მთავარი გვერდი

30 дек. 2010 г.

წითელი ბაფთებით გაყოფილი სახლ–კარი


რუსმა მესაზღვრეებმა ენგურის განაპირა ზოლი წითელი ბაფთებით მონიშნეს, როგორც თვითონ მოსახლეობას ეუბნებიან , მათ მიერ მონიშნულ საზღვარზე მავთულხლართებს ორ ნაწილად გაიყვანენ და შუა ნაწილს დანაღმავენ. მონიშნული საზღვარი ზოგ ადგილას საცხოვრებელ ეზოს ორად ყოფს და მოსახლეობა არჩევანის წინაშე დგება, სახლი თუ ოდა? ვისაც გაუმართლა და მონიშნული საზღვარი არა თუ სახლსა და ოდას უყოფს, არამედ საყანე მიწასა და თხილნარს, რაც მათი ძირითადი შემოსავლის წყაროა, არჩევანის გაკეთება მაინც გარდაუალია. რუსმა მესაზღვრეებმა საგუშაგო დატოვეს და ფახულანი–საბერიოს ე.წ. საზღვარზე "მოჩვენებით სიმშვიდეს" ამყარებენ. თვითონ კი ტყეში გადაინაცვლეს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის, რადგან ისეთი პოზიციები აქვთ დაკავებული მთელს სასაზღვრო პერიმეტრს აკონტროლებენ. და შესაბამისად შემოვლითი გზით ვერ სარგებლებენ. ამის გარდა დილა–საღამოს ტანკებით პატრულირებენ.
ლიანა ჯანგვალაძის ოჯახი ერთ–ერთი ოჯახია, რომელიც რთული არჩევანის წინაშე დადგა. მის ოჯახს არჩევანის გაკეთება საცხოვრებელ სახლსა და ოდას შორის უწევს. ოდა, რომელიც ამ ეტაპზე წითელი ბაფთებით არის მონიშნული ე.წ. საზღვრის მიღმა დარჩა. ჯანგვალაძის თქმით – "არ ვიცი რა ვქნა. მარტო ოდაზე ხომ არ არის საუბარი. მთელი საყანე მიწა და თხილნარიც ჩაიყოლიეს და რომ ვთხოვე, თუ რამე შეგიძლიათ, ცოტა მაინც გადაწიეთ ეს საზღვარითქო. მაშინ მითხრეს აირჩიე ან საქართველოში იცხოვრებ ან ჩვენთანო. არ ვიცით რა ვქნათ, სახლი რათ მინდა შემოსავლის გარეშე. გამოუალ მდგომარეობაში ვართ."
ამ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე პრობლემა არ ექმნებათ მხოლოდ პედაგოგებს, მოსწავლეებს და სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც ყოველ სამუშაო დღეს გადმოდიან საზღვარზე და მესაზღვრეების მიერ გაცემული ე.წ. საშვებით სარგებლობენ.
ნინელი კვირკველია პედაგოგია, ის ყოველ სამუშაო დღეს საზღვარზე გადმოდის, როგორც თვითონ ამბობს, მას პრობლემა საზღვარზე არასდროს ექმნება, რასაც ვერ იტყვის სხვა მოქალაქეებზე, - „შიგნით საბერიოში მდგომარეობა სტაბილურია. არავის აწიოკებენ, სახლში არავის უვარდებიან, ქუჩაშიც არავინ გაგაჩერებს, პრობლემა მხოლოდ საზღვარზეა. თუ შეაღწევ მერე არავინ შეგეკითხება ვინ ხარ და საიდან მოდიხარ." ნინელი კვირკველიასგან განსხვავებით, ინგა ხორავასთვის საზღვარზე გადმოსვლა მთელ რიგ პრობლემას წარმოადგენს, ის საბერიოს მკვიდრია და ამბობს, რომ – "იქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია. თუ მავთულხლართები გაიყვანეს და გზა დაგვინაღმეს გარესამყაროსგან იზოლირებული ვიქნებით და მაშინ მოსახლეობის 100% –დან 90% იქაურობას დატოვებს. საზღვარი ჩემს სახლთან ახლოსაა, მაგრამ მე კილომეტრების გავლა მიწევს იმისთვის, რომ მოვახერხო ქალაქში წამოსვლა. შემოვლითი გზებით სიარულიც შეუძლებელი ხდება. ყველგან მიმოფანტულები არიან, არადა რომ გახედავ საგუშაგოს თავისუფალია და ამ დროს დიდია გადმოსვლის ცდუნება. ახლა ძლივს ვახერხებთ გადმოსვლას მერე კი ესეც შეუძლებელი იქნება. თან თუ დაგვიჭირეს გალის პოლიციაში წაგიყვანენ და 60 ლარს გადაგვახდევინებენ. ამდენის შესაძლებლობა არ გვაქვს."

ლორა ქობალია