სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ინიციათივით, 23 ოქტომბერს ზუგდიდში ასოციაცია დეას ოფისში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რეგიონში მოქმედი ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით მოეწყო. მრგვალ მაგიდაზე განხილულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა რეგიონში, მათ წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე ისაუბრა ადგილობრივ პროგრამებსა და ღონისძიებებზე. სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი ვახუშტი მენაბდე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს _ `ჩვენ გავეცანით პრობლემებს, განვიხილეთ არსებული დაბრკოლებები და ვისაუბრეთ მომავალ თანამშრომლობაზე. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის ინიციატივები რაც ამ შეხვედრიდან წამოვიდა. ჩვენს ცენტრს ზუგდიდში წარმომადგენლობა არ ჰყავს, მაგრამ მათ შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველის ზუგდიდის წარმომადგენლობას, ბაგრატ ქირია ან გამოაგზავნონ კითხვები და პრობლემები ჩვენს ვებ-გვერდზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მათ დასახმარებლად.~ შეხვედრას ზუგდიდის რამოდენიმე საჯარო სკოლის წარმომადგენელიც ესწრებოდა. ზუგდიდის #5 საჯარო სკოლში ინკლუზიური განათლების საპილოტო პროგრამა მოქმედებს. სკოლის დირექტორი დოდო ცქვიტარია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: _ `ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, იმდენად რამდენადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხი არის მეტად აქტუალური განათლების სისტემაშიც. ეს შეხვედრა ძალიან ბევრის მომცველი და საინტერესოა.~ შეხვედრა ზუგდიდამდე ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა. 30 ოქტომბერს კი სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი ახალქალაქში ჩავიდა და შშმპ პრობლემები განიხილა.
პაატა ლაგვილავა