მთავარი გვერდი

27 янв. 2010 г.

ხმაურიანი სხდომა საკრებულოში - როდის ჩამფრინდნენ მარსიდან საკრებულოს წევრები და დაიწყო თუ არა შიდა ომი ,,ნაციონალებს" შორის?

22 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის შეკრებას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. ადგილობრივი არჩევნების თარიღი უკვე ცნობიალია, თუმცა 30 მაისამდე პოლიტიკური ქულებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. სხდომაზე ნათლად ჩანდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და და გამგეობას შორის ,,ნაციონალური~ თანხმობა აღარ არსებობს. შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის არ ყოფნის მიუხედავად კამათი, რომელიც რაიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს შორის გაიმართა ბოლო დროს პარლამენტში იმიტირებულ დებატებზე ბევრად ძლიერი იყო. გეგმიურ სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა 2009 წლის პირველი ნახევარის (6 თვე) ანგარიში საკრებულოს სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის და სპორტის საკითხთა კომისიას ჩააბარეს. ,,ნაციონალური~ მოძრაობით დაკომპლექტებული საკრებულო ქართული დემოკრატიისათვის უჩვეულო კითხვებს, შენიშვნებს და საყვედურებს აძლევდა აღმასრულებელ ორგანოს. ყველაზე დიდი ხმაური და პოლემიკა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის ლუიზა ნაჭყებიას ანგარიშის მოსმენას მოჰყვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტიში სულ 48 ბაღი ფუნქციონირებს და მათვის წლევანდელ ბიუჯეტში მილიონ 200 ათასი ლარია განკუთვნილი. თუმცა ბიუჯეტის დამტკიცებიდან რამოდენიმე ხანში საკრებულომ ბაღებიდან გამონთავისუფლები 100 ათასი ლარი სხვადასხვა უწყებებს გადაუნაწილა. ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო საკრებულოს ნაციონალური ფრაქციის წარმომადგენელი ჯიხაშკარის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ მარღია. მარღიას თქმით, ეს თანხა ისევ ბაღებს უნდა დარჩენოდა, რადგან ამ სფეროში პრობლემა მოგვარებული არ არის. პრობლემაზე საუბრის დროს ავთანდილ მარღიას ოპონირებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დარეჯან გაბედავა უწევდა. გაბედავა ამტკიცებდა, რომ ეს თანხა აუცილებელი იყო სხვა სამსახურებისთვის და ამიტომაც მოხდა თანხის გადამისამართება. ხმაურიანი საუბრის დროს აღმასრულებლების პოზიციებს გაბედავასთან ერთად მადონა ჯაბუა (კულტურის გამყოფილების ხელმძღვანელი) და სკოლამდელ აღმზრდელობითი ცენტრის დირექტორი ლუიზა ნაჭყებია იცავდნენ. კამათი იმდენად მწვავე ფაზაში გადავიდა, რომ გამგებლის მოადგილემ ავთანდილ მარღიას უთხრა _ რეალურ პრობლემებზე ისაუბრეთ, თქვენ მარსიდან ხომ არ ჩამოსულხართო. მარღიამ მარსიანელობა უარყო და გასასვლელად მოემზადა, მის გასვლამდე დარბაზი საკრებულოს საფინანსო კომისიის უფროსმა პაპუნა მებონიამ დატოვა, თუმცა გასვლამდე გამგეობის წარმომადგენლების გასაგონად თქვა _ ,,თუ ასე გინდათ მიიღებთ!” რის მიღებას და სურვილს გულისხმობდა მებონია, ამის გარკვევას შევეცადეთ მაგრამ უშედეგოდ. ავთანდილ მარღია მოგვიანებით დარბაზში