მთავარი გვერდი

22 мар. 2011 г.

ქართულ-რუსული დოსიე


2008 წლის რუსულ-ქართულმა სამხედრო დაპირისპირებამ, მალევე გადაინაცვლა საერთაშორისო არენაზე და ის დიპლომატიურ ომში გადაიზარდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსულ აგრესიაზე სასაუბროდ, საუკეთესო პოლიტიკური არენაა.
5 დღიანი ომის დასრულებიდან ორ თვეში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პირველი რეზოლუციაც მიიღო რომლის მიხედვითაც მხარეები საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა და ომის მიზეზების დამოუკიდებელი საგამოძიებო ღონისძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვეტილებას მომდევნო რეზოლუცია მოჰყვა, რომელიც ქართულმა მხარემ გაცილებით დადებითად შეაფასა. 2009 წლის იანვარში, რუსეთის ფედერაციას აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შეცვლისკენ მოუწოდეს.
2009 წლის სექტემბერში, მიღებული იქნა კიდევ ერთი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც რუსეთს, წინა რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაევალა:
”დაუბრკოლებლად” შეუშვას ევროკავშირის დამკვირვებლები აფხაზეთის და სამხრეთოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში; უზრუნველყოს ეთნიკური ქართველებისთვისადმინისტრაციულ საზღვრებზე თავისუფალი გადაადგილება; აღიაროს სამხრეთ ოსეთსა დააფხაზეთში ყველა დევნილის დაბრუნების უფლება;
კახა გოგოლაშვილი, ექპერტი: ალბათ, უფრო მეტად, ჩვენ გვაწყობდა ამ არენის შენარჩუნება, როგორც ნებისმიერი სხვა ფორმატისა, საიდანაც შეგვიძლია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რუსეთი ვამხილოთ და ჩავაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში.
ამის შემდეგ, ქართული მხარე კიდევ უფრო შორს წავიდა და რუსეთის დელეგაციისთვის, ხმის შეჩერების საკითხიც დააყენა, თუმცა უშედეგოდ. ფაქტი, რუსულ მედიაში, მაშინ ,რუსული დიპლომატიის გამარჯვებად შეფასდა
რუსულ მედიაში ბატონი კოსაჩოვის გამოსვლა ასეთი შინაარსის იყო:
„ამ დებატის შედეგების პროგნოზირება შეუძლებელი იყო, არავინ იცოდა საკითხი როგორ გადაწყდებოდა. ჩვენდა სასიკეთოდ, ადამიანები მოვიდნენ და ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს, რომლითაც გამოხატეს ის საერთო განწყობა, რომელიც არსებობს საპარლამენტო ასამბლეაში. ყველა ბოლო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არარეალურ მონაცემს, თითქოს საქართველოს თავს დაესხა რუსეთი და ის მსხვერპლი იყო. მომავალი განხილვები კიდევ უფრო ადექვატური იქნება არსებული რეალობის.“
თემა, ქართულმა მედიამაც შეაფასა, მაყურებელს უთხრეს რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს კიდევ ერთი შანსი მისცა. ფაქტია, რომ არც რუსეთის ფედერაციისთვის და არც საქართველოსთვის სართაშორისო ავტორიტეტი, ვირტუალური კატეგორია არ არის. საერთაშორისო ურთიერთობებში პრესტიჟის იერარქიას, განსაკუთრებით უფრთხილდება ორივე სახელმწიფო. შესაბამისად, დიპლომატიური საბრძოლო მოქმედებებისას ძნელია იმის გარკვევა, ვინ სად და როდის წააგო.
საერთაშორისო არენაზე, აგვისტოს ომის მოვლენების შესახებ, მიმდინარე დებატების მნიშვნელობის შესახებ საუბარი ალბათ ზედმეტია, თუმცა ასეთ პირობებში, ხშირია, ერთი მოვლენის ორგვარი შეფასება. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ქართულ-რუსული დოსიეს განხილვის ფორმატის ცვლილება. სურათის უკეთესად დანახვისთვის, აღნიშნული დოსიეს განხილვის ფორმატის ცვლილებებამდე განვითარებული მოვლენები, ჩვენ ქრონოლოგიურად დავალაგეთ.
2008 წლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ, სულ სამი რეზოლუცია იქნა მიღებული. რუსეთი დაადანაშაულეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში და მოუწოდეს სეპარატისტული რეჟიმების აღიარების შეცვლისკენ. ფაქტები, შესაძლებელია, ქართული დიპლომატიის წარმეტებებად შეფასდეს, თუმცა ქართული მხარის მცდელობა, რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლება შეეჩერებინათ, უშედეგოდ დასრულდა. სწორედ ამის შემდეგ, ანუ 2009 წლის სექტემბრის ბოლოს, რუსული დიპლომატიური კორპუსი, მისთვის წარმატებულ მოქმედებებს განაგრძობს, რაც ქართული მხარის საპროტესტო განცხადებებსა და ქმედებებში აისახებოდა:
