მთავარი გვერდი

17 мар. 2011 г.

ანაკლელები ხელისუფლებისგან საკუთრების უფლების დაცვას მოითხოვენ


16 მარტს „რესპუბლიკური“ პარიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, პარტიის რეგიონალურ მდივან ირინა იმერლიშვილთან და რესპუბლიკელების ზუგდიდის ოფისის ლიდერ ნონა თოლორაიასთან ერთად ანკლიაში იმყოფებოდა. „რესპუბლიკელები“ ანაკლიაში საკუთრების უფლების დარღვევის საკითხზე ჩავიდნენ და იმ ადგილობრივებს შეხვდნენ, რომლებსაც მიწებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. „რესპუბლიკელებთან“ ერთად ანაკლიაში „ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ანაკლიელებმა უსუფაშვილთან საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტებზე და მიწის დაკანონების პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ ანაკლიის საკურორტო ზონად გამოცხადების შემდეგ, საჯარო რეესტრში შეწყვეტილია მიწის დაკანონების ან დაკანონებული მიწის შესახებ ამონაწერის გამოთხოვის პროცესი, ანაკლიის მიწებისს უმეტესობა კი ე.წ. „გაწითლებაში“ ანუ ზედდებაშია მოქცეული სახელმწიფო მიწებთან.

