დავით უსუფაშვილი _ ,,პრეზიდენტის გრანდიოზული გეგმები ანაკლიასთან დაკავშირებით გულისხმობს იმასაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე ხელისუფლებში მოკალათებულმა ბიზნესმენებმა ფინანსური სარგებელი ნახონ"
12 დეკემბერს მაშინ როცა აფხაზეთში დე-ფაქტო არჩევნები მიმდინარეობდა, ზუგდიდში რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივ ლიდერს ირჩევდნენ. ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის პირველი კომიტეტი 2008 წლის 15 ნოემბერს აირჩიეს, პარტიის დებულების მიხედვით კი არჩევნები წელიწადში ერთხელ ტარდება და რაიონულ ორგანიზაციები 7 კაციანი შემადგენლობით ირჩევა. პარტიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრით არჩეული 7 კაციანი კომიტეტი კი ხმათა უმრავლესობით რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარეს ირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობის 30 წელზე მეტს ითვლიან მათ ზუგდიდში წარმომადგენლობა მხოლოდ ერთი წლის წინ გახსნეს და უკვე 100-მდე აქტივისტი ჰყავთ. რესპუბლიკელების შიდა პარტიული არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ზუგდიდში გამართულ რაიონული ორგანიზაციის არჩევნებს პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარტიის იდეოლოგიური მდივანი ივლიანე ხაინდრავა და საქართველოს რესპუბლიკიური პარტიის რეგიონალური და საარჩევნო მდივანი ირინა იმერლიშვილი ესწრებოდნენ.
დავით უსუფასვილმა შიდაპარტიული არჩევნების დაწყებამდე აღნიშნა, რომ _ ,,ხელისუპლებისგან განსხვავებით, რესპუბლიკელები არჩევნებს ყოველთვის ვადებში ვატარებთ." დავით უსუფაშვილმა და ივლიანე ხაინდრავამ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ `რესპუბლიკელების,~ `ახლების~ და ალასანიას ალიანსს თვითთმართველობის არჩევნებზე სერიოზული და კონკურენტუნარიანი კანდიდატურები ეყოლება წარმოდგენილი საქართველოს ყველა რეგიონში. ცნობისთვის ალიანსში შემავალი სამი სუბიექტიდან (`ახალი მემარჯვენეები,~ `რესპუბლიკელები,~ `თავისუფალი დემოკრატები~) მხოლოდ `რესპუბლიკურ პარტიას აქვს საარჩევნო კომისიებში მუშაობის უფლება, რადგან წინა, საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ `რესპუბლიკელები~ გამოდიოდნენ პარტიული სიით, ალიანსში შემავალი მეორე პოლიტიკური სუბიექტი _ `ახალი მემარჯვენეები~ მაშინ გაერთიანებულ ოპოზიციათან ერთად იბრძოდნენ საპარლამენტო მანდატებისათვის, `ალიანსი საქართველოსათვის~ მესამე პოლიტ-სუბიექტი ალასანიას პოლიტიკური პარტია `თავისუფალი დემოკრატები~ 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისთვის ჩამოყალიბებულიც კი არ იყო. სწორედ ამიტომ სარგებლობენ `რესპუბლიკელები~ საარჩევნო კომისიებში მუშაობის უფლებით. სავარაუდოდ `რესპუბლიკელებს~ თვითმართველობის არჩევნებზე საარჩევნო უბნებში ერთი წარმომადგენელი ეყოლებათ. დავით უსუფაშვილმა Aაღნიშნა, რომ სწორედ `რესპუბლიკელებს~ მოუწევთ საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების მოგერიება და პარტიუალ აქტივისტებს კიდევ ერთხელ ერგული სამსახურისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ნონა თოლორაია დამსწრეების წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა, მან პარტიის ხელმძღვანელობას და აქტივისტებს ერთი წლის მანძილზე გაწეული სამუშაოების შესახებ აცნობა.
რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში პარტიის ზუგდიდელმა წევრებმა, ზუდგიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად კვლავ ნონა თოლორაია აირჩიეს.
