ხურჩაში არც საბავშვო ბაღია და არც სკოლა. სასწავლო დაწესებულება ხუთი წლის წინ იმ მოტივით დაუხურავთ, რომ საკმარისი მოსწავლეები არ ჰყავდათ. რის შემდეგაც მოსწავლეები არჩევანის წინაშე დადგნენ: პირველი, მოკლე, მაგრამ სახიფათო გზა ნაბაკევის სკოლამდე (ოკუპირებული სოფელი) თუ რვა კილომეტრის ფეხით გავლა შედარებით უსაფრთხოდ კოკის სკოლამდე?! არჩევანი ყველამ სურვილისამებრ გააკეთა. თუმცა მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი მაინც მოკლე გზას გადის და აფხაზეთში გადადის.
ამ სოფელში თითოეულ ოჯახს, ადამიანს საკუთარი ისტორია გააჩნია. სოფელი ცოცხალი მატიანეა იმისა თუ რა ხდებოდა აგვისტოს მოვლენების დროს ხურჩა-ნაბასკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ხურჩის მკვიდრი, მირიან კვარაცხელია საკუთარი სახლის ეზოდან უყურებდა გოროზიას (სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი) და ჩაბანის მოლაპარაკებას. _ აი აქედან ვნახე გოროზია პირველად და უკანასკნელად, როცა გენერალ ჩაბანთან ქონდა მოლაპარაკება. _ მითხრა მოხუცმა, თვალებში შემომხედა და საუბარი მშვიდად გააგრძელა. _ სამი დღე შემოდიოდნენ რუსები, თითქმის ორასამდე ტანკმა და ბეტეერმა გაიარა ეს პატარა ხიდი. ჩაბანმა თქვა თუ გაგვატარებთ და ტყვიას არ გაისვრით არაფერს დაგიშავებთ და თუ ერთ ტყვიასაც გაისვრით ქვა ქვაზე არ დარჩებაო. იმასაც ვხედავდი თუ როგორ დართეს ჩვენებმა ნება და როგორ გაატარეს რუსები. _ სევდიანად იხსენებს მირიან კვარაცხელია ნანახს და რძალს სთხოვს მოგვიყვეს ის ისტორია, რომელიც მის ძმას, ფრიდონ კვარაცხელიას გადახდა. _ ფრიდონი ასე ვთქვათ გამგებლობს ხურჩას. არ ვიცი რა დაუშავა ამ კაცმა აფხაზებს, მაგრამ ის ვიცი, რომ ცემეს და მოკვლასაც უპირებდნენ. ყვირილის ხმა მეზობელს, რომ გაუგია რუსებთან მისულა და უთქვამს ფრიდონ კვარაცხელიას აფხაზები კლავენ და უშველეთო. რუსებიც სირბილით წამოსულან და ძლივს მიუსწრეს. თურმე კედელთან დაუყენებიათ და დახვრეტას უპირებდნენ. _ გვიყვება ინგა კვარაცხელია და დასძენს, _ ზოგიერთებს ამას რომ ვუყვები არ მოსწონთ, მეუბნებიან რუსებზე კარგს რატომ ლაპარაკობო. რუსებზე კიდევ ერთის თქმა შემიძლია. ისინი აქ რამდენიმე წელი იდგნენ, ჩემი სახლიდან სულ რაღაც ორმოცდაათ მეტრში ქონდათ პოსტი, მაგრამ არ მახსოვს მათ ჩვენი ეზოდან სიმინდი ან ხილი წაეღოთ. როდესაც რუსები შემოვიდნენ და ყველანი ფოთსა და თბილისში წასასვლელად ემზადებოდნენ, ხალხის მოთხოვნით აქ ოთხი რუსი სამხედრო დატოვეს. _ რუსების და აფხაზების ურთიერთობაზე ვალერი კვარაცხელია ამბობს, რომ აფხაზები რუს სამხედროებს გაურბოდნენ და მათ სიახლოვეს არც კი ჩერდებოდნენ. _ როცა რუსებმა ხურჩა აიღეს, აფხაზებიც შემოვიდნენ, სწორედ ესენი მარადიორობდნენ. თითქმის ყველა ოჯახში შევიდნენ და ყველაფერი წაიღეს, მაგრამ ჩემთან არ შემოსულან. ნახეს, რომ ახლოს რუსები იდგნენ და ეტყობა ვერ გაბედეს. ომი ცუდია! _ თქვა ხურჩის მკვიდრმა.
_ ომი ომია და ამაზე დაუსრულებლად შეგვიძლია გესაუბროთ, მაგრამ ეშველება რამე? არა, რადგან ის უკვე წარსულია! ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის? _ მე და ჩემი კოლეგა პაატა ლაგვილავა, რომელთანაც ერთად `ვიმოგზაურე~ ხურჩაში, ვერ ვხვდებით რა უნდა იყოს ომზე უფრო დიდი უბედურება. _ მომავალი არა აქვს სოფელს. ვინ მეტყვის, სად გაუშვა ჩემი შვილი სკოლაში? აქ არც სკოლა გვაქვს და არც საბავშვო ბაღი. დიახ, ეს არის მომავალი, რომელზეც არავინ ზრუნავს. გოროზია აქ პირველად და უკანასკნელად შარშან ვნახეთ, როცა ჩაბანს შეხვდა. უგულავა კი ყოველთვის მოდიოდა, ყურადღებას გვაქცევდა, გვესაუბრებოდა და იცოდა ყველა ჩვენი პრობლემა. სკოლა აუცილებლად უნდა გაიხსნას სოფელში. _ გვითხრა ვიტალი კვარაცხელიამ.
