მთავარი გვერდი

12 окт. 2010 г.

ნელი ნავერიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო



დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მესტიის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, “რესპუბლიკელი” ნელი ნავერიანის სასამართლო პროცესი მეორედ გადაიდო. შეგახსენებთ, რომ 9 ივლისს, მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი, მისი უახლოესი ნათესავები: მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე, "ენერგო-პრო ჯორჯიას" მესტიის განყოფილების მთავარი ინჟინერი ტარიელ ჯაფარიძე და მესტიის მკვიდრი შოთა ჯაფარიძე სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. მოგვიანებით კი დანაშაულებრივ კავშირში ყოფნის ბრალდებით მესტიის საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ ჯაფარიძეც დააკავეს.
ამჯერად სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი დაკავებულ დავით ჯაფარიძისა და ძებნილ ჯამბულ ჯაფარიძის ადვოკატების, საპატიო მიზეზით, გამოუცხადებლობა იყო. მომდევნო სასამართლო პროცესი მოსამართლე დავით კეკენაძემ 26 და 29 ოქტომბერს ჩანიშნა.
შეგახსენებთ, რომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს პროკურატურამ ნავერიანის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიზეზად დანაშაულის სიმძიმე დაასახელა. ნავერიანის ადვოკატებმა ამჯერად შუადგომლობა ისევ დააყენეს და საპროცესო გარიგების თანხა 5 ათას ლარამდე გაზარდეს. თუმცა როგორც ნავერიანის მხარე აცხადებს პროკურატურიდან შუამდგომლობაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ.
ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები კანადელ ინვესტორს მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაში ხელის არშეშლის პირობით 70 ათას ლარს სძალავდნენ. პროცესზე კანადური მხარის წარმომადგენელი, დაზარალებულად ცნობილი წალენჯიხის მკვიდრი დავით ქუხილავაც იმყოფებოდა.
როგორც დაკავებულის ახლობლები ამტკიცებენ აღნიშნული მიწა მათი მამაპაპისეული საკუთრებაა და ხელისუფლება მხოლოდ, მათთვის ამ მიწის ჩამორთმევის სურვილით მოქმედებდა. ნავერიანის ახლობლები, მესტიის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის და მისი ახლობლების დაპატიმრებას ნელი ნავერიანის პოლიტიკური აქტივობით ხსნიან. ნავერიანი მესტიის საკრებულოში პოლიტიკური აქტიურობით გამოირჩეოდა, ის ადგილობრივი ხელისუფლების ძლიერი ოპონენტი იყო. ნელი ნავერიანის დაკავებას წინ უძღვოდა მის მიერ გახმაურებული ინფორმაცია მესტიაში წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური კანდიდატების დაშინების და კანდიდატურების მოხსნის შესახებ. ნავერიანი გაზეთ `თავისუფალ სიტყვასთან~ ზემოთ აღნიშნულ ინტერვიუში მხარის გუბერნატორის ზაზა გოროზიას და სხვა მარალჩინოსნების ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობაზე საუბრობდა.
პაატა ლაგვილავა