
როგორ განისაზღვრა პრიორიტეტები ზუგდიდის მთავარ საფინანსო დოკუმენტში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 36-ე დადგენილების საფუძველზე თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 2010 წლის ბიუჯეტის პროექტში 11 მილიონ 676 ათასი ლარი იყო განკუთვნილი, თუმცა 2009 წლის 30 დეკემბერს საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში ზუგდიდის ბიუჯეტი 19 მილიონ 330 ათასი ლარით განისაზღვრა. ადგილობრივი ბიუჯეტი წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გრანტის სახით გადმორიცხული 8 მილიონ 846 ათას ლარით, ქონებრივი გადასახადებით, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლებით უნდა შეივსოს. მიმდინარე წელს კვლავ პრიორიტეტული გზების მშენებლობა იქნება. 21 ათასი ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება, 2 მილიონით შემცირებულ ბიუჯეტში ხელფასები და ადმინისტრაციული ხარჯები ეზრდება მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს.
2010 წლის ბიუჯეტში შემცირების მიუხედავად ხელფასები ეზრდებათ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, ის შარშანდელთან შედარებით 313 400 ლარითაა გაზრდილი და 1 მილიონ 178 200 ათას ლარს შეადგენს. თუმცა რა პრინციპით არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამშრომლებისათვის ხელფასების ზრდა უცნობია, ეს მაშინ, როცა თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს ანუ საკრებულოს წლევანდელ ბიუჯეტში ხარჯები 201 ათასზე მეტი ლარით აქვს შემცირებული. მთავრობის მიერ ყბადაღებულ თემას ქამრების შემოჭერასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ ითვალისწინებენ და ადგილობრივი ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად გამგეობის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს, თითქმის 2-ჯერ 259 ათას 400 ლარით ეზრდებათ ხელფასები მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოები ხელმძღვანელებს (სოფლის გამგებლებს). ეს მაშინ, როცა გამგეობის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა რიცხვი შარშანდელთან შედარებით არ იზრდება. არჩევნების წელს ასევე საეჭვოდ იზრდება მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი. თუ შარშან ფონდში 5 ათასი ლარი იყო გადარიცხული, წინასაარჩევნოდ სარეზერვო ფონდის ბიუჯეტი 40-ჯერ (195 ათასი ლარით) გაიზარდა და 200 ათასი ლარით განისაზღვრა.
მაშინ, როდესაც ადგილობრივ ბიუჯეტს ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად თანხები არ ყოფნის, იზრდება დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება. კერძოდ 21 ათასი ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების ფინანსური მხარდაჭერა (ცნობისთვის შსს ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს ნახევარ მილიარდზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი). ეს მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი 225 ათასი ლარის მიზნობრივი ტრანსფერი უკვე გაწერილია. კერძოდ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილ ტრანსფერში _ საზოგადოებრივი ჯანდაცვის (110 000), სამხედრო-სარეზერვო სამსახურისთვის (105 000), ომის შედეგად დაღუპულთა უკვდავსაყოფად (10 000) და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების (23 700) პროგრამების განხორციელებას ხმარდება.
წელს ისევ პრიორიტეტულია გზების მშენებლობა, მისი ბიუჯეტი უმნიშვნელოდ არის შემცირებული და წელს 2 მილიონ 390 ათას 500 ლარით არის განსაზღვრული. ხიდების და სარწყავი არხების მშენებლობა-გარემონტებისათვის კი 332 ათასი ლარია გამოყოფილი (შარშან 402 000). 5 ათასი ლარით არიას გაზრდილი გარე განათების რეაბილიტაციის პროექტი და წელს ის 1 მლნ. 77 ათას 100 ლარით განისაზღვრა. ასევე წელს გაზრდილია სახანძრო-სამაშველო სამსახურის დაფინანსება, თუ შარშან სახანძრო სამსახურს 789 300 ლარი ქონდა გამოყოფილი, წელს მისი ბიუჯეტი 225 700 ლარით გაიზარდა და 1 მილიონ 15 ათასით განისაზღვრა.
