
სხვადასხვა ქალაქების შემდეგ მთავროის ფიარ-აქციად მონათლული ,,ანგარიში ხალხს" ზუგდიდში 22 სექტემბერს ჩამოვიდა. სხვადასხვა სამინისტროების პავილიონებში და საჩვენებელ სტენდებზე წარმოდგენილი იყო ფოტო და არტ-მასალა, დაგეგმილი იყო ვიდეო მასალის ჩვენებაც, მაგრამ წვიმის გამო მინისტრთა აპარატის სხვადასხვა უწყებებს მონიტორები შეფუთულად დარჩათ. ასევე წვიმამ შეუშალა ხელი იმას, რომ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გადაუხურავ პავილიონში წარმომადგენლად არავინ იდგა. არა და ყველაზე მეტად სწორედ ამ უწყებას აქვს საზოგადოებისთვის ასახსნელიც, სანუგეშოც და ანგარიში _ ჩასაბარებელიც.ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე, გამსახურდიას გამზირზე ყველაზე დიდი ფართი თავდაცვის სამინისტროს არტ-პავილიონს ეჭირა. თავდაცვის უწყებამ ჯარისკაცებთან ტექნიკასთან, იარაღებთან და მანეკენებთან ერთად სამხედრო კარვები, სამედიცინო პუნქტები და საველე სამზარეულოც გამოამზეურა. ზუგდიდელი საზოგადოებისთვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი, ქართულ ტელევიზიებში, ცოტა ხნის წინ, გაპიარებული ამერიკული A- 4 ტიპის ავტომატი. აქვე იყო გამოფენილი, სამხედრო დასახლების მაკეტიც, რომლის დანიშნულებას, პლიუსებს და აუცილებლობას წვიმაში გათოშილი ჯარისკაცი განმარტავდა. საკვირველია, მაგრამ ბაჩო ახალაიას უწყებას გვერდში ტრაქტორები კვეზერელის უწყებამ მიუყენა, ვცდილობდი ამომეხსნა ტანკების გვერდით რატომ დააყენეს ტრაქტორები, მაგრამ ამაოდ, ალბათ მთავარი მთავრობისთვის ანგარიშის ჩაბარებაა და არა სანახაობა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კი ზუგდიდელების და აფხაზეთიდან დევნილებისთვის წეროვანის კოტეჯის ბუტაფორია კინოთეატრ `ატრიუმის~ წინ დადგა. სწორედ დევნილები ათვალიერებდნენ დიდი მონდომებით მათთვისაც ასაშენებელ პატარა სახლებს, თუმცა მათი უმეტესობა აღნიშნავდა, რომ აქ ცხოვრება ოთახების სივიწროვის გამო რთული იქნება. ამავე სამინისტროს წარმომადგენელი კი წეროვანის ბუტაფორიის მისაღებ ოთახში აბარებდა ანგარიშს ხალხს. სწორედ ამ ოთახში შევარდნენ ზუგდიდელებისთვის კარგად ცნობილი ჟღალთმიანი დედა-შვილი, რომლებიც უმოწყალოდ ყვიროდნენ _`ეგ სახლი ჩვენია, აქ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, მიშა ამას ჩვენ აქ დაგვიტოვებსო,~ _ თუმცა ამაოდ ამ სახლს მათთვის დასატოვებლად ვინ გაიმეტებდა, ამ ბუტაფორიამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში უნდა იმოგზაუროს და ანგარიში ჩააბაროს ქართველ ხალხს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მისთთვის განკუთვნილ პავილიონში ფოტო-არქივი და მანქანის სანომრე ნიშნები გამოფინა. `ქვეყნის ხერხემალის~ უწყებამ დამთვალიერებელს საგულდაგულოდ მოწყობილ ოთახში მიზანში სროლის მანევრიც აჩვენა. ფინანსთა სამინისტრო წვიმიან ამინდს მომზადებული შეხვდა მისმა თანამშრომლებმა ბუკლეტები და გაზეთები მსურველებს მათივე სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ლოგოთი დამშვენებულ პარკებში ჩაუდეს. თუმცა საინტერესოა როგორ უნდა ჩააბაროს ფინანსთა სამინისტრომ ანგარიში ხალხს გაზეთ `აუქციონის~ საშუალებით, რომელიც მხოლოდ აუქციონზე გასაყიდად გატანილ სახელმწიფო ქონებაზე იუწყება. მათ შორის, უზარმაზარ თურქულდროშამიხატულ ტანკერ `DENშA DEMEთ~-ზე. ხალხი ყველაზე მეტად უკმაყოფილებას ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს პავილიონთან აფიქსირებდა, ამ უწყების წარმომადგენლებთან შესახვედრად ხობის რაიონის სოფელ ხამისკურის მკვიდრი გულნაზ კაკულია დახმარების მიღებას ითხოვდა. სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს, სტიქიამ თებერვალში სახურავი გადახადა და დღემდე აწვიმს. სამინისტროს წარმომადგენელებმა კაკულიას უთხრეს, რომ აქ შიფერს ვერ მისცემდნენ _ სად გაიგეთ აქ, რომ დახმარებებს ვარიგებთო? _ ასე ჩააბარეს ანგარიში, ჯანდაცვის უწყებაში გულნაზ კაკულიას. საინტერესოა რას ეტყოდნენ კაკულლიას ანგარიში მთავრობის გაპიარებულ 100 საავადმყოფოზე, რომ მოეთხოვა. მსგავსი პრობლემა აწუხებდა სოციალურად დაუცველ ზუგდიდის რაიონ სოფელ კახათის მკვიდრ ნანა აბულაძესაც, მხოლოდ მცირეოდენი განსხვავაებით, აბულაძე მთავრობის წარმომადგენლებს მის ოჯახში მისვლას და იმის დანახვას სთხოვდა თუ როგორ აწვიმდა მის სახლს ამ კოკისპირულ წვიმაში. აბულაძე იმასაც ამბობდა, რომ სოფელში მხოლოდ მისი შვილები ვერ დადიან სკოლაში, რადგან ჩასაცმელი და წიგნები არა აქვთ. სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ უკიდურესად შეჭირვებული ნანა აბულაძე რეგიონალური განვითარების სამინისტროს პავილიონში გადაამისამათა, თუმცა არც იქ მოუსმენია მისთვის არავის. აბულაძემ თავის თანმხლებს მეგრულად ჩაულაპარაკა _ `ამ ცირკის მოწყობას არ აჯობებდა, ფული ჩვენნაირებისთვის მიეცათ?!~ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს პავილიონთან კიდევ ერთი ხმაური ზუგდიდის მკვიდრის ციცო თოდუას უკმაყოფილებას მოჰყვა. თოდუა პროტესტს ფართოდ გაპიარებულ `იაფ დაზღვევაზე~ გამოხატავდა, _ `ვინ გამცემს პასუხს `იაფ დაზღვევაზე?~ - ეგ პოლისი ავიღე, მაგრამ არაფერში მეხმარება. ერთ საღამს ცუდად გავხვდი, როცა სასწრაფომ საავადმყოფოში წამიყვანა, პოლისის წარდგენის შემდეგ პასუხი ასეთი იყო _ ამ შემთხვევაში პოლისი არ მოქმედებსო. თურმე პოლისი იმ სემთხვევაში მოქმედებს თუ კვდები ან გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებ.~ _ ციცო თოდუა ჯანდაცვის პავილიონთან პოლისის გაუმჯობესებას და მისთვის სხვა ფუნქციების დამატებასც ითხოვდა. თოდუამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს იაფი დაზღვევის პოლისი მოქმედებს გამოუსადეგარია და ხალხზე მორგებული არ არის. თადვდაცვის სამინისტროს პავილიონთან 14 საათისთვის მინისტრი ბაჩო ახალაია გამოჩნდა, ახალაია აღნიშნავდა, რომ ხალხს ანგარიში აინტერესებს და ამას იმით ხსნიდა, რომ წვიმაში ზუგდიდელებმა არ დაიზარეს და პავილიონები დაათვალიერეს.
22 სექტემბრის პოლიტაქტიურობა ზუგდიდში ამით არ დასრულებულა, მაშინ როცა ხელისუფლება ხალხს ანგარიშს აბარებდა, ზუგდიდის საკნებთან პირობითმა პატიმარმა კახა მიქაიამ საგანგებო ბრიფინგით, ანგარიში მედიას ჩააბარა. მიქაიას ეს ყველაფერი კომუნისტურ ეპოქას ახსენებს, როცა მოსკოვში სასტუმრო `კოსმოსთან~ კომუნისტები გამოფენას აწყობდნენ. _ `თუ მათ სურთ ანგარიში ჩააბარონ ხალხს მაშინ პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა ისაუბროს თუ როგორ დაკარგეს ტერიტორიები და როგორ აქციეს ქვეყანა ყვარყვარეს ციხედ, რაც შეეხება იმ საკენკს რაც ამ აქციით დაუყარეს მათ დღეს ზუგდიდელებს ვურჩევ ეგ საკენკი თავად აკენკონ,~ _ ამბობს ბრიფინგზე მიქაია. ზუგდიდის შემდეგ `ანგარიში ხალხს~ მთავრობამ, 24 სექტემბერს ახალქალაქში ჩააბარა, მხოლოდ მცირეოდენი განსხვავებით, სამცხე-ჯავახეთს ზუგდიდთან შეფარდებით მინისტრების უპრეცედენტო რაოდენობა ესწრებოდა. ნიკა გილაური, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და ალექსანდრე კვიტოშვილი ანგარიშს, არჩევნების დროს კარუსელებით ყველაზე მეტად განთქმულ რეგიონს აბარებდნენ. ახალქალაქის ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პავილიონთან ერთმანეთს მიზანში სროლაში მინისტრი მერაბიშვილი და პრემიერი გილაური შეეჯიბრნენ. მერაბიშვილმა იხუმრა, რომ გილლაურმა მიზანში მოარტყა. ამით მთავრობის პიარ-აქციად მონათლულმა `ანგარიში ხალხს~ მიმდინარე წლის ანგარიში ამოწურა. მთავრობაში აცხადებენ, რომ მსგავსი აქცია 2010 წელსაც გაგრძელდება.
P.შ. ზუგდიდში, სამინისტროების ჩამოსვლასთან ერთად პირველად გამოჩნდა დასადგმელი საზოგადოებრივი ტუალეტი, ზუგდიდელები ხუმრობდნენ _ `ამას აქ თუ დატოვებდენენ დიდად დაგვავალებენ, რომ დაგვჭირდეს ბაზარში უნდა ჩავირბინოთ და იქაც ისეთი რიგებია, თუ გაუძლებ გამძლეობის ტესტის ჩაბარება საჭირო არ არისო.
პაატა ლაგვილავა