მთავარი გვერდი

24 мая 2010 г.

წინასაარჩევნო დარღვევები


2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებს დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა უკვე დემოკრატიის ტესტი უწოდეს. ახალი საარჩევნო კოდექსი, არათანაბარი პოლიტიკური გარემო, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება _ საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში ძირითადად ამ თემებზე საუბრობენ. ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 107 საარჩევნო უბანია გახსნილი. 30 მაისს კი ზუგდიდის 130 ათასამდე ამომრჩეველი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას აირჩევს. თუმცა ნაციონალური არხების `იმედად~ დარჩენილი ამომრჩევლის ნაწილს გონია, რომ თბილისის მერს ირჩევს, უკვირთ, მაგრამ ვერ ხსნიან, რატომ? ამერიკის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაზე დამაჯერებელი უპირატესობიოთ ლიდერობს. რამდენ მანდატეს აიღებს მმართველი გუნდი ზუგდიდში და როგორ დაკომპლექტდება ახალი საკრებულო ეს არჩევნების მეორე დღეს გახდება ცნობილი. არჩევნებამდე ზუგდიდის ოპოზიციური პარტიები მათი კანდიდატების დაშინებაზე და წინასაარჩევნო დარღვევებზე ალაპარაკდნენ.
დაშინება და მუქარა
რამდენიმე დღის წინ სატელეფონო მუქარა განხორციელდა ზუგდიდის საოლქო კომისიის ოპოზიციონერ წევრზე. საოლქოში ეროვნული საბჭოს წარმომადგენელს, კონსერვატორ მამუკა აბულაძეს ფარული ნომრიდან უცნობმა პიროვნებამ დაურეკა და გონს მოგებისკენ მოუწოდა. ფარული ნომრის იდენტიფიცირება აბულაძემ ოპერატორი ქსელის ოფისში ვერ მოახერხა. `უცნობმა პიროვნებამ დამირეკა და გამაფრთხილა, ხომ იცი ადგილობრივი არჩევნები ტარდება და თუ არ მოიქცევი ისე როგორც ხელისუფლებას სჭირდება, სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნითო. მე ვკითხე თუ ვინ იყო და რომელი უწყებიდან მირეკავდა, მან კი მითხრა, რომ ეს ამ ეტაპზე ჩემთვის საინტერესო არ იყო და თუ გონს არ მოვეგებოდი ყველაფერს ჩემს თავზე ვიწვნევდი. უცნობი მიმეორებდა, რომ ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ეს ხელისუფლებას აწყობდა~. განაცხადა ჩვენთან საუბარში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის კონსერვატორმა წევრმა მამუკა აბულაძემ. აბულაძემ მომხდარის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აცნობა, თუმცა სამართალდამცავი უწყებებისათვის არ მიუმართავს. აბულაძე ამას პოლიციისადმი უნდობლობით ხსნის.