1. 2010 წლის 28 აპრილს, თბილისმა პასე-ს მომხსენებელი მიკერძოებული პოზიციის გამო გააკრიტიკა, ამ დროს ცნობილი გახდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელი, დევიდ ვილშაერი ბორის ჩოჩიევს, მოსკოვის საელჩოში შეხვდა.
2. 2010 წლის დეკემბერში, კი საპარლამენტო ასამბლეისა და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შორის, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე, დიკ მარტი მოსკოვში სტუმრობისას, რუსულმა მხარემ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახვედრა, რაც მან ქართველ კოლეგებს წინასწარ არ აცნობა.
3. უკვე 2011 წლის 18 იანვარს, საქართველომ აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განხილვაში მონაწილეობა აღარ მიიღო.
რუსეთის პოზიციები, აგვისტოს ომიდან 2 წლის შემდეგ, გაცილებით გამყარდა. ომიდან ორი წლის თავზე, არ იქნა შესრულებული ევროპის საბჭოს არცერთი რეზოლუცია, მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა რუსეთის დელეგაციისთვის ვერც ხმის უფლების შეჩერება. უფრო მეტიც, რუსულმა მხარემ მოახერხა მარიონეტული რეჟიმები, საკითხის განხილვის პროცესში ჩაერთო. თბილისისთვის უარყოფითი დიპლომატიური ველი 2011 წლის დასაწყისში უკვე ფაქტად იქცა.
ვითარება, საბოლოოდ მაშინ გამწვავდა, როდესაც მიმდინარე წლის 18 იანვარს, მედიაში ქართულ-რუსული დოსიეს განხილვის ფორმატის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ მიღებული სამი რეზოლუციით დაკისრებული ვალდებულებები, ძალაში რჩება, თუმცა ამ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ასამბლეის მხრიდან, ცალკე აღარ განხორციელდება. პრესასა და ტელევიზიებში ორივე, რუსულიც და ქართული მხარეც საკუთარი დიპლომატიის გამარჯვებაზე ალაპარაკდა.
"ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროსაბჭომ გაიზიარა ქართული მხარის მოსაზრება დაარგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ საჭირო არაა ამ კონფლიქტის შედეგების განხილვისთვისდამატებითი ფორმატი არსებობდეს. რუსეთის მცდელობა იყო, საკითხის განსახილველადდამატებითი ფანჯარა შექმნილიყო, თუმცა ეს არ გამოუვიდა,"- განაცხადა საქართველოს სსმინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ, დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
„სულ უფრო მეტი ჩემი კოლეგა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იხრება მოსაზრებისკენ, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის განხილვა, აღნიშნული რესპუბლიკების მონაწილეობის გარეშე ვერ მოხერხდება... გაჩნდა დაღლილობის შეგრძება.ალბათ ,პირველი შემთხვევა იყო კონფლიქტის შემდეგ, როდესაც მე, რაღაც ოპტიმიზმი ვიგრძენი“ - რუსული მხარე.
ერთი მოვლენის ორგვარი შეფასების პირობებში ფაქტის სიღრმისეული ანალიზი ურიგო არ იქნება. თანაც მაშინ, როცა პასეს თურქი პრეზიდენტის მევლუთ ჩავუშოღლის განცხადების შინაარსი, გაცილებით წააგავს რუსული მხარის განწყობას საპარლამენტო ასამბლეაში, „დაღლილობის შეგრძნების“ გაჩენასთან დაკავშირებით:
„ჩვენ აღარ უნდა ვიდაოთ წარსულზე, ჩვენ ახლა მომავალზე უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა“ - მევლუთ ჩავუშოღლუ, პასეს პრეზიდენტი. თუ პასეს პრეზიდენტის განცხადებიდან გამოვალთ, აღნიშნული ორგანიზიცია არ აპირებს წარსულზე კამათს და ის პრიორიტეტად ომის შედეგების მოგვარებას ასახელებს. შესაბამისად, ქართული მხარის მთავარი მიზანი, რუსული აგრესიის შესახებ, საერთაშორისო არენიდან ხმამაღლა ესაუბრა ნაკლებად პერსპექტიულია. ასამბლეის განწყობას, მომავალზე ფიქრის შესახებ, უშედეგო რეზოლუციების, შეუსრულებელი ვალდებულებების, საერთაშორისო ურთიერთობებში მარიონეტული რეჟიმების ჩართულობის მცდელობა ემატება, რასაც ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ქართული დიპლომატიის გამარჯვებად ნაკლებად აფასებს.