წელსაც არ მოგვარდება ქალაქის მთავარი პრობლემა წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია-მოწყობა. 2010 წლის ბიუჯეტში ასევე მინიმალური თანხაა გამოყოფილი (266 000 ლარით შემცირებული) სახურავების შეკეთებისათვის. სახურავების მსგავსად, წელსაც ვერ მოგვარდება ზუგდიდის მაღალსართულიანი სახლების მთავარი პრობლემა, რადგან ლიფტების რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში 0 ლარია გამოყოფილი.
საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსება წელს ჯამში 456 ათასი ლარით კლებულობს და 1 მილონ 763 ათას 700 ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში ადგილობრივმა მთავრობამ ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელება სწორად მოახდინა და საჯარო სკოლების ფინანსური ხელსეწყობის შემცირებით, ბაღებს დაფინანსება გაუზარდა. წელს სკოლამდელი აღზრდის პროგრამის დაფინანსება 360 ათასი ლარით იზრდება და 1 მილიონ 450 ათას ლარს შეადგენს. ბაღებისგან განსხვავებით არ იზრდება და 46 ათასი ლარით მცირდება კულტურული ღონისძიებების დაფინანსება. შარშანდელის მსგავსად არც 2010 წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებული არ არის ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაციისა და გადახურვისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსება. ზუგდიდის თეატრის ისტორიულ შენობას უკვე რამოდენიმე წელია აწვიმს. ამის მიუხედავად თეატრის ბიუჯეტი წელს 41 ათასი ლარით შემცირდა. ეს მაშინ, როდესაც ქორეოგრაფიულ ანსამბლ `ოდიშს~ დაფინანსება გაეზარდა და 130 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო #1 სამუსიკო სკოლას თეატრზე 20 ათასი ლარით მეტი აქვს გამოყოფილი. ცნობისთვის #1 სამუსიკო სკოლას წელს 120 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, ხოლო შარშან ეს ციფრი 111 ათას ლარს შეადგენდა.
2010 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საერთოდ არა აქვს დაფინანსება ადგილობრივ მუზეუმს. ხოლო სამხატვრო გალერეას, რომელსაც მხოლოდ ერთი საგამოფენო დარბაზი აქვს, დაფინანსება 4 300 ლარით გაუზარდეს და ის წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 ათას ლარს მიიღებს.
მაშინ როდესაც 2 მილიონით შემცირებულ ბიუჯეტში ხელფასები და ხარჯები ეზრდებათ გამგეობის თანამშრომლებს _ მცირდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები დაფინანსება. თუ შარშან სოციალური პროექტების დასაფინანსებლად 578 700 ლარი იყო გამოყოფილი, წელს ის 15 ათასი ლარით შემცირდა და 563 600 ლარი შეადგინა. თუმცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
2010 წლის ბიუჯეტშიც შარშანდელის მსგავსად კვლავ პრიორიტეტული გზების მშენებლობა, გარეგანათების დამონტაჟება და დელეგირებული უფლებამოსილების შესრულებაა. ადგილობრივ მთავრობას, არც წელს უცდია, გასული წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს დაშვებული შეცდომის გამოსწორება და გაზრდის მიუხედავად მცირდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება. ყოველივე ამის ფონზე კი წინასაარჩევნოდ იზრდება გამგეობის თანამშრომლების ხელფასები და აღმასრულებელი ორგანოს ოფისის ხარჯები, ასევე იზრდება სარეზერვო ფონდის ბიუჯეტი, რომელიც არჩევნების დროს ყველაზე იოლად გამოსაყენებელი კოზირია.
P.შ. ბიუჯეტის მერვე მუხლის თანახმად მიმდინარე წლის 1 მარტამდე გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ უნდა უზრუნველყოს სოციალური დარგით გათვალისწინებული დახმარების წარდგენა საკრებულოს წინაშე, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ცალკეული კატეგორიების მიხედვით.
კონტროლი ბიუჯეტის შესრულებაზე საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიებს და თავად შემსრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს ალექსანდრე ქობალიას დაევალა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამ შემადგენლობით ბიუჯეტს ბოლოჯერ უყარა კენჭი.
ზუგდიდის 2010 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას ხელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გონელი ნაჭყებიამ მოაწერა.
პაატა ლაგვილავა