
ოჯახის დიასახლისი ნინო სიჭინავა ჩვენთან საუბარში ამბობს: _ `ჩვენი საცხოვრებელი სახლი ხედავთ, რომ სამი ოთახისგან შედგება, თუ ამას ოთახს დავარქმევთ. ხედავთ რა პირობები გვაქვს აქ, ისე ცივა როგორც გარეთ, ღრიჭოებიდან ქარი შემოდის და სახლს ვერანაირად ვერ ვათბობთ. როცა ცუდი ამინდია სახლში შემოსვლაც არ გვინდა. არადა არანირი საშუალება არ გვაქვს, ჩემი მეუღლე ავადმყოფია, ვერც ფიზიკურად მუშაობს. ბავშვებს რა ვაჭამოთ და რა ჩავაცვათ არ ვიცით.~ ოჯახის დიასახლისმა შვილებზე და მათ ფინანსურ პრობლემებზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა და `სამეგრელოს ქრონიკასთან~ გულახდილ საუბარში აღნიშნა _ `სოციალურ დახმარებას ისეთ ოჯახებს აძლევენ, რომლებსაც სინამდვილეში ეს დახმარება არ ჭირდებათ, მაგრამ ვიღაც ნათესავები ყავთ და ჩვენაირების ხარჯზე დახმარებას მათ აძლევენ. რამოდენიმეჯერ განცხადება შევიტანეთ, თხოვნით მივმართეთ სციალურ ცენტრს, მაგრამ ამაოდ.~
სოციალური აგენტი სიჭინავებთან რამოდენიმე თვის წინ მივიდა, მაგრამ ყავით გამასპინძლების გამო აგენტმა სიჭინავები `მდიდრებად~ ჩათვალა და მაღალი ქულები მიანიჭა, _ `აგენტები აღწერაზე, რომ მოვიდნენ ყავა მოვუდუღე. წინა დღეს ჩემი და მოვიდა და ყავა და ნამცხვარი მოგვიტანა, ეგ გვქონდა და გავუმასპინძლდი სოციალურ აგენტებს. ქართველები ვართ, სტუმარი მოვიდა და რაც მქონდა იმით გავუმასპინძლდი. ისიც ვუთხარი, რომ ეგ ჩემმა დამ მომიტანა, მაგრამ ჩათვალეს, რომ რახან ნამცხვარი და ყავა მქონდა მდიდარი ვიყავი. თურმე თუ ყავა და ნამცხვარი ვიღაცამ მოგიტანა, სოციალური დახმარება არ გჭირდება. არადა ხედავთ რა მდგომარეობაშიც ვართ და რა პირობებში გვიწევს ცხოვრება. სიმინდი, რომ სიმინდია ისიც კი გავყიდეთ, ჩემი მეუღლის ავადმყოფობის გამო. ბავშვებს ღომსაც კი ვერ ვაჭმევ. თხილი წელს 45 კილო ავიღეთ და ისიც წინასწარ გაყიდული გვქონდა. რითი გამოვიზამთროთ აზრზე არა ვართ.~ ამბობს ჩვენთან საუბარში სიჭინავების ოჯახის დიასახლისი.
სიჭინავების მსგავსად უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება მათი მეზობლის პაატა ასათიანის ოჯახს. ასათიანების ოჯახშიც ხუთნი არიან. ავთანდილ სიჭინავას მსგავსად შრომის უუნაროა პაატა ასათიანიც, არც მის ოჯახში მუშაობს ვინმე. ასათიანების შვილები სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა წვიმიან ამინდში ტანსაცმლის უქონლობის გამო სასწავლებლად ვერ დადიან. _ `ბავშვები სკოლიდან, რომ ბრუნდებიან ტირიან და საჩივრებით გვეუბნებიან - ჩვენს კლასელებს თბილად აცვიათ, ფეხი არ უსველდებათ - მე კი გული მიკვდება, მათ ისეთ პირობებს, რომ ვერ ვუქმნით, სკოლაში იარონ. არადა საწყლებს სწავლა უნდათ, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ, მათ ცოდვაში ჩავვარდი, არ ვიცი რა ვქნა. ბავშვები ბევრ რამეს გვთხოვენ, წიგნები, რვეულები, ჩანთები უნდათ ჩვენ კი არცერთი არ გვაქვს. გუშინ ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა მითხრა _ დე, ჩემი ოთახი მინდა მქონდეს, რომ ვიმეცადინო, ოდესმე მეღირსებაო. ვუთხარი კი მალე გექნება მეთქი, აბა რა მეთქვა. არადა რომელ სამეცადინო ოთახზეა საუბარი, როცა ლუკმა პურს ვერ ვაჭმევთ,~ _ ამბობს ცრემლიანი თვალებით ოჯახის დიასახლისი შორენა ასათიანი. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა ასათიანებს ჯერ სოციალური დახმარება არ ღირსებიათ. მათთან სოც. აგენტი უკვე იყო და სავარაუდოდ ასათიანებს სოციალურ დახმრებას მარტიდან დაუნიშნავენ.
ასათიანების ძირითადი შემოსავალი თხილია, თუმცა როგორც დიასახლისი გვიყვება ბავშვების ავადმყოფობის გამო, წელს თხილი წინასწარ გაყიდეს.
სიჭინავებისა და ასათიანების პრობლემის გასარკვევად, `სამეგრელოს ქრონიკა~ ზუგდიდის სოციალური ცენტრის უფროსს ბესო თოდუა დაუკავშირდა. თოდუამ ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ _ `ქულები ჩვენთან არ იწერება, როდესაც აგენტები შემოწმებაზე გადიან და მონაცემებს აგროვებენ. მერე მონაცემები თბილისში იგზავნება და ამის შემდეგ ჩვენ ჩამოგვდის ქულობრივი შეფასება.,, ბესო თოდუა აღნიშნავს _ `ყველა გაიძახის, დახმარება მეკუთვნის და არ მაძლევენო, არადა ფაქტებით უნდა ვისაუბროთ.~
მარიკა მოსია