მთავარი გვერდი

24 мая 2010 г.

არჩევნები და დევნილები


არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ადმინისტრაციული საზღვარის გადაკვეთა, ჯერჯერობით განსაკუთრებული პრობლემების გარეშეა შესაძლებელი. თუმცა დევნილები შიშობენ რომ, საარჩევნოდ ადმინისტრაციულ საზღვარზე, შესაძლებელია მგომარეობა დაიძაბოს. 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადენელს თორნიკე კილანავას.
_ ბატონო თორნიკე, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმართველობის არჩევნები დევნილებისთვის?
_ ჩვენი დაინტერესება ძალიან დიდია ამ არჩევნების მიმართ. ჩვენ არ ვართ მაყურებლის როლში, ვმონაწილეობთ ამ არჩევნებში და არავითარ შემთხვევაში არ ვართ ყბადაღებული ადმინისტრაციული რეზერვი. არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს მიეცა იმის საშვალება, რომ თავისი საარჩევნო პროგრამა მიეტანა დევნილებამდე. ამ არჩევნების მიმართ დაინტერესება დიდია, ვინაიდან გამოსავალი მხოლოდამხოლოდ საერთაშორისო ნორმების დამკვიდრებაში და გამჭვირვალობაშია, ხოლო არჩევნები ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია დემოკრატიის განვითარებისთვის. ჩვენ აგრეთვე ხელს ვუწყობთ, არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს, რომ კონტაქტი იქონიონ დევნილებთან, რადგან მკაფიოდ გააცნონ თავიანთი საარჩევნო პროგრამა.
_ დევნილი ამომრჩევლის სიებთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ?
_ წინა წლებისგან განსხვავებით, სიები მოწესრიგებულია და არ ფიქსირდება ქაოტური მდგომარობა. მინდა გითხრათ, რომ წინა წლებთან შედარებით დევნილი ამომრჩევლის სიები მნიშვნელოვნად მოწესრიგდა. უმისამართო დევნილების რიცხვიც მკვეთრად არის შემცირებული, თუმცა ჯერ კიდევ გვყავს ასეთი ამომრჩეველი. უმისამართო ამომრჩევლებისთვის კი სპეციალურად გაიხსნა საარჩევნო უბანი, სადაც მათ საშუალება ექნებათ დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი და სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნონ თავი.
_ ბატონო თორნიკე, როდესაც ჩვენ დევნილებს, თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აზრი ვკითხეთ, გვითხრეს, რომ ვერ გებულობენ თუ რატომ უნდა მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ როდესაც ადგილობრივ ბიუჯეტში მათთვის თანხები არ არის გამოყოფილი.
_ მცდარია მოსაზრება, თითქოს ადგილობრივ ბიუჯეტში დევნილებისთვის თანხები არ არის გამოყოფილი. ზუგდიდის ბიუჯეტი ვერ განასხვავებს დევნილს ადგილობრივი მცხოვრებისაგან, ვინაიდან ზუგდიდში ყოველი მესამე მცხოვრები დევნილია. და რომ, მოხდეს დევნილებისთვის ცალკე თანხების გამოყოფა, ეს იქნებოდა ზუგდიდის ბიუჯეტის მესამედი.
_ თქვენი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, მოახერხებენ თუ არა 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ელით თუ არა რაიმე სახის პროვოკაციებს ადმინისტრაციულ საზღვრებთან?
_ ველოდებით იგივე სახის ქმედებებს რაც ახასიათებს კონფლიქტის ზონას, როდესაც ტარდება არჩევნები. ბუნებრივია, მათი ქმედებებიდან გამომდინარე ისინი გაატარებენ გარკვეული სახის ღონისძიებებს, შესაძლებელია ჩაიკეტოს ადმინისტრაციული საზღვარი. მიუხედავად ყველაფრისა მწამს, რომ დევნილები შეძლებენ და დააფიქსირებენ თავიანთ არჩევანს.
სოფო ხუბულავა