწავლეთ, რა მდგომარეობაა ზუგდიდში, რა არის საჭირო იქ და მომავალი წლისთვის 355 ათასი ლარის სამუშაოები დავგეგმეთ,~ - განგვიცხადა შპს `დასავლეთის წყლის~ გენერალურმა დირექტორმა კახა მაღლაკელიძემ.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით წელს ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. პროექტს საერთაშორისო განვითარების ასოციაციისგან (IDA) მიღებული კრედიტით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ქალაქ ზუგდიდში არსებული კანალიზაციის ქსელის ერთი უბნისა და ექვსი სხვადასხვა ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდში უკვე დაწყებულია: 1 854 757 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა - შპს `წყალკანალრემმშენი~ აწარმოებს. როგორც აღნიშნული ფირმის წარმომადგენელმა ბადრი გოგოხიამ გვითხრა, სატენდერო პირობებით გათვალისწინებული სამუშაოების 60% შესრულებულია: რამდენიმე ქუჩაზე უკვე რეაბილიტირებულია საკანალიზაციო ქსელი.
შარტავას ქუჩაზე (ეს 6 ქუჩიდან ერთ-ერთია, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება) მდებარე ორ ცხრასართულიან კორპუსს წლებია, კანალიზაციის პრობლემა აწუხებს. მოსახლეობას საკუთარი სახსრებით უწევდა ამ პრობლემის მოგვარება და ყოველ 15 დღეში უხდებოდათ ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების წარმომადგენლების გამოძახება.
`აქ 140-მდე მოსახლე ცხოვრობს, მაგრამ ყველა ვერ იხდიდა ფულს, უმუშევარ ოჯახს უჭირს გაუთვალისწინებელი ხარჯები გაიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებლობაა,~ - გვითხრა ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების ოპერატორმა თამაზ თოდუამ.
შარტავას ქუჩის მცხოვრებლებს, მართალია, კანალიზაციის მილები გაურემონტეს, მაგრამ ახლა, მათ სარეაბილიტაციო სამუშაობის შემდეგ გადათხრილი გზის პრობლემა აწუხებთ: წვიმის დროს ქუჩა იტბორება და ტალახდება, მზიან ამინდში კი - მტვრის ბუღი დგას. მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ითხოვს: `კარგია, რომ კანალიზაციის პრობლემა მოგვიგვარეს, მაგრამ ამ გადათხრილ გზას რა ეშველება? სარეცხის გაფენის და ფანჯრის გაღების საშუალება არ გვაქვს. გამგეობაში სულ გვეუბნებიან, ხვალ ან ზეგ გაგიკეთებთო. ეს დღე კი ჯერ არ დამდგარა,~ - ამბობენ შარტავას ქუჩის მაცხოვრებლები.
ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ლევანი მესხიას მივმართეთ: `შარტავას ქუჩაზე გზის მოასფალტება უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება, რადგან პროექტი ქუჩებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას ითვალისწინებს.~ - გვითხრა მან.
ამის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით, მოყვება თუ არა კანალიზაციის სისტემის აღდგენით სამუშაოებს წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტი, რადგან ეს საკითხი ზუგდიდში უკვე 17 წელია გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
`წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება ამ პროექტში არ შედის, რადგან ეს პრობლემა ძალიან სერიოზულ თანხას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში მხოლოდ საკანალიზაციო და წყალსაცავი არხები უნდა გაკეთდეს,~ - ამბობს ლევან მესხია.
სასმელი წყალი ქალაქ ზუგდიდს, აფხაზეთიდან, კერძოდ, გალის რაიონ სოფელ რეჩხ-ქოცხირიდან მიეწოდებოდა. აფხაზეთის ომის შემდეგ ზუგდიდს და მის რაიონებს წყალმომარაგება შეუწყდათ. მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება: დღეში 2-ჯერ 4-4 საათით.