„რა თქმა უნდა, ეს არ იყო საქართველოს დიპლომატიუტრი გამარჯვება, თუმცა ძალიან დიდი მარცხი იყო-მეთქი ვერც მაგას ვიტყვი, ვინაიდან თავიდანვე მარცხისთვის იყო ეს კამპანია განწირული“ - კახა გოგოლაშვილი.
თუმცა, არც რუსული დიპლომატიის წარმატებად მიიჩნევს ვასილ ჭყოიძე ქართულ-რუსული დოსიეს განხილვის ფორმატის ცვლილებას. ფიქრობს, რომ ქართულმა მხარემ მაქსიმუმს მიაღწია და რომ რეზოლუციების კოლექციის შეგროვებას აზრი აღარ ჰქონდა.
ფაქტი, შესაძლებელია პოლიტიკურ ტაიმ–აუტად შეფასდეს, თუმცა რომელი მხარის სასარგებლოდ, ეს ალბათ უახლოეს მომავალში გამოჩნდება, რაც ინსტერესს მოკლებული ნამდვილად არ არის, ვინაიდან ქართული მხარის მთავარი მიზანი კვლავ უცვლელი რჩება. რადიო "თავისუფლებისთვის" მიმდინარე წლის თებერვალს მიცემულ ინტერვიუში, გრიგოლ ვაშაძემ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა:
გრიგოლ ვაშაძე, რადიო "თავისუფლების" ეთერში:
„რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, რა იდეაზეც არ უნდა ილაპარაკოს, რათემაც არ უნდა იყოს განხილული - მას მოუწევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი.“

თუ დოსიეს განხილვის ფორმატის ცვლილება ერთგვარი პოლიტიკური ტაიმ–აუტია, მაშინ პროცესი კვლავ უნდა გაგრძელდეს, შესვენებას კი ვინ, როგორ გამოიყენებს - ეს უკვე შესაძლებლობების სფეროა. კახა გოგოლაშვლი ფიქრობს, რომ რუსული დიპლომატია, საკუთარი მიზნის მიღწევას ,ჩვეული მეთოდებით ეცდება:
კახა გოგოლაშვილი: „ რუსეთის ფიქრობს, რომ ამ დროს გამოიყენებს ძალების გადაჯგუფებისათვის, სხვადასხვა ფაქტორებთან დასალაპარაკებლად, დიპლომატიური მანქანა ამუშავდება, ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასახვა ქვეყნებთან გაიშლება ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს საკითხი მთლიანად მოიხსნას დღის წესრიგიდან“.
ევროპის მნიშვნელოვანი მოთამაშეების დამოკიდებულება რუსეთთან, სავარაუდოდ, ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია: 1. რუსულ გაზზე დამოკიდებულება და 2. საერთო ეკონომიკური პროექტები. ბოლო რამდენიმე წლის ანალიზი აჩვენებს რომ აღნიშნული ფაქტორები მართლაც განსაზღვრავენ რუსეთთან ურთიერთობების ფორმას. შესაბამისად, ამ უკანასკნელის თავისებურებებსა და რუსული დიპლომატიის ძირითად აქცენტებზე ჩვენს მომავალში მოგიყვებით.

ვიდეო ვერსია – http://www.youtube.com/watch?v=HUcd1YPZRMg

რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი
www.girs.org.ge