კანდიდატებისა და კომისიის წევრების დაშინების ახალ მეთოდზე გვიყვება ალიანსის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ნონა თოლორაიაც. `ალიანსის ერთერთმა მაჟორიტარმა კანდიდატურა სწორედ დაშინების შემდგ მოიხსნა, ამ სიტყვებით იწყებს ჩვენთან საუბარს თოლორაია და განაგრძობს, _ `ქალბატონია, დააშინეს, უთხრეს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება არანაირად არ წაადგებოდა მის შვილს და სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. მოვიდა ოფისში და გვითხრა ყოველივე. ვეცდებით ეს ქალბატონი დავიყოლიოთ და ვთქვათ სიმართლე, მას ჯერ კიდევ ეშინია და ჩუმად არის~. თოლორაიას თქმით წინა არჩევნებისგან განსხვავებით ხელისუფლება დაშინების ახალ მეთოდებს იყენებს, რაც უფრო დახვეწილად და ეფექტურად ჩანს. `ხელისუფლება უკვე პირდაპირ კი არ გზავნის ზონდერებს და პირდაპირ არ აშინებს კანდიდატებს. უკვე ნათესავებს იბარებენ, ვინც საჯარო უწყებაში მუშაობს და მათგან უთვლიან, რომ გონს მოეგონ. უკვე დაიწყეს კომისიის წევრების დაშინება, რამოდენიმე კომისიის წევრეს სოფლებში უთხრეს, რომ ხელის შეშლა არ გაბედოთო, ალბათ ცხადია რას გულისხმობს `ხელის შეშლაში~ ხელისუფლება.~
კანდიდატების დაშინებაზე საუბრობენ `სამართიანი საქართველოსთვის~ სამეგრელოს ორგანიზაციაში. ყოფილი პრემიერის ირგვლივ შემოკრებილ `ეროვნულ საბჭოში~ აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ტერორი აქტიურ ფაზაში შეიყვანა. _ `დაურეკეს და დააშინეს მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის ზუგდიდის ორგანიზაციის გამგეობის წევრი მზიურ კვარაცხელია. Mმას უცნობი პიროვნება ნომრიდან 857 21 67 83 ურეკავდა და ემუქრებოდა~. აცხადებს სამართლიანი სქართველოს ზუგდიდის ოფისის პრეს-სამსახური მარინა დამენია. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართლიანი საქართველოს მარტვილის ორგანიზაციის მაჟორიტარ დეპუტატს, კლიმენტი ფოჩხუას. ფოჩხუა მარტვილის ცენტრში პოლიციის თანამშრომელმა მამუკა ბაჩილავამ ცემა.
ადმინისტრაციული რესურსი
დაშინების გარდა ზუგდიდის ოპოზიციური პარტიები არათანაბარ პოლიტიკურ გარემოზე და წინასაარჩევნო პიარისთვის რეგიონში არარსებულ ადმინისტრაციულ რესურსზე მიანიშნებენ. `ალიანსი საქართველოსთვის~ წარმომადგენელი ნონა თოლორაია, თვლის, რომ ამ არჩევნებში მთავარი პრობლემა, მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. თოლრაია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კონკრეტულ ფაქტზეც მიუთითებს _ `ნაც. მოძრაობა ადნმინისტრაციულ რესურსი გამოიყენა. მმართველი გუნდის პირველმა ნომერმა ლევან კონჯარიამ, საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ, წამლები დაურიგა სოფლეის მოსახლეობას. ის რამოდენიმე სოფელში იყო ჩასული და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფული გაიხარჯა. ჯერ ერთი ის არის დარღვევა, რომ კანდიდატი ამომრჩეველს წამლებს ურიგებს რა მეორე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, როდესაც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიისთვის ბიუჯეტიდან თანხები იხარჯება. ლევან კონჯარიამ ღიად და აშკარად გამოიყენა სახელისუფლებო სტრუქტურა საკუთარი საარჩევნო კამპანიისათვის. ხელისუფლებამ უკვე დაიწყო არჩევნების გაყალბება~, _ აცხადებს თოლორაია. ნაციონალუღი მოძრაობის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, პარლამენტარ, ლაშა დამენიას _ ნაციონალური მოძრაობის პირველი ნომერის ლევან კონჯარიასა და მმართველი პარტიის მიერ, ზუგდიდის 7 სოფელში წამლების დარიგების ფაქტზე კომენტარი ვთხოვეთ. დამენიას თქმით, მათ ამით საარჩევნო კოდექსი არ დაურღვევიათ, რადგან: `ეს მაშინ, მოხდა, როცა ლევანი კანდიდატად წარდგენილი არ იყო. პარტიამ მიწერა `ავერს~ და `პე-ეს-სეს~, მათ გამოგვიყვეს წამლები და პარტიის ეგიდით დავარიგეთ სოფლებში. როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვიდა და დაასახელა ლევანი კანდიდატად, მას შემდეგ ეს არ მომხდარა~.
პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდში კანდიდატები 19 აპრილს წარადგინა. თუმცა კონჯარიამ ნაცმოძრაობასთან და ზუგდიდის გამგეობასთან ერთად ზუგდიდის 7 სოფელში წამლები 30 მარტს, ანუ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ დაარიგა. ამ გარემოებას ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი შემდეგნაირ ახსნას უძებნის: `ლევანი მაშინ კანდიდატი არ იყო~. ჩვენს კითხვაზე _ მართალია, ლევან კონჯარია კანდიდატად წარდგენილი არ იყო მაგრამ არჩევნებში მონაწილე სუბიექტი, ნაციონალური მოძრაობა ხომ არიგებდა წამლებს _ შემდეგნაირად გვპასუხობს, _ ნაც. მოძრაობის ეგიდით იყო, მაგრამ ლევანი არიგებდა, როგორც კი მორჩება არჩევნები, ისევ დავიწყებთ წამლების დარიგებას. რაგან ამით ვცდილობთ სოფელში მცხოვრებ იმ ადამიანებს დავეხმაროთ ვინც ვერ ახერხებს წამლების შეძენას~.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია ნაციონალების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის და წამლების დარიგების შესახებ ინფორმირებული არ არის #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე ნანა ოყუჯავა ჩვენთან საუბარში ამბობს _ `ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცით, თუ მოგვმართავენ განვიხილავთ~. ალბათ საოლქო საარჩევნო კომისიას ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ უნდა ცოდნოდა რადგან ადგილობრივ ტელევიზიაში კონჯარიას ნაციონალურ ვიზიტს ზუგდიდის სოფლებში არაერთი სიუჟეტი მიეძღვნა. ნაციონალების სამედიცინო აქცია სოფელ ჯიხაშკარში ცენტრალურმა არხებმაც გააშუქეს.
კიდევ ერთ დარღვევაზე და სოფლის რწმუნებულების საარჩევნო აგიტაციაში ჩართულობაზე საუბრობს `ეროვნული საბჭოს~ მესამე ნომერი, კონსერვატორი, შამგონას მაჟორიტარობის კანდიდატი დემნა ხუბუა. ხუბუა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შამგონას სოფლის რწმუნებული გოჩა შენგელია, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაყვება და პიარს უკეთებს, _ `ხალხს ეუბნებიან, რომ სკოლას სოფლის მაჟორიტარი ააშენებს. გზის მოხრეშვას ახდენენ, მინი ფეხბურთის სტადიონს აშენებენ და ეუბნებიან, რომ ამ ყველაფერს შამგონას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ღურწკაია აკეთებს და ამიტომაც უნდა მისცეთ _ ხმაო~.
ოპოზიციის ამ ბრალდებებსაც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა ლაშა დამენიამ უპასუხა: `შვებულებაში გასულ მოხელეს კანონმდებლობა არ უკრძალავს, რომ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. რაც შეეხება შამგონას სოფლის რწმუნებულს, მას განცხადება დაწერილი აქვს და შვებულებაშია. ასე, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს~, განაცხადა დამენიამ. კონსერვატორი დემნა ხუბუა ამბობს, რომ მასიურად ყველას შვებულებაში გაშვება არჩევნების აბუჩად აგდება და ოპოზიციის არათანაბარ პირობებში ჩაყენებაა. `სოფლის რწმუნებული თუ მოხსნილია ან შვებულებაშია, რა ესაქმება ყოველდღე სოფლის გამგეობის შენობაში. თუ შვებულებაშია იქ არც უნდა იყოს და ადმინისტრაციული შენობა არ უნდა გამოიყენოს~, ამბობს კონსერვატორი დემნა ხუბუა.