მთავარი გვერდი

29 дек. 2010 г.

„ჟენევის მოლაპარაკება ყრუთა მოლაპარაკებაა“

როგორი იყო 2010 წელი საქართველოსთვის კონფლიქტების მოგვარების მხრივ,რა შედეგები მოყვა მთელი წლის განმავლობაში ჟენევის და ჭუბურხინჯის შეხვედრებს, რა გართულება შეიძლება მოყვეს ტერმინ „ოკუპაციას,“ აქვს თუ არა სოჭის ოლიმპიადას კავშირი საზღვრების გამკაცრებასთან, ვისთან სურთ აფხაზებს დიალოგის გამართვა და როგორ აისახება ქართველი პოლიტიკოსების მოსკოვური ვოიაჟი ქართულ –აფხაზურ ურთიერთობებზე ამ თემებით „სამეგრელოს ქრონიკა“ დაინტერესდა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა:
როგორ შეაფასებდით 2010 წელს ქართული კონფლიქტების მოგვარების კუთხით?
– კონფლიქტის მოგვარებით არ გამოირჩევა 2010 წელი, პირიქით სიწყნარე იყო.
2010 წელს უფრო სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგა. საქართველოს მთავრობის მხრიდან მთელი ყურადღება გადატანილი იყო ტერმინ ოკუპაციის საერთაშორისო დონეზე გატანაზე. საქართველოს მთავრობამ მიიღო საკმაოდ უცნაური დადგენილება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმინობის წესების შესახებ, რაც აშკარად თვალსაცემად მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს მეტ იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ვინაიდან მთავრობა პრაქტიკულად უკრძალავს საერთაშორისო ორგანიზაციებს განახორციელოს ღონისძიება, რაც ადრე იყო, და აიძულებს მათ განახორციელონ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა აფხაზეთის თუ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაზე. ოკუპაციის აღიარებას კარგი არაფერი მოჰყვება. ფაქტია, რომ ოკუპაცია არსებობს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვეუბნებიან კი ბატონო ვაღიარეთ ოკუპაცია, მაგრამ თქვენ რა შედეგის მიღწევა გინდათ ამით. თუ თქვენ გინდათ აფხაზებსა და ოსებს შეურიგდეთ ამით ვერ შემოირიგებთ. პირიქით კიდევ უფრო დაგაშორებთ. მათ უკვირთ ჩვენი სტრატეგიის სიმყიფისა და უპრინციპობის. უცხოური ორგანიზაციები გვეკითხებიან, თქვენთვის რა არის უფრო მთავარი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება თუ ოკუპაციის აღიარება? ამიტომ დაფიქრდით კარგად რას მოგიტანთ ეს აღიარება, თქვენ აფხაზეთს ამით იცილებთ და არ იახლოვებთ. უდაოა, რომ რუსეთმა პირდაპირ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მნიშვნელოვან ნაწილს დღეს უკანონოდ ფლობს. ისინი ვერ ხედავენ შედეგს, მეც ვერ ვხედავ.
ანუ თქვენ ამბობთ, რომ ოკუპაციის აღიარება შედეგზე არ არის გათვლილი.
– რათქმაუნდა. ოკუპაციის აღიარებით რა, რუსეთს შერცხვება?! ეს აღიარება არსებით შედეგს ვერ გამოიღებს. პირიქით უფრო დაგვაშორებს აფხაზეთს და ოსეთს. ჩვენშია უფსრკული და ეს ამოსავსებია. ეს აშკარად მიუთითებს ამ ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე და მათ არ იციან როგორ მოიქცნენ. კოდორის მოვლენები, ხურჩაში ტერაქტი, სამი ბავშვის წვალება, უამრავი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ არასწორად იქცევიან და მათი მოქმედებები არა თუ მიზანს გვაახლოებს არამედ გვაშორებეს.
ანუ, დღეს შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის მოგვარების საკითხში ამერიკას ნეიტრალური მხარე უჭირავს?
– ცხადია, რომ ამერიკას ნეიტრალური მხარე უჭირავს. ისინი გვეუბნებიან ჩვენ გიქმნით პირობებს და თქვენ მოაგვარეთ საქმე. ამერიკა გვეუბნება, ჩვენ მხარს ვერ დაგიჭერთ იმიტომ კი არა, რომ თქვენ არ ხართ მართლები, არამედ იმიტომ, რომ მეორე მხარე არ გვენდობა. რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ შედიან კონფლიქტის ზონაში.
რამდენად შედეგიანი იყო ჟენევის შეხვედრები?
