მთავარი გვერდი

15 окт. 2010 г.

ზუგდიდის გამგეობაში პროკურატურა შევიდა ახალაია VS ქობალია



















ზუგდიდის გამგებელ ალექსანდრე ქობალიას და მხარის მთავარ პროკურორ როლანდ ახალაიას შორის არსებული ფარული დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადავიდა.
ზუგდიდის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობით როლანდ ახალაიას უწყება დაინტერესდა. "სამეგრელოს ქრონიკისთვის” ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2007, 2008, 2009 წლებში, გამგეობის მიერ ჩატარებული ტენდერები, ფირმებთან დადებული ხელშეკრულებები, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და გამგეობის მიერ წარმოებული ყველა საფინანსო დოკუმენტაცია გაიტანა.
პროკურატურა, სწორედ ალექსანდრე ქობალიას გამგეობის დროს წარმოებულ საქმეებს სწავლობს. როლანდ ახალაიას უწყებას გამგეობიდან გატანილი აქვს გუბერნიის ფასადის შემინვისთვის გახარჯული 2 მილიონამდე ლარის ხარჯთაღრიცხვა, გუბერნიის ფასადის შემინვაზე 2008 წელს შ.პ.ს "ბლოკ ჯორჯია" მუშაობდა, რომელმაც ობიექტი ტენდერის გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკებით მიიღო.
პროკურატურის მიერ გატანილ საქმეებში ასევე ფიგურირებს ზუგდიდი ყინულის სახლის მშენებლობისთვის და ცენტრალური პარკის (ფრანგული ბაღის) მოწყობისთვის გახარჯული მილიონობით ლარის საქმე. ცნობისთვის ყინულის სახლის მშენებლობის სამუშაოები "ბლოკ ჯორჯიას” მსგავსად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შ.პ.ს. "არტ ლაინ თრეველმა" მიიღო. ცენტრალური პარკის განახლებაზე 2007-2008 წლებში შ.პ.ს. "ევროცენტრი" მუშაობდა. საგულისხმოა, რომ "ევროცენტრ"-მა ეს სამუშაოები ასევე ტენდერში გამარჯვების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკებით მიიღო.
"სამეგრელოს ქრონიკისთვის" ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში, საქმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე უკვე აღძრულია, საქართველოს სსკ 332-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ზუგდიდის გამგეობის საქმიანობით პროკურატურის დაინტერესებას, ადასტურებენ როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურაში ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც.

პაატა ლაგვილავა