მთავარი გვერდი

17 июн. 2010 г.

კახა მიქაია ჰამაკიდან ხეების მოჭრას აპროტესტებს


17 ივნისს „დაიცავი საქართველოს“ სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერმა კახა მიქაიამ ზუგდიდში მორიგი აქცია გამართა. ამჯერად მიჯაია, ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებზე მრავალწლიანი ხეების მოჭრას აპროტესტებს. მიქაიამ პროტესტის ნიშნად ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ჰამაკი ჩამოკიდა და „გამაფრთხილებელი შიმშილობა“ დაიწყო. მიქაია ხეების ჭრაში ზუგდიდის გამგეობის ბიზნეს ინტერესებს ხედავს და ამბობს, რომ: ,,უკანონოდ მოჭრილი ხეების გადამუშავებით აღებული ხის პროდუქცია, მთლიანად მიითვისა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა, ამ საქმეში სრულიად არაკომპეტენტურმა პიროვნებამ ბესიკ ჭითანავამ. მათ ზუგდიდის ცენტრში გაანადგურეს სრულიად ჯანმრთელი კედრის, მაგნოლიის, ჭადრისა და მუხის უნიკალური ჯიშები.“
მიქაიას განცხადებით ზუგდიდში ხეების ფართო მასშტაბიანი კაფვა კიდევ იგეგმება, მისი თქმით ხელისუფლება ბოტანიკური ბაღის გასხვისებასაც აპირებს: „მათ დაიწყეს ხალხის შემზადება და იგეგმება ბოტანიკური ბაღისა და ბულვარის ნარგავების გაჩეხვა, იგეგმება ბოტანიკური ბაღის გასხვისება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე, თავდაპირველად აპირებენ, რომ მიზანმიმართულად გაავერანონ ბაღი და შემდეგ იაფად ჩაუგდო ხელთ ინვესტორს და ფასიანი გაგვიხადონ ბოტანიკურ ბაღში დასვენება.“ აღნიშნა აქციაზე მიქაიამ და ზუგდიდელებს გონს მოგებისკენ მოუწოდა.
ამ განცხადებების გაკეთების შემდეგ დაიცავი საქართველოს ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარზე საგულდაგულოდ დაკიდებულ ჰამაკში ჩაწვა და ერთდღიანი შიმშილობის აქცია გამართა. მიქაიამ მედიისთვის განცხადება ჰამაკიდან გააკეთა: „ჩვენ ვაპროტესტებთ ჭადრების ხეივანის განადგურებას და ვაცხადებთ ერთდღიან შიმშილობას ხეზე. თუ ამ ხალხმა გაბედა და დადიანისეული ჭადრები გაანადგურეს მთელი ზუგდიდი დადგება ფეხზე და არ მისცემს, ალექსანდრე ქობალიას იგივე ,,დადულის“(დადული ქართულად დედალს ნიშნავს. ავტ.) დადიანების ბაღის განადგურების საშუალებას.“
ჰამაკზე ჩამოკიდებულია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, თუ რა დანიშნულება ჰქონდა პრეზიდენტის ფოტოს აქციაზე კახა მიქაია ასეთ განმარტებას იძლევა: „ამათ მიშა უკიდიათ თავთან, მიშა არის ამათი ღმერთი, ჩემთვის მიშა რაც არის და სადაც მიკიდია საზოგადოება ხედავს. ყველა ქართველისთვის მიშა უნდა ეკიდოს იქ სადაც ახლა კიდია“
თუ რატომ გაიჩეხა ზუგდიდში ხეები, იგეგმება თუ არა ბულვარის და ბოტანიკური ბაღის გაჩეხვა რეალურად, ამის გასარკვევად ჩვენ შ.პ.ს. „კოლხის პეიზაჟის“ დირექტორს ბესიკ ჭითანავას დავუკავშირდით: „მოგეზსენებათ შარშან ზუგდიდში ავარიულმა ხემ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მსგავსი ავარიული ხეები იყო ამ ქალაქში და სწორედ ეს ხეები მოვჭერით ჩვენ, ეს იყო სანიტარული ჭრა. კონკრეტული ხე მოიჭრას თუ არა ამას სპეციალიტები და კომისია სწავლობს და შემდეგ ხდება მისი მოჭრა. რაც შეეხება ბოტანიკურს და ბულვარს, ჩვენ იქ არ ვაპირებთ ხეების მოჭრას, მაგრამ თუ რომელიმე ხე ადამიანების ჯამრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, როგორ ფიქრობთ არ უნდა მოიჭრას? ამ მოჭრილი, ავარიული ხეების ადგილზე ირგვება ახალი დეკორატიული ხეები და მგონი ქალაქისთვის სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ.“ ჩვენთან საუბარში ბესიკ ჭითანავამ ხეების ჭრასთნ დაკავშირებით ბიზნეს ინტერესები უარყო. გამგეობის ინფორმაციით კი მოჭრილეი ხეები ზამთარში სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაურიგდებათ.
პაატა ლაგვილავა