`წყალმომარაგების პრობლემას, ალბათ, არაფერი ეშველება. ამბობენ, ძალიან დიდი თანხა სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებასო. ომის შემდეგ აფხაზეთიდან წყალი გადაგვეკეტა. ყველაფერი საჭიროა - შადრევანიც, გზაც, მაგრამ სასმელი წყალი არსებობისათვის ყველაზე აუცილებელია,~ - ამბობენ რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლები.
ქალაქი ზუგდიდი დღესდღეობით ორულუს, ჯვარის, რუხის და ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვან გაერთიანებასთან არსებული წყალსადენებიდან მარაგდება სასმელი წყლით, რითაც ჯამში 5 500 ადამიანია უზრუნველყოფილი.
`ჩვენს ბალანსზე 14 ჭაბურღილია, საიდანაც წყალს კომუნალურ სახლებს და კორპუსებს ვაწვდით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ჭაბურღილი ინგირის მეურნეობაში, ეს წყალი მიეწოდება კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს,~ - ამბობს ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების დირექტორი ნუგზარ მალაშხია. აღნიშნული გაერთიანება სასმელი წყლით ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ უბანს ამარაგებს. როგორც მალაშხია ამბობს, მთავარ პრობლემას მათ მოსახლეობაში დიდი რაოდენობით დაგროვილი გადასახადის დავალიანება უქმნის: `ხალხი არ იხდის ფულს, აქვთ ძალიან დიდი დავალიანება და ჩვენ წყლის მიწოდებას ვერ ვუწყვიტავთ მათ. ტექნიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ამას შეგნებულად არ ვაკეთებთ, რადგან კარგად ვიცით, რა რეაქციაც მოყვება ამას მოსახლეობის მხრიდან,~ - ამბობს მალაშხია.
ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტი ჯერ კიდევ 1990 წელს მომზადდა, თუმცა მის განხორციელებას ხელი მაშინ სამოქალაქო ომმა შეუშალა. პროექტის შესაბამისად, ქალაქს წყალი ჭუბურხინჯის კაშხლიდან უნდა მიეღო.
`ჭუბურხინჯის კაშხლიდან წყლის მარაგის მისაღებად სამუშაოები არეულობის შემდეგ შეჩერდა. ნახევარ კილომეტრამდე იყო მილი ჩადებული. დღეს ისიც დაშლილი და განადგურებულია უკვე,~ - ამბობს შპს `დასავლეთის წყლის~ ზუგდიდის სერვის-ცენტრის ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურეობის განყოფილების უფროსი გივი კილასონია. მისგანვე გავარკვიეთ, რომ არ არსებობს სხვა, ალტერნატიული პროექტი: `პროექტი აწი რომ გაკეთდეს, დაახლოებით 35 მილიონი სჭირდება ამას. ვფიქრობ, ეს თანხები საქართველოს ბიუჯეტს არა აქვს,~ - ამბობს კილასონია.
სასმელი წყლით მომარაგების მხრივ, ყველაზე რთული ვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაშია. მოსახლეობა იქ სასმელ წყალს სოფლის დასაწყისიდან, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ეზიდება.
`ზაფხულში წყალი სამი კილომეტრიდანაც კი გვიტარებია, მაგრამ ზამთარში რა ვქნათ?! პრეზიდენტი კურორტს აშენებს და ფულის შოვნაზე ფიქრობს, თორემ ჩვენი წყლის პრობლემა არც ახსოვს. ვცდილობთ საკუთარი ძალით მოვიპოვოთ დასალევი წყალი - ჭებს ვთხრით, მაგრამ წყალი დასალევად მაინც არ ვარგა,~ - ამბობენ ანაკლიის მაცხოვრებლები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზუგდიდის წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის დონორთა კონფერენციის შედეგად 7 მილიონი დოლარი გამოიყო. ჩვენ დავინტერესდით, არსებობს თუ არა ზუგდიდის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი, რისთვისაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ და მათგან აღნიშნული პროექტი გამოვითხოვეთ. ფონდიდან კი გვიპასუხეს, რომ პროექტში ცვლილებებია შესატანი და რომ მისი დასრულებისთანავე პროექტს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოგვაწვდიან.
ლორა ქობალია