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენაბა შეინიშნებოდა ზუგდიდის 17-ე მაჟორიტარულ ოლქში (სოფ. ოდიში). როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ნაციონალების ოდისიშის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაპუნა ჯიჭონაიამ, სოფელ ოდიშის ერთ-ერთ უბანში, გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი ტრაქტორები მიიყვანა და მოსახლეობას მიწა დაუხნა, ამ ფაქტს `სამართლიან საქართველოშიც~ ეხმაურებიან და ადმინისტრაციული რესურსის გამყენებად მიიჩნევენ. მომხდარის შესახებ კომენტარის გაკეთება ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსს ლაშა დამენიას ვთხოვეთ. დამენია ტრაქტორების შესახებ კონკრეტულულ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა ამ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს _ `ახლა მოხვნის სეზონია, შემოდგომაზე არავინ ხნავს. კანდიდატს ეს არ გაუკეკეთებია, ალბათ იდგა იქ სადაც ხნავდნენ, მასაც აქვს მიწა რომელიც უნდა მოეხნა. მის მაგივრად იქ ნებისმიერ სხვა კანდიდატს შეუძლია დადგეს. ჩვენ არჩევნების გამო ვერ შევაჩერებთ მშენებლობებს, ვერ გამოვრთავთ შუქს და ამ სამი თვის განმავლობაში მმართველი გუნდი უძრავად ვერ იქნება~, — აცხადებენ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბში.
ცნობისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი 30 სოფლის რწმუნებულიდან წინასაარჩევნოდ შვებულებაში 26 გავიდა, მათ მოვალეობას კი ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტები ასრულებენ.
მდივნების ყბადაღებული თემა
ზუგდიდის 107 საარჩევნო უბანზე მდივნები ოპოზიციურმა პარტიებმა შემდეგნაირად გადაინაწილეს: 27 მდივანი `რესპუბლიკელებს,~ ასევე 27 პოლიტიკურ მოძრაობა `ჩვენ თვითონს~, 29 _ `მრეწველებს~, ხოლო 24 მდივანი ეყოლება `ქრისტიან-დემოკრატებს.~ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქდმ და `ჩვენ თვითონ~ საარჩევნო ბლოკში არიან გამოდის, რომ მათ ზუგდიდის 51 უბანზე საკუთარი მდივანი ეყოლებათ. უბნებზე არცერთი მდივანი არ ყავთ კონსერვატორებს და ლეიბორისტებს. Mდივნების ამგვარ გადანაწილებას ალიანსში ეხმაურებიან, ნონა თოლორაია აცხადებს, _ `მიკვირს ასე რატომ მოიქცა ოპოზიცია და თავი რატომ გაიყიდა. Nნაც. მოძრაობამ ეწ. ოპოზიციურ პარტიებში გარდა რესპუბლიკელებისა, მოახერხა, რომ კომისიის წევრები და მდივნები თვითონ დაეკომპლექტებინა. რადგან ადამიანები ვინც მათ სიებში მოხვდნენ ან ნაციონალების აქტივისტები არიან, ან მათი ნათესავები. გამოდის რომ ზუგდიდში 27 მდივანი ალიანსს ეყოლება დანარჩენი 80 კი ხელისუფლებას.
მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია გაიარეს და საოლქოში სიები წარმოადგინეს, აქტიურობით არ გამოირჩევიან `ქრისტიან-დემოკრატები,~ პარტია `თავისუფლება,~ `თოფაძე-მრეწველები,~ `თორთლაძე-დემოკრატიული პარტია~ და `ეროვნულ დემოკრატიული პარტია~. ქრისტიან-დემოკრატების გარდა სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტ-სუბიექტების ოფისებს დღემდე ვერ მივაკლიეთ. `ალიანსში~ და `სამართლიან საქართველოში~ მათ ფსევდო ოპოზიციას უწოდეს.
P.შ. 30 მაისს, საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან საკრებულოს, 41 წევრის შემადგენლობით ზუგდიდი აირჩევს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კი ადგილობრივი საკრებულოს პირველ სხდომა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში ჩატარდება.
პაატა ლაგვილავა