მთავარი გვერდი

13 мар. 2010 г.

გაუმჯობესდება თუ არა დევნილების საცხოვრებელი პირობები უახლოეს ორ წელიწადში

რა მდგემარეობა აქვთ დევნილებს დღეს და რა სამოქმედო გეგმას სთავაზობს 2010-2011 წელებში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო _აფხაზეთიდან დევნილებს. სანამ გეგმას გავეცნობოდით დავიარეთ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები და მათი დღევანდელი მდგომარეობა ასეთია.
ზუგდიდი, ფაიფურის უბანი, ი. ჭავჭავაძის #6 საბჭოთა დროინდელი, სტამად წოდებული შენობა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, ერთი სამ სართულიანი და მეორე ორ სართულიანი კორპუსისგან. ეს, ის ადგილია, სადაც 17 წელი, აფხაზეთიდან დევნილი 57 ოჯახი თავს აფარებს. ამ კომპაქტურ ჩასახლებაში საერთო პრობლემა ძალიან ბევრია. ისინი დღეს, მძიმე რეალობაში ცხოვრობენ: ნახევრად ჩამოშლილი კედლები, პოლიეთილენით აჭედილი ფანჯრები, წყლისა და კანალიზაციის მოშლილი მილები, სახიფათოდ მოწყობილი ელექტრო გაყვანილობა, კორპუსიდან ასი მეტრით დაშორებული სველი წერტილები და ნახევრად ახდილი ჭერი. ეს პრობლემები ამ ხნის განმავლობაში მოუგვარებელი რჩება. თურმე ამ კომპაქტურ დასახლებას, ხშირად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუმრობენ, იწერენ მათ ოჯახურ მონაცემებს და საცხოვრებელ პირობებს. აიმედებენ, რომ აუცილებლად დაეხმარებიან, როგორც გალის რაიონ სოფ. სიდიდან დევნილი გოგუცა ქობალია ამბობს ,,მათი მოტანილი და გაკეთებული საქმე ჯერ არ მინახავს. მხარდაჭერის იმედით და დახმარების გარეშე გვტოვებენ. თავს მოტყუებულად ვთვლით”. პირველი, რაც მითხრეს ის იყო, რომ ,,ახლა ვისი დავალებით უნდა მოგვატყუოო...”
გალის რაიონ სოფელ ოტობაიიდან დევნილ ინოლა ანთიას შვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა. ის ქალიშვილთან ერთად ამ კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს. ,, ძალიან გვიჭირს, დღითიდღე უარეს მდგომარეობაში ვართ. ეს აუტანელი სიცივე და უპირობობა ბოლოს მოგვიღებს. დღემდე ვერ გამგია, რატომ არ მომცეს სოციალურად დაუცველის სტატუსი, როცა სახლში ერთი ძველი ხის მაგიდა და ლოგინი მაქვს. აღწერაზე სოციალურიდან ორჯერ მოვიდნენ და ორივეჯერ მაღალი ქულები მივიღე არ ვიცი ამ პროგრამაში როგორ ხვდებიან ოჯახები.”გვიყვება დიასახლისი. ინოლა ანთია სტამბის შენობის ბოლო, ანუ მესამე სართულზე ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი ასე გამოიყურება: აყრილი იატაკი, ჩამსხვრეული მინები, საცხოვრებელს აწვიმს, ოთახის კედლები დაბზარულია. ოჯახის ძირითადი შემოსავალი დევნილებისთვის განკუთვნილი ყოველთვიური 28 ლაერია. რაც ანთიას თქმით, საკვებისთვის არ ყოფნით.
ინოლა ანთიასგან განსხვავებით ხათუნა შარიას დიდი ოჯახი აქვს. ოჯახში სულ რვა სულია, მეუღლე, ოთხი შვილი და ორი შვილიშვილი. ამ ოჯახში ყველა უმუშევარია, მათი ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც თვეში 198 ლარს შეადგენს. დიასახლისის თქმით ,, ეს თანხა მხოლოდ საჭმელისთვის თუ გვეყოფა. ოჯახში სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებიც გვაქვს, მაგრამ მეტი შემოსავალი არ გაგვაჩნია. 198 ლარით კი ცხადია ყველაფერს ვერ გავწვდებით. იმედია ეს მთავრობა ჩვენთვისაც მოიცლის და ყურადღებას მოგვაქცევენ ძველ დევნილებს. გავიგეთ რომ 2010 წლიდან დაიწყებაო რაღაც პროგრამა და მაგისი იმედი გვაქვს. თორემ ამ პირობებში ცხოვრება უკვე აუტანელია." შეგახსენებთ, რომ ფაიფურის კომპაქტურ დასახლებაში 57 ოჯახი ამ პირობებში ცხოვრობს. ისინი ფიქრობენ, რომ 2010 წლიდან დაიწყება დევნილების დახმარების პროგრამა.