– არც ერთ ჟენევის მოლაპარაკებას არ ქონია სერიოზული შედეგი. აშკარად ჩანს, რომ ჯერ–ჯერობით ჟენევის მოლაპარაკება ყრუთა მოლაპარაკებაა ანუ იქ ყველას მონოლოგი აქვს და დიალოგი არავის სურს. ყველას უნდა თავისი სათქმელი თქვას რუსებს, ქართველებს, აფხაზეთს, ოსებს, უცხოელები კი სხედან და ელოდებიან როდის დაიწყება დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შედეგები არ ქონია, მე მაინც პრინციპულად მომხრე ვარ შეხვედრები ტარდებოდეს. ეს ფორმატი, რომ დავხუროთ ვერ მივხვდებით საითკენ მიდის სიტუაცია,არის თუ არა დინამიკა. მიუხედავად იმისა შედეგები არის ნულის ტოლი, შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან შედეგს მოიტანს.
ჟენევისგან განსხვავებით ჭუბურხინჯის ხუთმხრივი შეხვერებს თუ მოჰყვება შედეგები, ესეც ხომ ამ პროექტის გაგრძელებაა?
– ცხადია არ იქნებოდა ჭუბურხინჯის შეხვედრები, რომ არა ჟენევის შეხვედრები, ეს შეხვედრები ერთმანეთზე დამოკიდებულია. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჭუბურხინჯის შეხვედრებს შედეგები მოყვება ზერელედ და ნელა, მაგრამ მაინც მხარეები ცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას. უფრო მეტად თანამშრომლობენ კონკრეტულ თემებზე, იქ არაა პოლიტიკაზე საუბარი. ვიღაცას აპატიმრებენ, ვიღაცას იტაცებენ – ასეთ საკითხებზე მსჯელობენ და რეზონანსაც აღწევენ. წამოჭრილი ათი საკითხიდან 2–3 საკითხი მაინც წყდება ხოლმე, ესეც ძალიან კარგია. აქვე მინდა ვთქვა, რომ შორს ვართ იმ დიალოგიდან რაც არსებობდა 2008 წლამდე.
რუსების მიერ საზღვრების მონიშვნის პროცესი, არის თუ არა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული?
– რუსეთი ცდილობს განახორციელოს სახელმწიფო საზღვარი. პირველი მიჯნა დადგას სოჭის ოლიმპიადაზე. საზღვრების გამკაცრებით არც ერთი ტერორისტი არ ჩავიდეს და ვითარება არ დაძაბოს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს მიერ, უვიზო რეჟიმის შექმნა ჩრდილოეთ კავკასიასთან იქნება პრობლემური სოჭის ოლიმპიადაზე, რადგან ბევრი აქედან მოინდომებს სოჭში მოხვედრას. არ არის გამორიცხული რომ რუსეთს ამ ლეგენდის აგორება სურდეს, ამის ფონზე საჭიროა უფრო მეტი ურთიერთობა უნდა გვქონდეს აფხაზებთან.
როგორ ფიქრობთ აფხაზებს მოსწონთ ის რაც ახლა აფხაზეთში ხდება?
– აფხაზებს არათუ მოსწონთ, არც სიამოვნებთ ის, რაც ახლა აფხაზეთში ხდება. ჩვენ აფხაზებს ჟენევის მოლაპარაკებაში ადამიანებად არ ვთვლით, თითქოს და საერთოდ არ არსებობენ ისინი. მე კი მგონია ჩვენ და აფხაზები, რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ დონეზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ შეიძლება ერთი პოზიცია გვქონდეს რაღაც საკითხზე. ამ დროს აფხაზების პოზიციიდან გამომდინარე უფრო მომთხოვნები იქნებოდნენ რუსების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციები, უფრო პრინციპულად დაგვიდგებიან და დაგვიცავენ. მათ ორი უკიდურესობიდან აღიარება თუ უსაფრთხოება, მიიღეს – უსაფრთხოება. ჩვენ ეს ვერ გავთვალეთ. სულ მაგას ვეუბნებოდი ქართულ მხარეს – აფხაზები ამბობენ დამოუკიდებლობას და გულისხმობენ უსაფრთხოებას. რუსეთმა უსაფრთხოება შეუქმნა და წაართვა დამოუკიდებლობა.
ვინ არის საქართველოში აფხაზებისთვის მისაღები პოლიტიკოსი, რომელთანაც დიალოგს გამართავდნენ?
