მთავარი გვერდი

27 янв. 2010 г.

პატრიარქი ზუგდიდს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. ილია II _ `საქართველოს გამთლიანების მისია თქვენ უნდა აიღოთ~

17 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია_ II ზუგდიდში სამდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. პატრიარქს მრევლი და სამღვდელოება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის შემოსასვლელთან დახვდა. ზუგდიდელებმა გრანდიოზული დახვედრა კათოლიკოსს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დროშებით, ალმებით, ხატებით, სანთლებით და ყვავილებით მოუწყვეს. უწმინდესმა შეკრებილები დალოცა და რეზიდენციაში გაემგზავრა. საღამოს 6 საათზე კი პატრიარქმა ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარი მოილოცა. პატრიარქის ვიზიტის აღსანიშნავად მუზეუმიდან ტაძარში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი სამოსელი გამოაბრძანეს, მანმადე კვართს წელიწადში ერთხელ 15 ივლისს, მხოლოდ ვლაქერნობას გამოაბრძანებდნენ მრევლის მოსალოცად. პატრიარქი ღვთისმშობლის სამოსელს ემთხვია და დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიც დაათვალიერა. ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის მეორე დღე, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე მშენებარე საკათედრო ტაძრის მონახულებით დაიწყო. მშენებარე ტაძრის მონახულების შემდეგ, ილია მეორე წალენჯიხაში ფერისცვალების ტაძრის მოსალოცად გაემგზავრა. იმავე დღეს კი საღამოს 6 საათზე პატრიარქი დადიანების ნიკოსეულ სასახლეში ადგილობრივ ინტელიგენციას შეხვდა. კატოლიკოსი, ინტელიგენციასთან შეხვედრის დროს, ინიციატივით გამოვიდა, რომ ზუგდიდში აუცილებლად უნდა შეიქმნას ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი. პატრიარქმა თქვა, რომ ამ ცენტრის მთავარი ზედამხედველი მეუფე გერასიმესთან ერთად თვითონ იქნება. ხოლო ცენტრის ხელმძღვენელად მამა გიორგი ქანთარია შეარჩია. შეხვედრის ბოლოს, პატრიარქმა 2 მრავალშვილიან ოჯახს ფულადი დახმარება გადასცა. რის შემდეგაც ილია მეორემ, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით, ლოტბარი _ პოლიკარპე ხუბულავა, მუზეუმის დირექტორი _ ლილი ბერაია, სამხარეო პროკურორი _ როლანდ ახალაია, ღვაწლმოსილი პედაგოგი _ ციალა ქირია და ყოფილი პრემიერ-მინისტრი _ ოთარ ფაცაცია დააჯილდოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პატრიარქის საპატივცემლოდ დადიანების ბაღში კონცერტი გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ვიზიტის ბოლო დღეს ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიას ეწვია და სასწავლებლის აღსაზრდელები დალოცა. 19 სექტემბერს 13 საათზე კი პატრიარქი კინოტეატრ `ატრიუმში~ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. პატრიარქმა გაიხსენა, აფახზეთსი მისი მოღვაწეობის წლები და აღნიშნა _ `მე კარგად ვიცნობ აფხაზებს, ქართველებს და მრავალი ნათლული მყავს აფხაზეთში. აფახზები ჩამოდიან ჩემთან, მაგრამ ჩამოდიან სოჭიდან და ასე შემოვლით ჩამოდიან ჩემთან და ღებულობენ სულიერ თუ მატერიალურ დახმარებას. და მე მინდა ვთქვა, რომ არასდროს არ ყოფილა ისეთი მტრული განწყობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ჩვენს შორის იყო მეგობრობა, ურთიერთგაგება და ეს რაც მოხდა ეს არის ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია. ჩვენ არასდროს არ უნდა ვთქვათ, რომ აფხაზეთი ან ცხინვალის რეგიონი დავკარგეთ. ჩვენ არ დაგვიკარგავს, ჩვენ დროებით არ ვაკონტროლებთ ამას. დადგება ღვთითკურთხეული დრო, ღვთის ნება ასრულდება, როცა აფხაზეთი და ცხინვალი კვლავ იქნება საქართველოს შემადგენლობაში.~ პატრიარქმა თქვა, რომ _ `საქმის კეთება უნდა ვიჩქაროთ, დასავლეთი ეჩვევა აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემებს, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს აი ამიტომ ჩვენ უნდა ვიჩქაროთ და გზები უნდა გამოვნახოთ ამათი დაბრუნებისათვის.~ საქართველოს სულიერმა მოძღვარმა გამოთქა ინიციატივა, რომ უნდა არსებობდეს კომისია აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარების შესახებ, რომელიც მთავრობას, ხალხს და მედიას ანგარიშს ჩააბარებს. ილია მეორემ სამეგრელოში ყოფნის დროს სამეგრელოს სიყვარული შემდეგნაირად ახსნა _`მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს სამეგრელო, მიყვარს ეს ემოციური ხალხი და მე კარგად გიცნობთ თქვენ მიუხედავად იმისა, რომ მე დაბადებული ვარ ყაზბეგში. ბევრი სითბო მინახავს თქვენგენ, მე მიმაჩნია, რომ ამ კუთხეს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს არამარტო სამეგრელოს რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. მე მინდა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და დაგავალოთ, რომ ეს მისია თქვენ უნდა აიღოთ _ საქართველოს გამთლიანების მისია.~ 19 სექტემბერის საღამოს კი პატრიარქმა ხობში მეგრული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი გახსნა. რის შემდეგაც ისევ ზუგდიდში დაბრუნდა. კვირას დილის 9 საათზე ილია მეორემ ზუგდიდი დატოვა და სენაკში იოანე ნათლისმცემლის ტაძარში წირვა ლოცვა აღავლინა. ტრაპეზის შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში გაემგზავრა.
P.შ. პატრიარქს თბილისიდან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ თოდუა, თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრი ბაჩო ახალაია და პარლამენტის წევრები ჩამოჰყვნენ. ახალაიას დაწიანურების შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტია მშობლიურ ქალაქში. თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს, მასპინძელი გუბერნატორი ზაზა გოროზია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, მიშასეულ შადრევანთან დახვდნენ. ერთმანეთს დაპირისპირებულ ახალაია-ქობალიას ტანდემს, პატრიარქის დახვედრის დროს შუაში გუბერნატორი გოროზია სარეკრეაციო საზღვრის გამყოფ `კედელად~ ედგა.

პაატა ლაგვიალვა