თუ, რა სამოქმედო გეგმა აქვს 2010 წლისთვის დევნილთა სამინისტროს, ამ ვითარების გასარკვევად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროს - ლევან მიქავას მივმართეთ.
ლევან მიქავამ კი გარკვევით გვითხრა, რომ დევნილთა სამინისტროსგან, კერძოდ პრესსამსახურისგან არის სერიოზულად გაფრთხილებული, რომ ინტერვიუებზე არ ჩაეწეროს და გამოსავალი, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის, პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის მიერ დამტკიცებული ოფიციალური დოკუმენტის გადმოცემაში გამონახა.
დევნილთა სამმართველოს მიერ მოწოდებულ 2009-2012 წლების სამოქმედო გეგმაში კი ვკითხულობთ, რომ 2010 წლისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იმ კატეგორიას, რომლებიც უარს იტყვიან კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში არსებული ფართობების საკუთრებაში მიღებაზე, მოხდება მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, რა იგულისხმება გაუმჯობესებაში ამ დოკუმენტში აღწერილი არ არის.
ასევე იგეგმება 2010 წლისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი საცხოვრებელი სახლების აშენება. პრიორიტეტი მიენიჭება იმ მუნიციპალიტეტს, სადაც დევნილები უკვე ცხოვრობენ და შესაბამისად ინტეგრირებულნი არიან. 2010 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად., ქ. თბილისში არ მოხდება ახალი საცხოვრებლების მშენებლობა. იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებსაც არ სურთ საცხოვრებელი ფართის მიღება ვინაიდან, გააჩნიათ სათანადო შემოსავალი და სურვილი აქვთ თავად შეიძინონ საცხოვრებელი სახლები, მათ გარკვეული ფინანსური დახმარება გაეწევათ საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში, ფულადი თანხა შედარებით ნაკლები იქნება მშენებლობისთვის საჭირო თანხაზე.
მოცემულ სამოქმედო გეგმის მესამე ეტაპზე ანუ 2010-2011 წების პროგრამაში ვკითხულობთ, რომ დევნილებს, რომლებსაც არ სჭირდებათ განსახლება (მაგ. გააჩნიათ საკუთრება) გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება; განისაზღვრება ფულადი დახმარების ოდენობაც. აქვე გეგმის მესამე ეტაპზე მოცემულია შემდეგი სახის დახმარება. მას შემდეგ, რაც განხორციელდება დევნილთა ინტეგრაციის მხარდამჭერი ღონისძიებები, მოხდება დევნილთა მიმართ სოციალური დახმარების სისტემის ტრანსფორმირება სტატუსიდან საჭიროებაზე. დევნილთა მხრიდან დახმარების მიღების მიზანშეწონილობა დაეფუძვნება რაციონალურ, ნათელ და გამჭირვალე კრიტერიუმებს. არა სოციალური ხასიათის, არამედ დევნილის სტატუსზე დამყარებული დახმარება უზრუნველყოფილი იქნება გამონაკლის შემთხვევაში, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პირისათვის.
სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპი, ანუ განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია დევნილთა სამმართველოში.
სამმართველოს უფროსი სპეციალისტის რამინ ძიმინტარაშვილის თქმით კი _პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობს განცხადებების მიიღებას საცხოვრებელ ფართზე, დაწყებულია. სამოქმედო გეგმის მიხედვით 2011 წლის ბოლომდე ნებისმიერი დევნილი უნდა დაკმაყოფილდეს საკუთარი საცხოვრებელი ფართით. ზოგი ითხოვს ფულად კომპენსაციას ზოგი კიდევ ფართით დაკმაყოფილებას. რისი უფლებაც მათ აქვთ.

ლორა ქობალია