დავით უსუფაშვილმა პარტიის წევრებთან საუბრის შემდეგ მედიასთან საუბარისთვისაც მოიცალა _ `დღეს ჩატარდა ზუგდიდი რაიონული ორგანიზაციის არჩევნები. ზუგდიდელ რესპუბლიკელებს მადლობა მოვუხადე, იმისთვის, რომ ბოლო ერთი წლის შედეგებით ისინი არიან ლიდერები შიდაპარტიულ ცხოვრებაში. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე სადაც ალიანსი მონაწილეობას მიიღებს, ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებისთვის. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ გასარკვევია კანონმდებლობა ბოლომდე არაა მიღებული, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ პარტია თუ არსებობს და მას თუ ჰქვია პოლიტიკური პარტია ეს იმისთვისაა, რომ არჩევნებში მონაწილეობდეს... ეს იქნება საკმაოდ მძიმე არჩევნები, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, თუმცა სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენ მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს ბევრი მიმართულებით და ამ არჩევნებისთვის ვთვლით, რომ საკანონმდებლო დონეზე იქნება უკეთესი გარემო. მაგრამ საკანონმდებლო გარემოს სჭირდება რეალური გარემო, სერიოზული შრომა კომისიებში, ბევრ სხვა ადგილშიც და პარტია ემზადება ამისთვის ალიანსის ფარგლებში,~ - დავთ უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ ალიანსსში შემავალი სუბიექტების რიცხვი გაიზარდოს.
რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობა, ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის არჩევნების მიმდინარეობის დაწყებამდე ანაკლიაში იმყოფებოდა, თუ რა საკითხზე ჰქონდათ შეხვედრა `რესპუბლიკელებს~ ანაკლიელებთან ამას დავით უსუფაშვილი მედიასთან საუბარში ახმაურებს: _ `ანაკლიაში შევხვდით მოქალაქეებს, რომლებიც წლებია უშედეგოდ იბრძვიან მიწების დაკანონებისათვის, რომლებიც მათ ათწლეულების განმავლობაში ჰქონდათ სარგებლობაში. მაშინ როდესაც მსგავს სიტუაციაში მყოფ სხვა მოქალაქეებს ასეთი მიწები საკუთრებაში დაუმტკიცდათ, აქ სხვა ვითარება გვაქვს _ აშკარაა, სახელისუპლებო წრეების ბიზნესინტერესები მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით და გაუმართლებლად იწელწბა ამ მოქალაქეებისათვის მიწების საკუთრებაში გადაცემა. ეს ის კლასიკური შემთხვეევაა, როდესაც ე.წ. ბიზნესმენები, რომლებიც სინამდვილეში ხელისუფლებაში არიან მოკალათებულნი კონკრეტული მოქალაქეების ხარჯზე ცდილობენ თავიანთ ბიზნესწარმატებებს. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ ჯერ ეს მიწა მისცეს მას ვისაც რეალურად ეკუთვნის და თუ ვინმეს უნდა შემდეგ მოსახლეობისგან იყიდოს იმ ფასად რა ფასადაც ეს მიწა რეალურად იყიდება. მათ უნდათ ეს მიწები ჩალის ფასად ჩაიგდონ, არადა ამ მოქალაქეებისათვის ეს მიწა არის ერთადერთი წყარო სარჩო-საბადებლის. როგორც ჩანს პრეზიდენტის გრანდიოზული გეგმები ანაკლიასთან დაკავშირებით გულისხმობს იმასაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე ხელისუფლებში მოკალათებულმა ბიზნესმენებმა ფინანსური სარგებელი ნახონ.~ უსუფაშვილი აცხადებს, რომ ყველანაირად შეეცდება ანაკლელების დახმარებას და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს. რესპუბლიკელების ლიდერმა აღნიშნა, რომ ანაკლიის მიწების მიტაცებაში კოდუების ოჯახის ბიზნეს ინტერესები ფიგურირებს.
პაატა ლაგვილავა