დაბრუნდა, მაგრამ მისი არყოფნის დროს და შემდეგაც რეპლიკები ერთმანეთის მიმართ არ დაუშურიათ საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლებს. ,,ყველაფერში რაღაცას ეძებთ,” ,,კრიტიკულად ხართ განწყობილი,” ,,რა გჭირთ,” ,,ასე რატომ იქცევით,” ,,ნუ ნერვიულობ,” ,,არ ვნერვიულობ,” ,,გამგეობაში სანერვიულო არაფერი არ გვაქვს,” ,,გადასარევად ვმუშაობთ,” _ ეს ფრაზები საკრებულოს კომისიის სხდომაზე ხშირად ისმოდა. სხდომის დასრულების შემდეგ ,,სამეგრელოს ქრონიკა” დებატებში ყველაზე აქტიურს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს დარეჯან გაბედავას გაესაუბრა. გაბედავა ამ შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს _ ,,ისევდაისევ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ ზოგჯერ კონფლიქტებიც წამოიჭრება, მაგრამ ამ ოთახის იქით არ მიდის”_ ასე ცდილობდა გამგებლის მოადგილე `ნაციონალებს~ შორის გამართული სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გაემართლებინა. დარეჯან გაბედავა ბაღების პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს _,,გამგეობა შესანიშნავად და ეფექტურად ახორციელებს ბაღების მართვას და ეს ტენდენცია ჩანს. როდესაც ბაღები ჩავიბარეთ სულ 29 ბაღი იყო, დღეს კი 48 ბაღი გვაქვს და ხუთი სექტემბრის თვეში გაიხსნება. რაც შეეხება იმ თანხას რაზეც იყო საუბარი ეს მოხდა ეკონომიის საფუძველზე. როცა ბავშვი აცდენს, ან არ მოდის ბაღში, ხდება ამ თანხის დაგროვება, და სწორედ ამ 100 ათასზე იყო საუბარი. ეს გამოთავისუფლებული თანხა დაიხარჯა ისეთი საქმისთვის, რომ ზუგდიდში იყოს ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი, გვყავდეს ელიტარული დონის ქორეოგრაფები, ისე რომ ეს არ შეხებოდა და მტკივნეულად არ ეგრძნო სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს. ეს არის შიგნითა მოძრაობები და აღნიშნული თანხა განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროდან არ გასულა.”
გაბედავას შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარერს ლევან მაქაცარიას გავესაუბრეთ. მისი თქმით _ ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელობა ახერხებს იმას, რომ მთლიანად მოშლილი ინფრასტრუქტურა აღსდგეს და განვითარდეს. თუნდაც დღევანდელი სხდომა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონტროლი ბაღებთან დაკავშირებით და გამოვლინდა კონკრეტული შემთხვევები რომლის რეაგირების შესახებ აღნიშნულ კომისიას წერილობით ეცნობა.~ სხდომაზე ლევან მაქაცარიამ სკოლამდელი აღზრდის დაესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელს მიმართა, რომ იმ ბაღებში სადაც დარღვევებია, მათ ხელმძღვანელებს გამოეცხადოს სასტიკი, საყვედური ან განთავისუფლედნენ დაკავებული თანანმდებობებიდან. მაქაცარია სხდომაზე ბევრად უფრო მკაცრი იყო, მაგრამ ჩაწერის დროს გუნდის ერთიანობაზე და დღევანდელი დებატების ჩვეულებრიობაზე საუბრობდა. ამ შეხვედრის მთავარი მოქმედი გმირი ავთანდილ მარღია, სხდომის შემდეგ, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მართალი აზრის დაფიქსირება მნიშვნელოვანი და აუცილებელია