რა ხდება ე.წ. საზღვარზე?
ამჟამად ადმინისტრაციულ საზღვარს, რუსებთან ერთად აფხაზი მესაზღვრეებიც აკონტროლებენ. `სამი კვირა იქნება რაც ადმინიცტრაციულ საზღვარზე მდგომარეობა მოჩვენებით, მაგრამ მაინც შეიცვალა. ამჟამად საზღვარს რუსებთან ერთად აფხაზებიც აკონტროლებენ. ძნელია ყოველდღე ოკუპანტის შოლტის გარტყმა, რომ ის ოკუპანტია. მიხვდნენ, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ შეცდომა იყო. ამის შემდეგ რუსები იძულებულები გახდნენ აფხაზებიც დაეყენებინათ გვერდით~, - ამბობს კილანავა.
ხურჩა-ნაბაკევის, განმუხუხური-ფიჩორის, ფახულანი-საბერიოს და ენგურის ცენტრალური ხიდით გადასვლა ამჟამად განსაკუთრებული პრობლემების გარეშე შესაძლებელია. თუმცა, როგორც სოფლელები ყვებიან, ურჩევნიათ მაშინ გადმოკვეთონ ე.წ. საზღვარი, როცა რუსი სამხედროები საგუშაგოზე არ დგანან. “როდესაც სამეგრელოში გადასვლა გვინდა ვცდილობთ მაშინ წავიდეთ, როცა იქ რუსები არ დგანან. ასეც, რომ არ იყოს და დაგვიჭირონ არაფერი მოხდება, იქაური მცხოვრები თუ ხარ. რომ ამბობენ ჯარიმებიაო ტყუილია”. - ამბობს ოტობაიელი შუა ხნის მამაკაცი.
როგორი ურთიერთობა აქვთ აფხაზებსა და რუსებს?
`მათ ერთად ვერ ნახავ, ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. როგორც ჩვენ ვემალებით რუსებს, ისე ემალებიან აფხაზებიც. აფხაზები ახლაც დადიან სოფელში, მაგრამ წინათ სურსათს, რომ ითხოვდნენ ახლა ასე არ არის. აფხაზები ახლა მხოლოდ მიწის გადასახადის ასკრეფად დადიან. რუსები კი არასოდეს შემოსულან ჩემ სახლში. ერთხელ შევიპატიჟე, მაგრამ არ შემოვიდნენ, თქვეს უფლება არ გვაქვსო”. -გვითხრეს გალელებმა.
რა ხდება ოკუპირებულ სხვა სოფლებში?
შავი ზღვის ფიჩორის სანაპირო ზოლზე სამხედრო ქალაქის მშენებლობის გეგმა, როგორც ადგილობრივი მკვიდრი ყვება წარმატებით მიმდინარეობს და რუსებმა უკვე სკოლის მშენებლობაც დაიწყეს. `ბაზის ასაშენებლად გამოყოფილ ტერიტორიაზე გეოდეზიური სამუშაოები უკვე დასრულებულია და როგორც რუსები ამბობენ იქ უახლოეს მომავალში 2 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ერთი ხუთ სართულიანი იქნებაო და მეორე კი ოთხი. ზღვის სანაპიროზე, ყოფილ `პივნიასთან~ კი უკვე დაწყებულია სკოლის მშენებლობა. 2 სართული უკვე ააგეს. შკოლა ჩვენი შვილებისთვის არ იქნება, იქ სამხედრო მოსამსახურეების შვილები ისწავლიან. რაც შეეხება სამხედრო ბაზის მშენებლობაზე დაკავებულ მუშებს, უმეტესობა ყაბარდოელია~. აღნიშნა, ფიჩორელმა რესპოდენტმა, რომელსაც ზუგდიდში გავესაუბრეთ.
სამხედრო ქალაქის მშენებლობის შესახებ თორნიკე კილანავა ამბობს, რომ მშენებლობა მეთოდურად მიმდინარეობს და იქ ნამდვილი სამხედრო ქალაქი აშენდება, რომელსაც ექნება სრული ავტონომია და ინფრასტრუქტურა. `საცხოვრებელი სახლები, რომელიც ფიჩორში შენდება, განკუთვნილი იქნება ოფიცრებისთვის და სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ხოლო ოტობაიაში პირადი შემადგენლობისთვის”.
ფიჩორში, სამხედრო ქალაქის მშენებლობაში თუ ყაბარდოელები არიან დასაქმებული, სოხუმში მიმდინარე მშენებლობაში გალში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილია ჩართული. `სოხუმში მიმდინარე მშენებლობებში გალის მოსახლებაც არის დასაქმებული და ხელფასაც კარგად უხდიან. ჩვეულებრივ მუშას 300-400 ლარს, ხოლო კარგ ოსტატს 1000 ლარამდე. სოხუმში ძირითადად, სასტუმროების და გზების მშენებლობა მიმდინარეობს. მთელი ბარღების ახალგაზრდები იქითაა წასული და კმაყოფილებიც არიან”. ყვებიან გალელები.
განათლება
სხვადასხვა ქართული საინფორმაციო საშვალებებით ვრცელდება ცნობები, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში მდგომარეობა სავალალოა. კერძოდ, მოსწავლეებს ქართულ ენაზე სწავლებას უზღუდავენ და აიძულებენ აფხაზური ენის შესწავლას. ამ ინფორმაციას `სამეგრელოს ქრონიკასთან~ საუბარში, ქვემო ბარღების მკვიდრმა სიცრუე უწოდა. ~სწავლება ჩვეულებრივ ქართულ ენაზე მიმდინარეობს. ტელევიზიით ხშირად მომისმენია, რომ ქვემო ბარღების სკოლაში ქართულ ენაზე სწავლას უკრძალავენო. ეგ არ დაიჯეროთ – ტყუილია”. - ამბობს ახალგაზრდა ქალი და დასძენს - `მართალია აფხაზურ და რუსულ ენასაც ასწავლიან, მაგრამ მათ ამის გაკეთებას არავინ აიძულებს.
ბავშვებმა განსაკუთრებით ვერ აითვისეს აფხაზური”. აფხაზური ენის სწავლებაზე ქვემო ბარღების სკოლის მოსწავლემაც გვიამბო, - `ამჟამად ვსწავლობთ ქართულ ენაზე. აგრეთვე ვსწავლობთ რუსულ და აფხაზურ ენებსაც. აფხაზური რთულია, მაგრამ მასწავლებელი არ გვაიძულებს ვისწავლოთ, ასე ვთქვათ `ლაითად~ ვსწავლობთ. გვითხრა ბარღელმა მოსწავლემ.
სოფო ხუბულავა