სოფელში ხმა უცებ გავრცელდა, ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და იქნებ რამე გვეშეველოსო. ამ ადამიანებს მხსნელებად მოვეჩვენეთ. ჩვენთან საუბარზე უარი არავის უთქვამს, ყველა საკუთარ პრობლემაზე ყვებოდა. ყველას ერთი გასაჭირი და საერთო საზრუნავი აქვს. და მომავალი, მომავალი როგორი ექნებათ პატარებს?! ზაირა მორგოშია შუახნის ქალია და სახლში მეუღლესთან, ქალიშვილთან და მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობს. _ ამ წლების განმავლობაში რუსებს ჩემს ეზოში ჰქონდათ საგუშაგო. თხილი აკაფეს და იქ ააშენეს თავიანთი საცხოვრებელი. სახლს აწვიმს. მოხუცი დედა მყავს და წვიმიან ამინდში დამყავს იქით-აქეთ. რუსები ჩემს ეზოში, რომ იყვნენ იმიტომ მთავრობა სამას ლარს მიხდიდა ყოველ წლიურად, მაგრამ ამ თანხის მისაღებად ზუგდიდში სამასჯერ მიწევდა ჩასვლა. გასული წლის ოქტომბერში, როცა რუსები გავიდნენ თავიანთი საცხოვრებელი შენობა დაწვეს და ეზოც გადათხარეს. რამდენჯერ ვითხოვე, მოსულიყვნენ ტრაქტორით და გაესწორებინათ ეს ადგილი, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. რად მინდა მათი გასწორებული ეზო, მაგრამ ბრმად ვერ მიხვალ, შეიძლება ნაღმები ან რაიმე ფეთქებადი მოწყობილობა დატოვეს.
ვალერი თორიაც ხურჩის მკვიდრია, ის საკუთარ სახლში აფხაზებთან ერთად ოც დღეზე მეტხანს ცხოვრობდა და წუთითაც არ უფიქრია გაქცევა. _ ძალიან მიჭირს იმ ყველაფრის გახსენება, რაც გადავიტანე. დღემდე მიკვირს, როგორ გავუძელი ამდენ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას. მეუღლის საფლავზე ვიყავი წასული, რომ დავბრუნდი სხვა სოფელი დამხვდა. ყველგან აფხაზები დათარეშობდნენ და მარადიორობდნენ. თავიდან დახვრეტასაც მიპირებდნენ, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრეს. სახლ–კარის გადაწვითაც მემუქრებოდნენ. მერე მითხრეს თუ სოფლის დატოვებას შევეცდებოდი მომკლავდნენ. _ ვალერი თორიას სახლს ჭურვი მაშინ დაეცა, როდესაც აფხაზები და რუსები დიდი ხნის გასულები იყვნენ. _ კომისია და ექსპერტიზა მოვიდა, თქვეს, რომ ეს ტერორისტული აქტია, მაგრამ დღემდე ვერ გამირკვევია ჭურვი საიდან იყო ნასროლი. _ საუბრისას ვალერ კვარაცხელიამ აფხაზებთან ოც დღიანი `ტყვეობის~ ერთი დეტალიც გაიხსენა _ ერთხელ აფხაზებმა მითხრეს დაგვეხმარე, ხალხი აიყოლიე და მოითხოვეთ, რომ ხურჩა აფხაზეთს შევუერთოთო. გადაჭრით უარის თქმა არ შეძლებოდა, მომკლავდნენ და ვუთხარი, რომ ამაზე ვიფიქრებდი. ვცდილობდი დრო გამეყვანა და ვატყუებდი. მერე, მადლობა ღმერთს გავიდნენ. _ როცა სოფელს ვტოვებდით შუახნის მამაკაცს დავემგზავრეთ, დიდხანს გვესაუბრა სოფლის პრობლემებზე. ბოლოს დაგვემშვიდობა და `ქალაქში დაგვაბარა~ _ ყურადღებას თუ არ მოგვაქცევენ აქციებს მოვაწყობთ და მერე ნახეთ საქართველოს სირცხვილი. გვითხრან თუ პრობლემას ვუქმნით და ჩვენს თავს ჩვენ თვითონ მივხედავთ. მერწმუნეთ ეს სულ ადვილი საქმეა. ვფიქრობთ, რომ ენგურს გამოღმა სოფელი – ხურჩა ვიღაცისთვის ზედმეტი ტვირთია.
ხურჩაში ბაღის და სკოლის არფუნქციონირების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების სამსახურის უფროსმა მადონა ჯაბუამ გვითხრა, რომ _ სკოლის შესახებ კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, რადგან ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ის სოფელ ხურჩაში მომავალი წლიდან აუცილებლად იფუნქციონირებს.
სოფო ხუბულავა