დემოკრატიის განვითარებისათვის. მისი თქმით 100 ათასი ლარი ისევ ბაღებს უნდა მოხმარდეს _ ჩვენს სოფელში, ჯიხაშკარში ბაღის პრობლემა არსებობს და დღეს ჩემთვის პრიორიტეტული სწორედ ეს საკითსხი იყო. ჩვენს გუნდში განსხვავებები არის და ეს მისაღებია. თუ ბაღების ბიუჯეტში ეკონომია გაკეთდა და ფული დაიზოგა ეს მისასალმებელია. მაგრამ 5 სოფელში როდესაც მოუგვარებელია ის პრობლემა რისთვისაც ჩვენ ეს თანხა ბიუჯეტში მოვითხოვეთ ბუნებრივია ჩნდება კითხვები. თურმე ამ 100 ათასით შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ეს თანხა სხვაგან იყო საჭირო. ბუნებრივია გამიჩნდა პროტესტი. ეს თანხა უნდა მოხმარდეს ბაღებს და მისი სხვაგან გადამისამართება, როცა მთელ რიგ სოფლებში ბაღები არ არსებობს ვფიქრობ უმართებულოა. იცით, დღევანდელ შეხვედრაზე საინტერესო რა იყო, მე დეპუტატი რომელიც ამ საბიუჯეტო გადამისამართების წინააღმდეგი ვიყავი, დღეს ჯანდაცვის ცენტრის მოხსენებაში ვიგებ, რომ ბაღების ჰიგიენის სისტემაში ისევ პრობლემებია. აქ არამარტო ახალი ბაღების გახსნაზეა საუბარი უკვე გახსნილ ბაღებსაც არა აქვთ მოგვარებული საკითხები, ამ დროს კი თანხა სხვაგან გადააქვთ. ეს იყო და ეს, ამან გამოიწვია ჩვენს შორის უთანხმოება. კითხვაზე, სწორედ ამიტომ ხომ არ გიწოდეს დღეს თქვენ მარსიანელი და მართლა არ იცოდით ამ სფეროში რა ხდებოდა? _ ავთანდილ მარღია ამბობს _ `როგორ არ ვიცი. ალბათ ვიღაცას ეჩვენება, რომ განსხვავებული აზრი მარსიანელობაში იბადება და ჩემი აზრით ზუგსიდშიც გვაქვს უფლება გვქონდეს განსხვავებული აზრი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი გუნდის წარმომადგენლები ვართ. ჩემი აზრით ემოციას დღეს იმიტომ აყვნენ, რომ შენიშვნები მივეცი და მეტი არაფერი.~ `სამეგრელოს ქრონიკის~ მორიგ კითხვაზე _ მარსზე ცხოვრება, ანუ თავისუფალი აზრის გატანა საკრებულოში ძნელია თუ არა, მარღია გვიმთკიცებს, რომ _ `არასდროს არ მქონია ამის პრობლემა. საკრებულოს `ნაციონალური~ ფრაქციის წევრი ვარ, მაგრამ არავის დაუშლია ჩემთვის განსხვავებული აზრის დაფიქსირება.~ ოპოზიციის თქმით თბილისში ხელისუფლებამ პიარკამპანია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ზუგდიდში კი წინასაარჩევნო მოქმედება აქტიურ ფაზაში საკრებულოს ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ გადავიდა.
P.შ. ადგილობრივი ,,ნაციონალური” პრესის წარმომადგენლები სხდომიდან დროზე ადრე წავიდნენ. ცოტა ხანში დარეჯან გაბედავამ მითხრა _ პაატა, არ დაიღალე, აწი არ წახვალო?! _ იმ სიამოვნებას რასაც ზუგდიდში პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლება ჰქვია ჩემს თავს ნამდვილად ვერ დავაკლებდი. ამიტომაც სხდომას ბოლომდე დავესწარი და საინტერესო დეტალები თქვენამდე მოვიტანე.ისე ყოველგვარი კოლეგიალობის გარეშე, მაინტერესებს რას დაწერენ ჩემი კოლეგები ამ ხმაურიანი სხდომის შესახებ: შეაფასებენ მას როგორც ურთიერთგაგების, შეხმატკბილებისა და ზეაღმაფრენის იდეით გაჯერებულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის ,,ნაციონალურ” უწყებებში თუ დაინახავენ აშკარა აუტანლობას გამგეობა_საკრებულოს შორის.
პაატა ლაგვილავა