მთავარი გვერდი

29 дек. 2010 г.

ღამის რვა საათზე, მალულად მიღებული ზუგდიდის ბიუჯეტი


„სამეგრელოს ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 28 დეკემბერს საკრებულოს სხდომა, გასაიდუმლოებულად, ღამის რვა საათზე გამგეობის შენობაში ჩატარდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა საკრებულომ საიდუმლო შეკრებაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცა.
დეკემბრის, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა 27 დეკემბერს გაიმართა, თუმცა სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. თუ რა გახდა ბიუჯეტის არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიისგან მალულად მიღების მიზეზი, ან რატომ შეიკრიბა საკრებულო ღამით, ამის გასარკვევად ჩვენ საკრებულოს პრესცენტრს ელიზა კვარაცხელიას დაუკავშირით. კვარაცხელიას თქმით-დოკუმენტში ცვლილებების შესატანად, საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვიტა სასწრაფოდ სხდომა ჩატარებულიყო.
საკრებულოს, ღამით გამართული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა გია ალასანიამ. ალასანიას „სამეგრელოს ქრონიკა“ ტელეფონით ესაუბრა:- "ნოემბრის ბოლოს საკრებულოს დარგობრივ სხდომაზე დავსვი საკითხი თუ როგორი უნდა ყოფილიყო ბიუჯეტის მიღების პროცესი. ეს უნდა ყოფილიყო საჯარო და გამჭირვალე, რაზეც თანხმობა მივიღე. 28 ნოემბერს, საღამოს შვიდ საათზე დამირეკეს და მითხრეს სხდომის ჩატარების შესახებ. სასწრაფოდ უნდა დამტკიცებულიყო ბიუჯეტი. ცხადია მე ამ განხილვაში და დამტკიცებაში მონაწილეობას არ მივიღებდი ვინაიდან დოკუმენტს არ ვიცნობდი. საკრებულოს სხდომა, რომ დაიწყო, მე ბოდიში მოუხადე მომხსენებელ, რუსლან კილასონიას და ვუთხარი, რომ მესმის მუშაობის დროს სირთულეები არსებობს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, მაგრამ მე ვერ მივიღებ მონაწილებოას ბიუჯეტის დამტკიცებაში, რადგან არ ვიცნობ დოკუმენტს, რომლის დამტკიცებაზეა საუბარი. შევისწავლი ამ დოკუმენტს და შემდეგში აღვნიშნავ დადებით და უარყოფით მხარეებს, აუცილებლად მოგაწვდით შეხედულებებსთქო და დავტოვე საკრებულოს სხდომა."
დასმულ კითხვაზე, ესწრებოდნენ თუ არა სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალების წამომადგენლები ალასანიამ გვიპასუხა, რომ – "სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ."