სამშობლოს ღალატის, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვისა და ჟურნალისტის დათო ბოლქვაძის მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილი ვახტანგ (ლოთი) ქობალია ქართულ პოლიტიკას უბრუნდება. მან ათწლიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკური ბრძოლა, პარტია `სამართლიანი საქართველოსთვის~ რიგებიდან გადაწყვიტა. როგორც ლოთი ქობალია ამბობს მან ეს გადაწყვეტილება `სამართლიანობის აღდგენის~ გამო მიიღო. რაც შეეხება პარტიის არჩევანს ფიქრობს, რომ არ შეცდა, რადგან ძალიან მოსწონს ნოღაიდელის პარტიის ლოზუნგი _ `სამართლიანი საქართველოასთვის~
_ რამ განაპირობა თქვენი პოლიტიკაში დაბრუნება?
_ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება სამართლიანობის აღდგენამ განაპირობა. დღეს საქართველოში არ არსებობს სამართალი. რატომ? იმიტომ რომ ქვეყანაში მოხდა გადატრიალება და ვინც საქართველოს გადატრიალებისგან ვიცავდა დავრჩით დაზარალებულები და ზოგიერთი მათგანი დღეს ხელისუფლებაშია.
_ რატომ აირჩიეთ ნოღაიდელის პარტია?
_ ძალიან მომწონს მათი ლოზუნგი _ `მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~. ეს არის ჩვენი საერთო ლოზუნგი, რომ ქვეყანა როგორმე გავხადოთ სამართლიანი.
_ რას გვეტყვით დღევანდელ ხელისუფლებაზე?
_ მე მათ არც ვაქებ და არც ვაგინებ. უმოძრაობის ხანაა, როგორც ბრეჟნევის დროს იყო. მე სააკაშვილის პრეზიდენტობას უმოძრაობის ხანას დავარქმევდი. სააკაშვილმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, სადაც არც ერთი მუხლი არ არის შესრულებული.
_ თქვენ კატეგორიულად უარყოფთ ჟურნალისტის დათო ბოლქვაძის დახვრეტას. მაშ რა მოხდა იმ დღეს და არის თუ არა დრო თქვენგან ითქვას სიმართლე?
_ ეს ჩემგან არ ითქმევა, მე ჩამშვები არასოდეს არ ვიყავი. სიმართლე არც მაშინ მითქვამს, როცა დახვრეტა მომისაჯეს და არც მაშინ, როცა გამათავისუფლეს. მე ვითხოვ გამოძიებას, მინდა გაირკვეს ვინ და რატომ გააკეთეს ეს. ჩვენ ახლა წიგნს ვამზადებთ და დავკითხავთ იმ ხალხს, რომელსაც ბოლქვაძე აყაჩაღებდა. ის ფაქტიც ვიცით, სადაც ჟურნალისტი ბოლქვაძე ამბობს `ამ სახლს ბორბლები, რომ ქონდეს წავიღებდიო.~
_ რატომ დატოვეთ საქართველო და შეგეძლოთ თუ არა პირველი პრეზიდენტის დაცვა?
_ ჩვენი დაშორება მოხდა იდუმალებით მოცულ გარემოში. დღეს ვხვდები, რომ ჩემი და პრეზიდენტის დაშორება შეგნებულად მოხდა. მე მაშინ ბრძოლის ველზე ვიმყოფებოდი. კერძოდ, გათავისუფლებული გვქონდა ხობი და სენაკის გათავისუფლებასაც ვაპირებდით. მაგრამ ავიაიერიშს ვერ გაუძელით და უკან დავიხიეთ. ამის შემდეგ, იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა. დიახ, პრეზიდენტის დაცვა შეგვეძლო, მაგრამ ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი.
_ თქვენ რა ინფორმაციას ფლობდით იმ დროს პრეზიდენტზე?
_ ჩვენ ენგურის ხიდი 6 ნოემბერს დავტოვეთ, ამ დროს პრეზიდენტი გროზნოში მეგონა წასული. პრეზიდენტის დაცვას და მის გარემოცვას შეეძლო ჩემი გაფრთხილება, რომ პრეზიდენტი ჯერ კიდევ საქართველოში იყო და სხვა თუ არაფერი მის დაცვას მაინც შევძლებდი. ამისთვის ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, მაგრამ მსგავსი რამე არ მომხდარა.
_ კონკრეტულად, ვის შეეძლო თქვენი გაფრთხილება შესაძლო საფრთხეების შესახებ?
_პრეზიდენტის დაცვის უფროსს რობიზონ მარგველანს შეეძლო ჩემი გაფთხილება, რომ პრეზიდენტს დაცვა სჭირდებოდა. ამ შემთხვევაში შესაძლო იყო საქმე სხვაგვარად წასულიყო. თუ მათ არ შეეძლოთ პრეზიდენტის დაცვა რატომ არ გამაფრთხილეს.
_ თქვენ პირადად ელაპარაკეთ რობიზონ მარგველანს იმ დღეებში?
_ არა, ჩვენ პირადი საუბარი არ გვქონია, მაგრამ მან იცოდა ჩვენი კოორდინატები და შეეძლო ჩვენთან დაკავშირება. როცა აფხაზეთიდან პრეზიდენტი გაიყვანეს უნდა მცოდნოდა, რატომ გადამალეს, სწორედ ამიტომ მაქვს დღეს მასთან პრეტენზიები.
_ როცა ბალტინის ჯარი შემოვიდა, რატომ გაჩერდით კოპიტნარის აეროპორტში, ვინ გასცა ამის ბრძანება?
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ისე გვქონდა აწყობილი ყველაფერი, რომ მხოლოდ წინ შეგვეძლო წასვლა? იქ იყო სათანადო შეფერხებები, პოზიციებს გამაგრება სჭირდებოდა, ენგურის ხიდიც გვქონდა გასამაგრებელი, ხოლო ამდენი ძალა არ გვქონდა.
_ თქვენი აზრით ყველა ქართული სამხედრო შენაერთის გაერთიანების შემთხვევაში, იყო თუ არა აფხაზეთის შენარჩუნების შანსი?
_როდესაც სახელმწიფოს მეთაური შევარდნაძე ხელს უწყობს აფხაზური გვარდიის ჩამოყალიბებას, ბრძანებას იძლეოდა სოხუმში დაერბიათ მიტინგები, რომელიც მის წინააღმდეგ იმართებოდა, როდესაც შეიძლებოდა სამშვიდობო მიისიისთვის ხელი მოეწერა და ამას არასოდეს აკეთებდა და ამის შემდეგ რა სოხუმის გადარჩენაზე იყო საუბარი.
_როგორ ფიქრობთ, გაიხსნება თუ არა ოდესმე საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე?
_ აუცილებლად გაირკვევა და ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ ქილერის დონეზე, არამედ უნდა დაიწყოს იქიდან, როდესაც 1991 წლის 22 დეკემბერს იერიში მიიტანეს უზენაესი საბჭოს შენობაზე და უნდა დამთავრდეს პრეზიდენტის მკვლელობით.
სოფო ხუბულავა