ანაკლიელ გენადი სორდიას მეუღლისთვის გადაუდებელი ოპერაციის გამო მიწის გაყიდვა სურს მაგრამ, მის საკუთრებაში არსებულ, რეესტრში გატარებულ მიწას მხოლოდ იმის გამო ვერ ყიდის, რომ სამოქალაქო რეესტრი საკუთრების ამონაწერს არ აძლევს: „მეუღლე ონკოლოგიურ საავადმყოფოში მყავს, სხვა შემოსავალი არაფერი მაქვს და მისი მკურნალობისთვის მიწის გაყიდვა მინდოდა, მივმართე რეესტრს ამონაწერისთვის, მაგრამ არ მაძლევენ. ეს მიწა შევარდნძის დროს მოგვცეს, ელექტრონული ვერსია კი ამ მთავრობის პერიოდში 2009 წელს გავაკეთე. მე მთავრობისგან არაფერს არ ვითხოვ გარდა ერთისა მომცეს უფლება, ჩემი საკუთრება, რომელიც კანონიერად მათ მიერ მაქვს გაფორმებული გავყიდო.“ გენადი სორდიას თქმით ანაკლიის მიწები 3 ზონად არის დაყოფილი: „პირველ ზონაში სადაც მშენებლობები მიმდინარეობს, მიწები ყველას ჩამოართვეს, ახლა მეორე ზონის ანუ ჩვენი ჯერი დადგა, მთელი ანაკლია „გაწითლებაშია“ მოქცეული. ის რაც ჩვენია სახელმწიფომ რატომ უნდა წაგვართვას? მშვენიერია, რომ ანაკლიაში მშენებლობები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ჩვენს ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ კომპენსაციას ან იმის უფლებას ვითხოვთ, ჩვენი მიწა ჩვენ თვითონ გავყიდოთ. რეესტრის უფროსს ვკითხე ამონაწერს რატომ არ მაძლევ, ხომ ჩემი საკუთრებაა–თქო, მიპასუხა არც იოცნებო ამონაწერზეო. არ გავჩერდებით მთელი ანაკლია დაიძრება და მოვითხოვთ ჩვენი საკუთრების დაცვას.“
ანაკლიელი ქეთევან ჭითაშვილი, მიწის სახელმწიფოსთვის გადაცემის წინააღმდეგი არ არის მაგრამ კომპენსაციის აუცილებლობაზე საუბრობს: „შევარდნაძის დროს გაცემული მიღება ჩაბარების აქტი და ნახაზი გვაქვს, რომ მიწა ჩვენი საკუთრებაა, მერე ელექტრონული ვერია მოგვთხოვეს ესეც გავკეთეთ, თუმცა ახლა რეესტრში გვეუბნებიან რომ ელექტრონულ ვერსიას ვერ გაგვიტარებენ, არც ამონაწერს გვაძლევენ. გაურკვევლობაში ვართ. ეს მიწა ჩვენია! თუ სახელმწიფოს ჭირდება კი ბატონო, მაგრამ კონპენსაციას მოვითხოვთ. შვაკვდებით და ჩვენს მიწებს ვერანაირად ვერ დავთმობთ, ერთადერთი სარჩო ეს გვაქვს.“
მსგავსი პრობლემა აქვს მარიანა ბერაიასაც მან ელექტრონული ვერსია გაამზადა მაგრამ რეესტრი მის განაცხადს არ ატარებს: „საბუთები წესრიგში გვქონდა, 1996 წელ მიღება–ჩაბარების აქტიც გადმოგვეცა, მაგრამ ახლა მოგვთხოვეს ელექრტონული ვერსია, ესეც გავაკეთეთ. ახლა გვეუბნებიან, ელექტრონულ ვერსიას ვერ შევიყვანთ პროცესი შეჩერებულიაო. პროცესის შეჩერება 1 ან 2 დღით გამიგია, მაგრამ ეს პრობლემა წელიწადზე მეტია რაც გვაქვს.“
რესპუბლიკელები ანაკლიის მიწების პრობლემას მერამდენედ ეხმაურებიან, დავით უსუფაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ: "აქ არის სრულიად აღმაშფოტებელი სიტუაცია, ეს ხალხი ითხოვს არა სხვისი საკუთრების მათთვის მიცემას, არამედ იმის დაკანონებას რაც მათი საკუთრებაა. ჩვენ მოვუსმინეთ ამ ხალხს, გავერკვიეთ მათ პრობლემებში და ვიწყებთ ბრძოლას ამ ხალხის კანონიერი უფლებების დასაცავად. ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს პოლიტიკურს. თუ ვინმეს ბიზნესის კეთება და ინვესტიციები უნდა კეთილი ინებოს და დააკმაყოფილოს ეს ადამიანები. ეს არის საკუთრების უფლების დარღვევის უხეში ფაქტი. როგორც ჩანს ვიღაცა ელოდება, რომ ეს ხალხი დაიღლება, შეშინდება და უარს იტყვის ამ მიწებზე, მაგრამ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე ზუგდიდშიც და თბილისშიც.“
„რესუბლიკელები“ ანაკლიის შემდეგ აგდილობრივებთან ერთად ზუგდიდის საჯარო რეესტრის განყოფილებას იმის გასარკვევად ესტუმრნენ თუ რატომ არ აკმაყოფილებდა რეესტრი ანაკლიელების მოთხოვნას, ამონაწერის მიღების და ელექტრონული ვერსიების გატარების შესახებ. დავით უსუფაშვილი სამოქალაქო რეესტრის ზუგდიდის განყოფილების უფროსმა კახაბერ ჯოლოხავამ თავისთან კაბინეტში მიიპატიჟა. იქიდან გამოსულმა უსუფაშვილმა კი მედიას განუცხადა: – „მათგან მოვისმინეთ პასუხი, რომელიც არ არის პასუხი... არანაირი არგუმენტი იმისა, რომ ანაკლიელებმა განაცხადებებზე პასუხი არ მიიღონ , რომ ეს მიწები მათია, რეესტრში არა აქვთ. ამ დოკუმენტების გაცემა კი აშკარად რეესრტის თანამშრომლებს არაფორმალურად აქვთ აკრძალული. შესაბამისად აქედან ჩვენ მივდივართ უკვე თბილისში, რეესტრის სათაო ოფისში, იუსტიციის სამინისტროში და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. გავარკვევთ ვისი არფორმალური მითითებით იზღუდება მოქალაქეების საკუთრების უფლება. რეესრტის უფროსი პასუხს ვერ გვცემს, ის ამბობს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება, ეს მალე კი წლებია გრძელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მის ძალებს აღემატება, მას აქვს აკრძალული კანონიერი ქმედების განხორციელება.“
ჩვენ კომენტარისთვის საჯარო რეესრტის ზუგდიდის განყოფილების უფროსს კახაბერ ჯოლოხავას მივმართეთ, ჯოლოხავამ კომენტარის შეთანხმება თბილისში პრეს–სამსახურთან გვთხოვა, თუმცა პრეს–სამსახურმა ანაკლიის მიწებთან დაკავშირებით ჯოლოხავსას ჩაწერის უფლება არ მოგვცა.

პაატა ლაგვილავა
http://tavisupalisitkva.blogspot.com/2010/07/blog-post.html იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება“ „ახალი ანაკლია“ – ხალხისთვის წართმეულ მიწაზე