– იყო პერიოდი, როდესაც მათ გიგა ბოკერიას სიმპათიები ჰქონდათ, მაგრამ ის ფაქტი თუ როგორ იქცევა ბოკერია ჟენევის მოლაპარაკებებზე არის ამაზრზენი. შემდეგ ეს მიდგომა მათგან შეიცვალა რადგან, თავად ამბობენ, რომ ბოკერია ჩვენ ჟენევის მოლაპარაკების დროს მოგვმართავს, თქვე მარიონეტებოო. ედუარდ შვარნაძის პრეზიდენტობის დროს დავით ბაქრაძემ შემოგვთავაზა დაგვეწერა კონცეფცია ქართულ–აფხაზურ ურთიერთობებზე. ბაქრაძე დაახლოებული იყო შევარნაძესთან და დაიყოლია ამის განხორციელებაში. ამ პროექტის ფარგლებში ტარდებოდა შეხვედრები ქართველებსა და აფხაზებს შორის. ერთ–ერთ შეხვედრას 2004 წლის ივნისში აჭარის მოვლენები დაემთხვა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები გიგა ბოკერია და გოგა ხაინდრავა. აფხაზები დაძრულები არიან ჩვენკენ აინტერესებთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაღალი დონის დელეგაცია მოდის. კონცეფციის ბოლო აკორდებია. ჩვენ ადგილზე ვართ და ველოდებით გიგა ბოკერიას და გოგა ხაინდრავას. აფხაზები ძალიან ენდობოდნენ ბოკერიას, რადგან ის მუშაობდა ამ კონცეფციის ბოლო აკორდზეც. ბოკერიამ ყველაფერი მაშინ გააფუჭა, როცა კითხეს, რას აკეთებდითო? და უპასუხა, რაღაცეებს ვწერდით კედელზეო (ფლიპჩარტზე). მის მიმართ სიმპათიები მაინც დარჩა. აფხაზები მას ჭკვიან და გომნიერ ადამიანად თვლიდნენ. ერთადერთი ვისაც შეუძლია ქართულ–აფხაზური პოლიტიკის შეცვლა გიგა ბოკერიაა.ის არის გონიერი ადამიანი ვინმაც იცის ქართველების და აფხაზების ურთიერთობის შესახებ, მაშინაც კი როცა ასე ჩაცემენტებულია თავის აგრესიაში ანუ ხელოვნურ აგრესიაში. მაგრამ ფაქტია თუ ვინმეს შეუძლია პოლიტიკა შეცვალოს, მართლა თქვას ის რაც სათქმელია მე ამ ადამიანში უფრო დავინახავდი, სხვას ვერავის ვხედავ. ბაქრაძე კი ათეულშიც კი არ შედის ქვეყანაში, ვისაც ჭკუას ეკითხებიან. ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ არც სპიკერი და არც პრემიერ მინისტრი საქართველოს საკითხს არ წყვეტს. ჟვანია იყო ბოლო პრემიერ მინისტრი ვინც წყვეტდა საკითხებს ქვეყანაში. ბოკერია, რომელიც იყო პარლამენტის რიგითი წევრი, როცა მაია ნადირაძე იყო უმრავლესობის თავმჯდომარე, მაშინ უფრო მეტს აკეთებდა ბოკერია ვიდრე პარლამენტის სპიკერი მთლიანად აღებული .
საინტერესოა, ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტი მოსკოვში, როგორ აისახება კონფლიქტზე?
– ყოვლად მიუღებელია , იმიტომ რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი და რუსეთი არასდროს ყოფილა გამორჩეული რაღაცის დათმობით. რატომ შევიდა საქართველო დსთ–ში? იმიტომ, რომ აფხაზეთი დაგვებრუნებინა. ბაქრაძე აკეთებდა განცხადებებს, თუ არ შევალთ დსთ–ში ზუგდიდს აიღებენ, დაბომბავენ, სისულელეებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მთავარი იყო აფხაზეთს დაგვიბრუნებდნენ. არადა დსთ– ში ვიყავით როცა რუსეთმა დაგვბომბა. არ მახსოვს შემთხვევა, როცა ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და რუსეთს ეს დაეფასებინა.პრაქტიკულად 20 წელი გავიდა კონფლიქტის შემდეგ, 15 წელი დსთ–ში შესვლისა რა მოგვცა,აფხაზეთის რა ნაწილი დაგვიბრუნა, რა ფორმით?! გალელების დაბრუნება გალში, ეს გალელების ვაჟკაცობაა. დღეს მიდიან ოპოზიციის წარმომადგენლები მოსკოვში და რას წარმოადგენენ ისინი ამ საკითხში?! არც ერთ მათგანს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, რომ განვსაზღროთ რამდენ ადამიანს მოსწონს მათი საქმიანობა და უცებ მიდიან პოლიტიკური პარტიის სახელით. რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ლეგიტიმური მთავრობის და შუამავლის მეშვეობით.

ლორა ქობალია